ლარის კურსის გაუფასურების მიზეზების ძიებაში პოლიტიკური და ეკონომიკური სპეკულაციები არ წყდება. ის, რომ 1 დოლარი 2.80 ლარი გახდა, გია ვოლსკისთვის გრიგოლ ვაშაძის ფაქტორით აიხსნება. მისი აზრით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ვაშაძის განცხადებებია, რაც ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის, რადგან ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს.
პრემიერი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას. უბრალოდ, გარკვეულ პოლიტიკოსთა მხრიდან გაკეთებულმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.
ბახტაძის განმარტებით, ხელისუფლებისთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი, პირველ რიგში - ინფლაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ორიენტირია და დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაცია. მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე მემკვიდრეობით ერგო. მართალია, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ლარიზაციაც გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ არც მოსახლეობისთვის და არც ბიზესისთვის ლარის კურსის ასეთი მერყეობა ხელსაყრელი არ არის, მაშინ საინტერესოა, რატომ არ არეგულირებს ამ პროცესს ეროვნული ბანკი ინტერვენციების მეშვეობით?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი დევალვაციას ახდენს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ საკუთარი ხალხის წინაშე ელემენტარული პასუხისმგებლობა და წესიერება მოითხოვს, გაცხადებულ იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად მოახდენს ლარის დევალვაციას და ეს პროცესი დაახლოებით ერთ ან ორი წელიწადს გაგრძელდება. ასეთ შემთხვევაში, უბრალო ადამიანები და ბიზნესმენები საკუთარ გეგმებს ააწყობენ ამ სქემაზე.
„ეროვნული ბანკის თაღლითობას სადამდე უნდა უყუროს ხელისუფლებამ, ბიზნესმა და საქართველოს მოქალაქეებმა უსუსურად? რას აკეთებს ეს ბანკი? ის, რომ 1.42-ით, 1.65-ით, თუ გნებავთ, 2.20-ით ძალიან დიდი მაჩვენებლით არის შეფასებული ქართული ვალუტა, ამის პოტენციალი ჩვენს ეკონომიკას არ აქვს. ხელოვნურად ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ეკონომიკის განვითარების კვალობაზე უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, ეროვნულ ბანკსაც, მაგრამ ეს არ გააკეთეს“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე და შეკითხვის საპასუხოდ, გამოასწორებს თუ არა სიტუაციას ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია, განმარტავს, რომ ამ წუთში ინტერვენცია არაფერს უშველის და არც შეიძლება ამის გაკეთება, რადგან მიზეზი სხვა რამეშია და ეს არ არის საბაზრო ეკონომიკის სტიქიის გავლენა.
დემურ გიორხელიძეს აინტერესებს, რომელ საბაზრო ეკონომიკაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში არც ერთი საბაზრო ინსტიტუტი არ მუშაობს? კონკურენცია არ არის და ბიზნესიც არ არის ერთიანი თამაშის წესებში. ამ საეჭვო თამაშებით კი მხოლოდ 2-3 ჯგუფი იღებს უზარმაზარ ფულს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან და ამას საქართველოს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება უწყობს ხელს.
„თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკის განვითარება, ლარი დევალვირებული უნდა იყოს, მაგრამ ამას უცებ ვერ გააკეთებ, ჯერ ეკონომიკამ უნდა დაიწყოს განვითარება. არ ვითარდება ეს ეკონომიკა და ის ტემპები, რომელსაც ხელისუფლება აცხადებს, მიზერულია. ვერაფერს მიაღწევ მაგ ტემპებით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ეროვნული ბანკი პროფესიულად ჩამოყალიბებულ დადებით ინფორმაციას არ იძლევა, რომ მოქალაქე პანიკაში არ ჩავარდეს, ბიზნესი პანიკაში არ იყოს, უცხოელი ინვესტორი არ ხედავდეს ამ სრულიად გაუგებარ, არაპროგნოზირებად გარემოს და არ გაჰქონდეს აქედან ფული. გაუგებარია, ასეთი სისულელე ილაპარაკოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ჩვენ ბაზრის საქმიანობაში არ ვერევითო და საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ბანკის ასეთ პრეზიდენტს კიდევ ადგილზე ამყოფებდეს“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლარის ინფლაციის მიზეზი, პირველ რიგში, თვითდინებაზე მიშვებული ეკონომიკური პოლიტიკაა. პრაქტიკულად, ვალუტის რეზერვის შემოდინების არანაირი წყარო არ არსებობს, ტურიზმი დასრულდა, შესაბამისად, დასრულდა უცხოური ვალუტის მიღებაც, საექსპორტო პოტენციალი კი ძალიან მცირეა, რადგან ამ ეტაპზე არ იწარმოება არაფერი და არ გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პაატა აროშიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ლარის კურსზე გავლენას ნაწილობრივ ახდენს აჟიტირებული მოლოდინი და ცალკეულ პოლიტიკოსთა უსაფუძვლო განცხადებები, თუნდაც ერთი მხრიდან სამოქალაქო ომისკენ მოწოდება, მეორე მხრიდან აქციების დაანონსება.
„ეს ყველაფერი მოქმედებს ლარზე. თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც ის ეკონომიკური მდგომარეობაა, როცა წარმოების პროცესი გაჩერებულია და ექსპორტი, პრაქტიკულად, ნულია. საიდან უნდა გამყარდეს ვალუტა, როდესაც წყარო არაფერია? ახლა საახალწლოდ დაიწყება ვაჭრობა, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ლარზე გაზრდილ მოთხოვნას დახვდება იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასები. იმპორტიორები ცდილობენ, შეიძინონ წინასაახალწლო ვაჭრობისთვის პროდუქცია და, როდესაც ისინი შემოიტანენ პროდუქციას 2.80-ის პირობებში, ეს ნიშნავს, რომ მათ იგივე ფასი უნდა დაადონ 20 დეკემბრის შემდგომ პერიოდშიც პროდუქციას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ლარი შეიძლება გაიაფებულიც იყოს და 2.60-ზეც ჩამოვიდეს“, - აცხადებს პატა აროშიძე.
მისივე განმარტებით, ლარზე ვერც დედოლარიზაციამ იმოქმედა და ვერც სესხებზე დამოკიდებულების შემცირებამ. შესაძლოა, ლარის და დოლარის მოცულობა იმდენად არც იყოს მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმპორტის მაღალი მოცულობა ქვეყანაში. როდესაც იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანა, სწორედ ამიტომ გვაფრთხობს ლარის გაუფასურებაც და იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდაც. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სანამ წინასაახალწლო ვაჭრობა არ დაიწყება და სანამ ლარზე მოთხოვნა არ გაჩნდება, მანამ შეიძლება ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს. მართალია, დღესდღეობით ეროვნული ბანკი აღარ ახორციელებს ინტერვენციებს, მაგრამ, როდესაც მეტი გზა არ არის, მაშინ ინტერვენციები გამართლებულია.
„იმის მაგივრად, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარზე მოთხოვნა გაზარდოს, პირიქით, ახლა უცხოურ ვალუტაზე ზრდიან მოთხოვნას და ამით კიდევ უფრო ასტიმულირებენ ლარის გაუფასურებას. ბიუჯეტში დარჩენილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიარდი ლარის ოდენობით თანხა, რომელიც არ არის გახარჯული. ანუ თვენახევარში 2 მილიარდი ლარი უნდა გაიხარჯოს. ცხადია, ესეც მოქმედებს ლარზე, ან ბიუჯეტია არასწორად დაგეგმილი თავიდანვე და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხები ბოლო კვარტალშია (ნოემბერ-დეკემბერი) თავმოყრილი, რაც არასწორია. ტენდერების უმეტესობა ჩავარდნილია და ამანაც გამოიწვია, რომ თანხები ვერ დაიხარჯა. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, როცა უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურად არაპროგნოზირებადია. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ეს ყველაფერი იწვევს ლარის კურსის დაცემას დოლართან მიმართებით“, - განმარტავს პაატა აროშიძე და მიიჩნევს, თუკი ეროვნული ბანკი ქმედით ზომებს არ გაატარებს და პროცესს თავის ნებაზე მიუშვებს, შეიძლება, 3 ნიშნულამდეც წავიდეს ლარი და 3-ზეც არ გაჩერდეს.
მისივე შეფასებით, ვერავის წარმოედგინა, რომ 2.80 გახდებოდა ლარი ოქტომბრის დასაწყისში, ან თუნდაც 28 ოქტომბერს, მაგრამ ასე მოხდა და, თუ ახლაც ლარს მიუშვებენ, 3-საც „გადაახტება“, ვინაიდან ლარმა ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზღვარი უკვე გადალახა.