„საქართველოში ჩაშლილი ტენდერებისა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს“, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის მიმოხილვაში საქართველოს მოუგვარებელ პრობლემას. რაც დრო გადის მისი დაძლევა სულ უფრო ძნელდება.
ფონდის მიმოხილვაში მითითებულია, რომ ტენდერების რაოდენობა, რომლებიც კონტრაქტზე ხელმოწერით არ დასრულებულა, 2013-16 წლებში 29-39%-ს შეადგენდა. „ეს ციფრი საკმაოდ მაღალია, მიზეზი კი - გაურკვეველი“, - აღნიშნავენ სსფ-ში.
2013-დან 2017 წლამდე პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების (გამარტივებული შესყიდვები) რაოდენობა განახევრდა და 2017 წელს 24% შეადგინა, თუმცა ზოგიერთი სახის პროექტზე კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა.
ტენდერების მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია. ამას მოწმობს ის, რომ რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აქამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნახევარი აითვისა და ტენდერების ჩატარებას და შემდეგ გამარჯვებული კომპანიის საქმიანობის მკაცრ მონიტორინგს ვერაფრით მოაბა თავი. განსაკუთრებით პრობლემებია გზების მშენებლობის მხრივ.
საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მშენებლობის ტემპის შენელება სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება.
„მართლაც არის დაუსრულებელი პროექტები, რადგან ზოგ შემთხვევაში მოხდა ვადის გადაწევა. ამ მხრივ პრობლემური აღმოჩნდა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი. პირველ მონაკვეთზე უკრაინულ კომპანია „ალტკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია კონტრაქტორების შეუსაბამო მოქმედებისა და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო.
სწორედ იმისთვის, რომ ეს რისკი საბოლოოდ აღმოიფხვრას, მოხდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბებას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება მსგავსი ტიპის საქმეებზე დროული რეაგირება და ღონისძიებების დარეკომენდაციების შემუშავება. ეს უზრუნველყოფს უკვე არსებული პრობლემებისა და ნებისმიერი მსგავსი ფაქტებისგან თავის არიდებას. კონტროლი ამ მიმართულებით იქნება უმკაცრესი“, - აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი კი აღნიშნავს, რომ ტენდერების მხრივ მთელ ქვეყანაში დიდი პრობლემებია. ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას, არის ჯარიმების მოცულობის გაზრდა არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ დათქმულ ვადაში ნაკისრ ვალდებულებას.
„ცხადია, ძალიან არასასურველი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში ტენდერების ჩატარების კუთხით. აფბა იკვლევდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც უამრავი დარღვევა გამოვლინა, მათ შორის, იყო ტენდერის მოგება არაადეკვატურად დაბალ ფასად კომპანიის მხრიდან, რამაც საბოლოოდ პროდუქტის უხარისხობა გამოიწვია. ხშირად კონკრეტულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებული ბიზნესმენები იგებენ ტენდერებს.
აუცილებელია, გაიზარდოს სანქციები არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ დათქმულ ვადაში სამუშაოებს. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რათა მხოლოდ გამარჯვება არ იყოს თვითმიზანი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გარეშე“, - განაცხადა გულბანმა.