28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ქართული საზოგადოების ნაწილი დააფიქრა, რა მოხდა ამ ექვს წელიწადში ქვეყანაში ისეთი, რამაც ამომრჩეველს „ნაციონალების“ 9-წლიანი პერიოდი დაავიწყა?! ის, რომ ჩვენი საზოგადოება გულმავიწყია და შეცდომებსა და დანაშაულს მალე პატიობს მმართველ გუნდს, ეს არავისთვის ახალი არ არის, მაგრამ სააკაშვილის პერიოდში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ ედუარდ შევარდნაძისა და „მოქალაქეთა კავშირის“ ნოსტალგიის სურვილი გასჩენოდათ ადამიანებს. ამას ხელს უწყობდა არა მარტო „ნაციონალური“ პროპაგანდა, რომელიც გამუდმებით შევარდნაძისდროინდელ დამყაყებულ და კორუმპირებულ პერიოდს შეგვახსენებდა, არამედ „ნაციონალური“ ავტორიტარული მართვის სტილიც, რომელიც „მოქალაქეთა კავშირის“ მობრუნების უბრალო გაფიქრებასაც კი ძირშივე აღკვეთდა.
წინამორბედთა შეფასებისას არც „ქართული ოცნება“ იქცეოდა განსხვავებულად. ჩვენი საზოგადოების ნაწილი დაიღალა იმის მუდმივი შეხსენებით, რომ „ნაციონალების“ მმართველობა ხალხს ატერორებდა. უფრო მეტიც, ბევრი თვლიდა, რომ „ოცნებას“ არაფერი ჰქონდა ხალხისთვის სათ ქმელი და „ნაციონალებისდროინდელ“ 9-წლიან პერიოდსაც ამიტომაც ჩაბღაუჭებოდა.
მუშაობს თუ არა ჩვენს საზოგადოებაში „ნაციონალების“ შიში და და რამდენად ჭრის დღევანდელ ამომრჩეველზე „მიშა მოდის“ ძახილი?!
ანალიტიკოსი მარინე მუსხელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს საზოგადოებაზე „ნაციონალების“ შიში მაინც მოქმედებს, რადგან პოლიტიკის თვალსაზრისით, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის კუთხით არანაირი სხვა მოტივაცია ადამიანებს არ აქვთ. მიმზიდველი და განსხვავებული ადამიანებმა ჯერ ვერ დაინახეს. ამიტომ მეორე ტურში ნახევარი მილიონი ადამიანი, რასაკვირველია, მთლიანად არ დარჩება სახლში, მათი დიდი ნაწილი მივა არჩევნებზე იმისთვის, რომ არ დაუშვან ახალი დესტაბილიზაცია და წარსულის რეჟიმის დაბრუნება.
„მიჭირს პროგნოზის გაკეთება, რადგან კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს ადამიანები ხმას მისცემენ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიმცემი ვინც იყო, ყველა იყო მისული პირველ ტურში და მათ ეს რეზერვი არ აქვთ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ეს რეზერვი კიდევ აქვს და ეს რეზერვი ამუშავდება. მართალია, „ქართული ოცნების“ წევრები რასაც ლაპარაკობენ, ესეც ჩვეულებრივი პროპაგანდაა, რასაც დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ ობიექტურად უნდა გავიხედოთ და დავინახოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები რას ფიქრობენ. დღესვე რომ ჩაატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდად არ იქნება განსხვავებული იმისგან, რასაც ერთი თვის შემდეგ მივიღებთ არჩევნებზე. ადამიანებს რომ ჰკითხოთ, მიდიან თუ არა არჩევნებზე, ეს მონაცემები განსხვავებული იქნება პირველი ტურის მონაცემებისგან, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს სიურპრიზებისა და მოულოდნელობების არჩევნებია. მოკლედ, დემოკრატიაა, ვერაფერს ვიტყვით. მთავარია, რომ იმ ამომრჩეველმა, ვისაც არ უნდა დესტაბილიზაცია, მწვავე პოლარიზება და „ნაციონალების“ საფრთხის დაბრუნება, არ უნდა დაუჯეროს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ სახლში დარჩენას ურჩევენ“, - აცხადებს მარინე მუსხელიშვილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს „ნაცების“ შიში და „ნაცების“ ფაქტორი აღარ მუშაობს. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ „ნაცების“ ფაქტორი რომ მუშაობს, ეს 7 ნოემბერსაც გამოჩნდა, თანაც, საკმაოდ მკაფიოდ.
„ისეთი აქტიურები აღარ არიან „ნაცები“. სხვათა შორის, 7 ნოემბერს ისინი თავდაცვის პოზიციაში გადავიდნენ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე, პიარზე. ჩვენ კარგად უნდა დავინახოთ ის საფრთხე, რაც „ნაცმოძრაობას“ ახლავს. ეს საფრთხე უნდა გაცნობიერდეს. 7 ნოემბრის შემდეგ მდგომარეობა საიმედოდ შეიცვალა. თუ ასე გაგრძელდება ბოლომდე, მე მგონი, არჩევნების შედეგები მალე თვალსაჩინო გახდება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.