გრიგოლ ვაშაძის მიერ დაპირებულმა 400-ლარინმა პენსიამ დიდი აღშფოთება გამოიწვია არა მარტო პოლიტიკოსებში, არამედ ეკონომისტებსა და ექსპერტთა წრეებში. საარჩევნო ტყუილების მასშტაბმა არნახულ ზღვარს მიაღწია.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ დღევანდელი გადასახედიდანმ 400-ლარამდე პენსიის გასაზრდელად ორჯერ და მეტად უნდა გაზარდოს სახელმწიფომ რესურსები ამ მიმართულებით. მოცემულ მომენტში, დროის ამ მცირე მონაკვეთში ეს შეუძლებელია.
„რამდენიმე წელიწადში ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ჩვენ გვქონდეს წინმსწრები და გეგმარება პენსიონერთა პენსიის ზრდისა ეკონომიკის ზრდასთან შედარებით, მაშინ გარკვეულწილად შეიძლება გაიწეროს პროგრამა 2025 წელი იქნება თუ 2030 წლისთვის და როდის გავიდეთ იმ სტანდარტებზე, რომლითაც ღებულობენ პენსიას ევროპის ქვეყნების პენსიონერები. ხვალ-ზეგ გახდება 400 ლარი - ეს არის ტყუილი დაპირება.
ასეთი ნაბიჯი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. იმგვარი ინფლაცია დაიწყება ქვეყანაში, რომ ჩვენ იმის ნახევარსაც ვერ შევიძენთ, რასაც დღეს 200 ლარით ვყიდულობთ. სასწორის ორივე პინაზე უნდა იდოს - ერთ მხარეს სურვილები და მეორე მხარეს შესაძლებლბოები“, - აცხადებს არჩვაძე.
იგივეს ამბობს პროფესორი ვახტანგ ჭარაია. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ბიუჯეტის ჩამოშლას, ვალუტის გაუფასურებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულებელყოფას გამოიწვევს.
„თუ მოსახლეობას უნდა 400-ლარიანი პენსია, რომლის მსყიდველობითი უნარი იქნება რამდენიმე ათეულით ნაკლები, ვიდრე დღეს არსებულ 180 ლარს აქვს, კი ბატონო, თეორიულად შესაძლებელია გაზრდა. მაშინ დავბეჭდოთ ფული და ბარემ 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით გაუარესდება საქართველში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები. კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით, პური რომ 2 მილიონზე მეტი ღირდა. ამიტომ დაპირებები წინასაარჩევნოდ უნდა გაკეთდეს ჯანსაღ გათვლებზე.
თუ ავიღებთ შსს-ს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ერთად, ამ უწყებების წლიური ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია. პენისიის 400 ლარამდე გასაზრდელად კი 2 მილიარდია საჭირო. ამ სამი უწყების გაუქმებაც არ არის საკმარისი პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად.
ჯამში ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ხელფასი 1 წლის განმავლობაში არის 1,8 მილიარდი ლარი - 60 ათასი პედაგოგის, 30 ათასი ჯარისკაცის, რამდენიმე ათასი პოლიციელის. მოკლედ, მთლიანად ყველა საჯარო მოხელის სახლში გაშვებაც არ არის საკმარისი ამ დაპირების შესასრულებლად“, - აღნიშნა „ჯიბისისთან“ ჭარაიამ.
რა თქმა უნდა, აბსურდულ იედას ეწინააღმდეგებიან მთავრობაში. ფინანსთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა.
„სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება. თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, რომ ერთ წელში მოხდებაო. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ. თუ დავხურავთ უამრავ უწყებას, 1000-ლარიან პენსიასაც დავნიშნავთ, თუმცა სამი თვით. პენსიის 20 ლარით გაზრდა და საპენსიო რეფორმა ამ ეტაპზე არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს და არ დაზარალდეს ეკონომიკა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე კი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო დაპირებას - პენსიების 400 ლარამდე გაზრდას პენსიონრების შეურაცხყოფად მიიჩნევს. ცრუ დაპირებებით საარჩევნოდ ხმების მოპოვება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილია.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს არაერთხელ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, თუ როგორ აპირებენ 400 ლარამდე პენსიების ზრდას, ისინი ამ კითხვაზე პასუხს არ სცემენ. ბუნებრივია მათი რეაქცია, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ეს დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. თავი გავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ შედის პენსიების მატება, მათ ისიც კარგად იციან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს დღეს შეუძლებელია. ვაშაძის 400-ლარიანი პენსია 2012 წლის „ღიმილიან საქართველოს“ მაგონებს, როდესაც ჩვენი ხანდაზმულები მართლაც გაღიმებული დატოვეს.
მივმართავ გრიგოლ ვაშაძეს და მის პარტიას თუ გაერთიანებულ ოპოზიციას, თავი დაანებეთ პენსიონრების წინასაარჩევნოდ გამოყენებას. თქვენი 400-ლარიანი პენსიის დაპირება მხოლოდ მათი შეურაცხყოფაა. თქვენ ხანდაზმულებს ბრბოდ მიიჩნევთ, რომელთაც გსურთ, რომ ყველა ტყუილი დააჯეროთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.
გასაორმაგებელ პენსიას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში იმდენი ტყუილი, დეზინფორმაცია თუ ფეიკნიუსი ფიქსირდება, მსგავსი სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეინიშნება.
„უნდა გავცე პასუხი იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.