„მათ გვარებს არ დავასახელებ“, - ხუხაშვილი „მესამე ძალის“ შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყებას ადასტურებს

„მათ გვარებს არ დავასახელებ“, - ხუხაშვილი „მესამე ძალის“ შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყებას ადასტურებს

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა დაანონსა, რომ ძალიან მალე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური გაერთიანება, მესამე პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება, ახალგაზრდა აქტიური სახეებით და ის ამ პროექტში ჩაერთვება.

„უკვე არსებულ პარტიებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. 100-ჯერ რომ ქმნის პარტიას და 100-ჯერვე წარუმატებელი იქნება, იმ პარტიაზე საუბარს აზრი აქვს საერთოდ?! აქ საუბარი სუფთა ფურცლიდან პოლიტიკაზე და არა არსებულ პოლიტიკურ ელიტებზე... ასეთი არაერთი ახალგაზრდაა. მათ უნდათ მიმართულების მიცემა, გამოცდილების გაზიარება და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოუვათ", - აცხადებს ხუხაშვილი.

ზუსტად როდის შეიძლება შეიქმნას ახალი გაერთიანება და კონკრეტულად ვინ იქნებიან ამ ახალი ძალის ახალგაზრდა ლიდერები, კონკრეტიკაზე საუბარს პოლიტოლოგი ჯერჯერობით არ აპირებს.

„კონკრეტიკაზე არ ვისაუბრებ. მე ისიც არ მითქვამს, რომ მე ვაპირებ რაღაც მესამე ძალის შექმნას. მე ვამბობ იმას, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა აუცილებელია, იმისათვის, რომ დამთავრდეს ეს ორ ხელში, ორპოლუსიანი, მანკიერი, შულერული თამაში, როდესაც ორი ძალა, რომელიც მთლიანად ნეგატივზეა ორიენტირებული პოლიტიკურ პროცესში, ერთმანეთით იკვებება და ერთმანეთს ასაზრდოებს.

„მესამე ძალის მოთხოვნილება არის და როცა გახდება ასეთი კონფიგურაციები, რაც აუცილებლად გაჩნდება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მე რითაც შემეძლება, აუცილებლად მივეხმარები ასეთი ალტერნატიული ცენტრების გაჩენას. ასეთი ცენტრი კი ძალიან მალე აუცილებლად გამოჩნდება", - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მესამე ძალის შექმნის მცდელობები სულ არის და საქართველოში 200 პარტიაა. თუმცა ერთია, არსებული პოლიტიკური ელიტა და მეორეა, ახალი ფურცლიდან დაწყებული პოლიტიკა.

გია ხუხაშვილი: „არსებული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია, შესაბამისად მოთხოვნილებაა პოლიტიკურ ბაზარზე არის სრულიად ახალი, არაკომპრომეტირებელი, არადისკრედიტირებული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა. ამ პროცესში რაღაც ფორმით ვაპირებ მონაწილეობას.

„არ ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ჩემი საქმიანობა არ არის, მაგრამ მაქსიმალურად მივეხმარები. დღეს ორ პარტიას შორის არის ხმების გადანაწილება, იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა კომპრომეტირებულია. ამიტომ წინა პლანზე წამოსასვლელები ახალგაზრდები არიან და ამ ახალგაზრდებს ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ. ჩემი თაობის მისია ზუსტად ესაა, რომ ახალგაზრდებს დავეხმაროთ, რომლებიც სუფთა ფურცლიდან იწყებენ პოლიტიკას.

„უკვე არსებულ პარტიებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. 100-ჯერ რომ ხსნის პარტიას და 100-ჯერვე წარუმატებელი იქნება, იმ პარტიაზე საუბარს აზრი აქვს საერთოდ?! აქ საუბარი სუფთა ფურცლიდან პოლიტიკაზე და არა არსებულ პოლიტიკურ ელიტებზე... ასეთი არაერთი ახალგაზრდაა. მათ უნდათ მიმართულების მიცემა, გამოცდილების გაზიარება და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოუვათ. მე მათ გვარებს არ დავასახელებ", - აცხადებს ხუხაშვილი.

ის ამბობს, რომ ამ იდეის შესახებ ამ ახლაგაზრდებთან საუბარი უკვე ჰქონდა კიდეც.

„საუბრები, რა თქმა უნდა მიმდინარეობს. მათ, როგორც პარტიული გაგებით პოლიტიკოსებს, არ ვიცნობთ... ასეთი ძალის ფორმირება ქვეყანას სჭირდება. ეს მოხდა ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, 2020 წლის არჩევნებისთვის ეს აუცილებელია," - დასძენს ხუხაშვილი.

ალტერნატიული, მესამე ძალის შექმნის მცდელობა საქართველოში მუდმივად არის, თუმცა მცდელობა წარუმატებელია. „ქართული ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" შემდეგ მესამე ძალის იდეით შექმნილი პარტიები დიდ წარმატებას ვერ აღწევენ.

მაგალითად, მესამე ძალის იდეით შეიქმნა დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა", რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 2%-ანი მხარდაჭერა მიიღო.

ასეთივე მცდელობა იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც ხმათა 3% მიიღო და რომელიც ახლა „ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში გაერთიანდა.

2012 წელს შეიქმნა ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც 2016 წელს შეძლო 5%-ანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში 6 მანდატის მოპოვება, თუმცა ალტერნატიულ ძალად ვერ იქცა.

2016 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა „ევროპული საქართველო", რომელიც ალტერნატიულ ძალად ასევე ვერ იქცა, თუმცა ჯერჯერობით მესამე ძალად მაინც ეს პარტია მიიჩნევა, რადგანაც ამ არჩევნებზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა 11%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

ამ ფლანგზე ყველაზე წარმატებული 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია, რომელმაც კახა კალაძესთან პოლიტიკურ ბრძოლაში შეძლო „ნაცმოძრაობის" კანდიდატზე მეტი ხმები მოეგროვებინა და 17%-ით მეორე ადგილზე გასულიყო.