„ვინ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს ომი? ეს კითხვა საზოგადოებაში მძაფრი კამათისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა!“ - ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ანალიტიკურ სტატიაში „სააკაშვილმა სამშობლოს ღალატი ჩაიდინა?! მას 15-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება?!“ წერს.
„სააკაშვილმა საომარი ქმედებების დაწყება ცხინვალში იმთავითვე ღიად გამოაცხადა და მას ეს არც უარუყვია. ზოგიერთმა კი ეს საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების ბერკეტად აქცია, თუკი ვინმე სააკაშვილს ომის დაწყების ინიციატორად აფიქსირებს, რუსეთის აგენტის იარლიყს აკერავენ. ჰააგის სასმართლოში საკითხის განხილვისას, საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არავის გასჩენია! მაშინდელ პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხი აქვს - „მე როგორც პრეზიდენტი, საკონსტიტუციო უფლებების აღდგენას ვაწარმოებდი ცხინვალის რეგიონში“, - აცხადებს სააკაშვილი. ამ კონტექსტში ამის უფლება მას გააჩნდა, მაგრამ შედეგად, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ნაცვლად ტერიტორიები დავკარგეთ.
მთავარია, ჩვენ შედეგში გავერკვეთ და გამოვკვეთოთ ის დანაშაული, რის გამოც სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი თავის ქმედებას ასე ხსნის: „საქართველომ ცალმხრივად დაარღვია გაერო-ს მიერ აღიარებული სამშვიდობო ხელშეკრულება, ცეცხლი გაუხსნა ოფიციალურ სამშვიდობო მისიას, სამხედრო აგრესია განახორციელა ცხინვალზე, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია. თბილისის აგრესიის შესაჩერებლად, რუსეთმა შეიყვანა სამხრეთ ოსეთში შეიარღებაული ჯარები, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე აღიარა მათი სუვერენიტეტი და უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად“. ასე შეიარაღდა არგუმენტებით რუსეთი!
საქართველოს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, აღადგინოს თავისი იურისდიქცია მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას საფუძვლიანი გათვლა და მომზადება სჭირდებოდა, რომ არ დავმარცხებულიყავით და სასურველი შედეგი მიგვეღო! რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად მიისაკუთრა, თავისი ჯარი ჩააყენა, საქართველოზე სამხედრო აგრესიის და ზემოქმედების წყარო დააფუძნა, გაიძლიერა რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური ზეგავლენა, რითაც ხელს უშლის საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას. მოკლედ რომ ვთქვათ, სააკაშვილის ქმედების შედეგად, რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც კი სჭირდებოდა! ჩვენ კი სამარცხვინოდ დავმარცხდით რამდენიმედღიან ომში, ამას შეეწირა ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირები, ხოლო აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის საშუალებაც კი აღარ დაგვრჩა, რომ არაფერი ვთქვათ უახლოეს პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბუნდოვან პერსპექტივაზე.
სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილის ეს ქმედება სამხედრო ჭრილში გაუთვლელი იყო და PR-კამპანიას ჰგავდა, ფიქსირდება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რასაც საქართველოს მიერ მიღებული საზიანო შედეგები ადასტურებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი არ მოიძებნება, მაგრამ არის მუხლები სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილს. მან უამრავ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი!
– რამდენად იყო გათვლილი ყველა შესაძლო რისკი, ცხინვალში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანასთან დაკავშირებით? რატომ არ იყო დაცული და მომზადებული ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ქართველები, ასევე ოსები? რატომ არ დაიგეგმა და არ იმუშავეს ცხინვალის მოსახლეობის იდეოლოგიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ადგილობრივი ელიტის გადმოსაბირებლად და რატომ აღიქვა ცხინვალის მოსახლეობამ ქართული ჯარის გამოჩენა აგრესიად? რა მზადყოფნა გააჩნდა შეიარაღებულ ძალებს ტერიტორიის გასაკონტროლებლად და რუსთის აგრესიის მოსაგერიებლად? რა ზომები იქნა მიღებული რუსეთის აგრესიის არდაშვებისთვის, რატომ არ ააფეთქეს როკის გვირაბი და არ შეუშალეს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლას? რამდენად იყო შეთანხმებული ცხინვალში შესვლა, სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევა, სამშვიდობო კონტინგენტის გაყრა და „საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა“ უცხოელ და საერთაშორისო პარტნიორებთან? რატომ ვერ მიიღო საგრძნობი საერთაშორისო და სამხედრო მხარდაჭერა აშშ-საგან და სხვა წამყვანი ქვეყნებისგან? რა მოლაპარაკებები ჰქონდა სააკაშვილს რუსებთან და რისთვის ხვდებოდა მისი ბიძა თემურ ალასანია რუს გენერლებს? რატომ მოხდა რამდენიმე დღეში საქართველოს ჯარის დემორალიზება, ცხინვალიდან გაქცევა, შეიარაღების მიტოვება და გაუმართლებელი მსხვერპლი? რატომ არ იყო დაცული გორი, თბილისი, ფოთი, კოდორი და სხვა ადგილები შესაძლო აგრესიისგან და დაბომბვისგან? იყო თუ არა რაიმე შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან იმ საფუძვლის მოსამზადებლად, რომ შემოეყვანათ შეიარაღებული ძალები, მიესაკუთრებინა აფხაზეთი და ოსეთი და გაეძლიერებინა თავისი გეოპოლიტიკური გავლენა?
უკვე ამ კითხვების არსებობა მთლიანად თანხვედრაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლთან:
მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (28.04.2006. N2937) 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
სააკაშვილის ამბიციური ქმედების შედეგად, რუსეთმა თავისი აგრესია მთელ საქართველოზე განახორციელა. დაბომბა გორი, თბილისის მიდამოები, დაიკავა ფოთის პორტი, უღელტეხილები სამეგრელოში და უბრძოლველად მიიღო კოდორი. იმაზე, რომ სააკაშვილმა კოდორი გადააბარა რუსებს, მას ცალკე პასუხიმგებლობა ეკისრება. აქაც ისმის კითხვები:
რატომ გააუქმა სააკაშვილმა ერთადერთი ოფიციალური, აფხაზების და რუსების მიერ აღიარებული თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა „მონადირე“, რომელიც იცავდა კოდორს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოსკოვის 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან? რატომ ცდილობდა კოდორში აფხაზეთის მთავრობის განლაგებას, რისთვისაც გამოყოფილი იყო მსხვილი სახელმწიფო დაფინანსება და ამ მთავრობას კოდორში ერთი დღეც არ უმუშავია? რატომ დაარღვია 1994 წლის ხელშეკრულება და კოდორში შეიყვანა მძიმე ტექნიკა და სამხედრო შენაერთები? 2008 წელის აგვისტოში, საერთოდ, უბრძოლველად რატომ დატოვა კოდორი ქართულმა ჯარმა, ტექნიკა და შეიარაღება ხელუხლებლად დაუტოვეს რუსებს? თუკი ტექნიკა ვერ გამოჰყავდათ, რატომ არ დააზიანეს და მრავალმილიონიანი სამხედრო შეიარაღება და რესურსები რუსებს რატომ გადასცეს? რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილს რუსებთან სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე და ტერიტორიის დათმობაზე? რატომ დაარღვია 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება და იურიდიული საფუძველი შეუქმნა რუსებს კოდორის ხეობის დასაკავებლად?
ამ კითხვებში არსებული დანაშაული ასევე თანხვედრაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის როგორც 308-ე, ასევე 312-ე მუხლებთან, რადგან გარდა ტერიტორიების დაკარგვისა, სააკაშვილმა რუსებს უნიკალური სამხედრო შეიარაღება გადასცა. რუსეთის მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში დამცინავად აჩვენებდა სააკაშვილის დანატოვარ უახლეს შეიარაღებას.
მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (28.04.2006. N2937) 1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
როცა ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება საკითხი, შეფასება მიეცეს ამ ომის ინიციატორს. რამდენად იყო ყველაფერი გათვლილი, რა ზიანი მიიღო საქართველომ და იყო თუ არა ყოველივე სააკაშვილის აგრესიული ომის შედეგი! ამ საკითხზე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 404 მუხლი აწესებს:
მუხლი 404. აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება 1. აგრესიული ომის დაგეგმვა ან მომზადება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 2. აგრესიული ომის გაჩაღება ან წარმოება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. (28.04.2006. N2937)
მნიშვნელოვანია, გაირკვეს, სააკაშვილი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ ვისი დავალებით მოქმედებდა? მიუხედავად იმასა, რომ მას გაფრთხილება ჰქონდა მიცემული აშშ-ის პრეზიდენტ ბუშისგან, რომ სამხედრო მოქმედება არ დაეწყო და რუსეთის ქმედებისთვის მწვანე არ აენთო, მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. შედეგებიდან გამომდინარე, აქ რეალურად იკვეთება სამშობლოს ღალატი და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ჩადენილი დანაშაული. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება. ასევე ნურავინ დაიჯერებს იმას, რომ მიშამ შეაჩერა რუსების აგრესია! სააკაშვილმა თავისი ქმედებით, რუსეთს მისცა საშუალება, სამხედრო აგრესია განეხორციელებინა მთელ საქართველოზე, ყველა ჩვენგანი საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც იმ დროს ევროკავშირის თავჯდომარე იყო და აიძულა, რუსეთი უკან დაეხია.
ამ ეტაპზე ჩვენი საზრუნავია, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ახალი საფუძვლები ჩამოვაყალიბოთ, ხოლო საგამოძიებო პროცესის დაწყება სააკაშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოსაკვეთად, კარგი საწინდარი იქნება ამ პროცესის დასაწყებად.
ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სპეციალური კომისია შეისწავლის და გამოკვეთს აფხაზეთში და სამაჩაბლოში კონფლიქტის დაწყებასა თუ მოგვარებაში პრეზიდენტ გამსახურდიას, სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის, პრეზიდენტ შევარდნაძისა და პრეზიდენტ სააკაშვილის როლს! საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რომ არ დავუშვათ შემდგომში საბედისწერო შეცდომები.
ისტორიისთვის 20-50 წელი არცთუ ისე დიდი დროა და ბევრჯერ დაცემული საქართველო აღმდგარა, გაერთიანებულა და აღორძინებულა. ჩვენ პოლიტიკური დავა არ უნდა დავაყენოთ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ერთობლივი პოზიციით შევქმნათ პრეცედენტი პასუხისმგებლობისა იმაზე, რომ მეფე იქნება, დიქტატორი თუ სხვა მმართველი, პასუხს აგებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატისათვის!“ - წერს მამალაძე.