"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერს, უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძიგურს მიმართავს.
"ზვიად ძიძიგურს.
ზვიად,
ოცნების ხელისუფლებაში ბევრი ახალბედა და პოლიტიკურ ბატალიებში გამოუცდელი კადრია. შენ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაჭირნახულმა, იქნებ განუმარტო ახალბედებს და გამოუცდელებს, რომ, მაგალითად:
1. 1991 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ „მრგვალ მაგიდასაც" კი ჰქონდა გაშლილი კარვები რუსთაველზე, პარლამენტის წინ.
2. 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის წინ სწორედ კარვების გაშლა გვქონდა დაგეგმილი, სწორედ ამიტომ დაარბია მიტინგი სააკაშვილმა და სწორედ ამიტომ მოუწია მას პრეზიდენტობიდან გადადგომა.
3. 2008 წლის დასაწყისში შენ და ბევრი სხვა სწორედ ამ ადგილზე გაშლილ კარვებში შიმშილობდით მრავალი დღის განმავლობაში, სანამ პარტიარქმა არ გთხოვათ შიმშილობის შეწყვეტა.
4. 2009 წლის გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში შენ, მე, სალომე ზურაბიშვილს, გრეჩიხას, გოგა ხაინდრავას, ეკა ბესელიას, ლაშა ნაცვლიშვილის და კიდევ ძალიან ბევრს არათუ კარავი და არათუ რუსთაველზე, არამედ 2 თვის განმავლობაში საკნების ქალაქი გვქონდა გაშენებული და ტრანსპორტის მოძრაობა გვქონდა პარალიზებულ მთელს ცენტრალურ თბილისში.
ზვიად, იქნებ განუმარტო ქართული პოლიტიკის ახალბედებს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისი პოლიტიკური დატვირთვით 2007 წლის 7 ნოემბრის დილით „რუსთაველის დასუფთავების" გადაწყვეტილებას უტოლდება... თუ არა და, მე განმიმარტე, რომ დღემდე მთელი ცხოვრება ცდებოდი და ახლა დაადექი ჭეშმარიტების გზას!
მარად შენი,
დათო უსუფაშვილი", - წერს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერიტორიის დატოვა მოთხოვეს, რადგან იქ საახალწლო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და ნაძვის ხე დაიდგას. თუმცა, აქციის მონაწილეებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს.
ამის გამო, არასამთვრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სარალიძეს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირებისას სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სარალიძემ კლინიკა დატოვა.
ამ დროისთვის არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამოდენიმე კარვის გაშლა მოახერხეს.