კომიდან მობრუნებალ ლარს სულის ამოთქმის საშუალებას ეროვნული ბანკი არ აძლევს

კომიდან მობრუნებალ ლარს სულის ამოთქმის საშუალებას ეროვნული ბანკი არ აძლევს

ლარმა 2 დღეა გამყარება დაიწყო, რასაც მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქმეში მყისიერად ჩაერთო ეროვნული ბანკი და ეროვნულ ვალუტას მაშინვე ლაგამი ამოსდო. ტოტალური დევალვაციის პირობებში რა ამოძრავებს გვენეტაძეს და მის უწყებს, როცა ბაზარს დოლარს აცლის, გაუგებარია. ერთადერთი მიზეზი სავალუტო ფონდის მითითებაა.

პარასკევს სავალუტო ბაზარზე სებ-ის მიერ 10 მილიონი დოლარის შესყიდვას მაშინვე გამოეხმაურა ოპოზიცია. დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით, ეროვნული ბანკი იძულებულია ასე მოიქცეს.

„დღეს ეროვნულმა ბანკმა საოცარი ნაბიჯი გადადგა: გაუფასურებული ლარის პირობებში აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ მიმოქცევაში 27 მილიონი ლარი გაუშავა, ესე იგი ლარის დასუსტებაზე იმუშავა. აბსურდია ხომ? კი, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი: უცხოური ვალუტის რეზერვებში კლებაა (საგარეო ვალების მომსახურების გამო), ხოლო სავალუტო ფონდთან არსებობს წლის ბოლომდე რეზერვების განსაზღვრულ ოდენობამდე შენარჩუნების შეთანხმება. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია ამ მძიმე დროს ამ ფორმით შეავსოს რეზერვები.

ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა. რეზერვები კი 5 წლის წინანდელ დონემდე იმიტომაა გაყინული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ახდენს მის გენერირებას. ამ წუთას ამის მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებში არსებული ჩამორჩენაცაა. დაიგვინა ინფრასტუქტურისათვის განკუთვნილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა დოლარმა, რომლის ნაწილი რეზერვებშიც აისახებოდა“, - აღნიშნავს გოცირიძე.

რეზერვების შევსების საკითხს ადასტურებენ უშუალოდ ეროვნულ ბანკშიც. სავალუტო ბაზარზე 10 მილიონი დოლარის შეძენაზე კობა გვენეტაძემ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამის მიზანი სწორედ სავალუტო რეზერვების შევსებაა.

„ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, რათა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ.

რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები. ამ ეტაპზე, ზრდა არის კარგი და პროგნოზებიც საკმაოდ კარგია. ინფლაციაც დაბალია. ზოგადად, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე გაცვლითი კურსი“, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე განხორციელებული ინტერვენცია და ბაზრიდან დოლარის ამოღება სრულიად გაუგებარია ეკონომისტებისათვის. მათი აზრით, სებ-ის ასეთი ნაბიჯი სრული აბსურდია. აკაკი ცომაია ამბობს, რომ უცნაურია ეროვნული ბანკის გადაწვეტილება, ლარის გაუფასურების პირობებში შეავსოს სავალუტო რეზერვები.

„ალბათ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ჰქონდა მითითება, რომ სავალუტო რეზერვი უნდა შეევსო, მაგრამ რატომ აკეთებს ამას ასე მყისიერად, თანაც იმ დროს, როცა მოცემულ მომენტში ამის აუცილებლობა არ არის? ეს სრულიად გაუგებარია. სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების პროცესში რეზერვების შევსებაზე მითითებას არ მისცემდა“, - აცხადებს ცომაია.