"ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებიც ვცდილობთ, ურთულეს საკონკურენციო გარემოში გადავარჩინოთ ქართული წარმოება"

სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქო" ყველაზე მსხვილი საწარმოა საქართველოში, სადაც დაახლოებით 1500 ადამიანია დასაქმებული და ამ გზით ქვეყანას უნარჩუნებენ უზარმაზარ ინჟინრულ და ტექნოლოგიურ პოტენციალს, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტში გადახდილ თანხაზე.

რატომ ვრცელდება "თბილისის თამბაქოს" წინააღმდეგ შავი პიარი, რატომ ადანაშაულებენ კომპანიას სახელმწიფოსთვის თანხის გადამალვაში, ამ კითხვებზე სს "თბილისის თამბაქოს" გენერალური დირექტორი ზვიად მუკბანიანი საუბრობს.

"რ": თქვენს კომპანიას ადანაშაულებენ, თითქოს კანონის გვერდის ავლით ბიუჯეტისგან მალავთ გადასახადებს. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 26 მილიონი დაუმალეთ ბიუჯეტს. კონკრეტულად, საუბარია უფილტრო სიგარეტის გამოშვებაზე, რომელიც სულ სხვა რეჟიმით იბეგრება, რასაც ერთგვარ ხრიკად მიიჩნევენ, რადგან სიგარეტს საჩუქრად მოჰყვება ფილტრი. საინტერესოა ისიც, რომ ოქუაშვილი-ჩუბინიძის სატელეფონო საუბარშიც ახსენებენ, თითქოს ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა 26-მილიონიანი ჯარიმა თქვენი კომპანიისთვის. გაქვთ რამე არგუმენტი, რაც ამ ბრალდებებს გააქარწლებდა?

ზვიად მუკბანიანი: სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქო", რომლის დირექტორიც მე ვარ და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ადგილობრივი წარმოება საქართველოში, აბსოლუტურად არანაირ კანონს არ არღვევს. საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქციას, მათ შორის თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის სრული დაცვით. არანაირ ხრიკს და არანაირ კანონდარღვევას არ მივმართავთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ და რეალიზაცია გავუკეთოთ თამბაქოს პროდუქციას.

რაც შეეხება პრესაში აგორებულ ჩემთვის გაურკვეველ და გაუგებარ კამპანიას, აბსოლუტურად მოკლებულია სიმართლეს. დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის. ჩვენ ჩვეულებრივად ვაწარმოებთ და რეალიზაციას ვუკეთებთ უფილტრო სიგარეტს, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არ იკრძალება და არ იზღუდება.

მომხმარებელს, ამ სიგარეტის გარდა, ცალკე შეუძლია შეიძინოს აქსექსუარები ამ კონკრეტული პროდუქციის მოხმარებისათვის, მაგალითად, ფილტრი, სანთებელა, მუნდშტუკი და სხვადასხვა სახის აქსექსუარი, რომლის რეალიზაცია არანაირი კანონდარღვევით არ ხდება. ასე რომ, მომხმარებელი თვითონ გადაწყვეტს, სანთებელით მოუკიდებს სიგარეტს, ასანთით, მუნდშტუკში ჩადებს, ფილტრს იხმარს მოსაწევად, თუ დამატებით შეფუთვაში გაახვევს ამ სიგარეტს. ჩვენ ამას მომხმარებელს ვერ ავუკრძალავთ. მტკნარი სიცრუეა, რომ ვიღაცა ვიღაცას რამეს ჩუქნის.

საქართველოში არსებული კანონმდებლობით, მათ შორის თამბაქოს შესახებ კანონში მკაცრად არის გაწერილი ნორმა, სადაც წერია, რომ საქართველოში თამბაქოს პროდუქცია უფასოდ, თვითღირებულებაზე იაფად, ან მასთან დაკავშირებული აქსექსუარები არ შეიძლება რეალიზებული იყოს უფასოდ, ან თვითღირებულებაზე იაფად. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი კომპანია სრულად იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და აბსოლუტურად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად სხვადასხვა მედიასაშუალებაში შეიქნა ამ კონკრეტული პროდუქტის ირგვლივ.

რაც შეეხება თვითონ პროდუქციას, ეს არის გათვლილი საქართველოს ნაკლებად შეძლებულ სოციალურ ფენაზე, რომელსაც არ აქვს საშუალება, იყიდოს ფილტრიანი სიგარეტი და გადაიხადოს 4 ლარი ან მეტი. ამიტომ ეს გათვლილია დუხჭირ მწეველ კატეგორიაზე, რომელსაც საშუალება ეძლევა, შედარებით იაფად შეიძინოს თამბაქოს ნაწარმი.

ამ პროდუქციის შეძენის გამო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში ნაწილობრივ უფილტრო სიგარეტის სეგმენტი წინააღმდეგობას უწევს კონტრაბანდის ისეთ მასშტაბებზე გასვლას, როგორიც მოსალოდნელია, თუ ხელმისაწვდომი თამბაქოს პროდუქცია არ იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. კონტრაბანდა კი, უბრალოდ, წალეკავს ამ ქვეყანას და შეუძლებელი იქნება მასთან ბრძოლა.

ისეთ განვითარებულ ქვეყნებიც კი, როგორიც არიან ევროპის სახელმწიფოები და მათ შორის ინგლისი, რომელიც საერთოდ კუნძულია, უჭირთ კონტრაბანდასთან ბრძოლა მაღალი აქციზური განაკვეთების პირობებში და საქართველოში, სადაც, სამწუხაროდ, არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიები, ვფიქრობ, იმ მასშტაბის კონტრაბანდასთან ბრძოლა, რომელიც გაჩნდება უფილტრო სიგარეტის სეგმენტის არარსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

"რ": მით უფრო, რომ თუ წარსულს გადავხედვათ, გვქონდა ამის მაგალითები.

ზ.მ: იმიტომ, რომ კონტრაბანდა ყველაზე დიდი უბედურებაა, შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები, რომელთანაც ჩვენც ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით, ებრძვიან კონტრაბანდას, მაგრამ მაინც საგრძნობლად გაიზარდა იგი აქციზური განაკვეთების გაზრდის პირობებში.

ჩვენი წარმოება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თამბაქოს წარმოებაა, რომელიც ასაქმებს ათასობით საქართველოს მოქალაქეს. მილიონობით ლარს ვიხდით ბიუჯეტში. მაგალითად, ამ წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ ლარზე მეტი გადავიხადეთ საქართველოს ბიუჯეტში. ასე რომ, არავინ არაფერს არ მალავს და არაფერ უკანონოს არ აკეთებს. პირიქით, ჩვენი საწარმო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში ამ დონის გადამხდელები, როგორიც ჩვენ ვართ.

რაც შეეხება რაღაცა გაურკვეველ საუბარს, რომელიც არ ვიცი, ვინ, სად და როგორ ლაპარაკობს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენს საწარმოს არათუ რამე დავალიანება არ გააჩნია საქართველოს ბიუჯეტის მიმართ, არამედ რამდენიმე ათასი ლარი წინმსწრებად გვაქვს გადახდილი ბიუჯეტში. შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რომ ჩვენზე რამე დავალიანება იყოს, არც წერილობით და არც სიტყვიერად არ მიგვიღია. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რაღაცა შემდგარი თუ არშემდგარი საუბრებიდან აგებული პოლიტიზებული კამპანია.

სიმართლე გითხრათ, მსგავს ფაქტი ჩვენი კომპანიის მოღვაწეობის მთლიან პერიოდში არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ ვართ ძალიან კეთილსინდისიერი გადამხდელები. ზოგიერთებისგან განსხვავებით, პირიქით, ვცდილობთ, დავასაქმოთ საქართველოს მოქალაქეები და ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ უზარმაზარი ინჟინრული და ტექნოლოგიური პოტენციალი, რომლებიც ჩვენი არარსებობის შემთხვევაში ქვეყნიდან წავიდოდნენ და იქნებოდა კვალიფიციური კადრების გადინება.

"რ": არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდა ტრანსნაციონალურ კომპანიებს - "ფილიპ მორისი", "ამერიქან თობაქო", "თობაქო იმპერიალი", ვინაიდან ისინი ცდილობდნენ ადგილობრივი წარმოების ბაზრიდან განდევნას და კონკურენციის მოსპობას. სახელდება კონკრეტული პიროვნებები, ვისი მეშვეობითაც ჰქონდათ მათ კონტაქტი ქუმსიშვილთან და საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. მთავრობის წარმომადგენელი იღებდა ქრთამს, ამაზე თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ზ.მ: სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ. პოლიტიკა და მსგავსი საკითხები ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებიც ვცდილობთ, ურთულეს საკონკურენციო გარემოში გადავარჩინოთ ქართული წარმოება, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის დასაქმება და ბიუჯეტში ფულის გადახდა. რაც შეეხება ტრანსნაციონალურ კომპანიებს, აბსოლუტურად გეთანხმებით, მსგავსი ტაქტიკა მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. 2014 წლის ბოლოდან, 2015 წლიდან თვითღირებულებაზე ბევრად უფრო იაფად ახდენდნენ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას, რითაც, სხვათა შორის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ერთ-ერთ მთავარ მუხლს უხეშად არღვევდნენ. მაგრამ ეს მათი ტაქტიკაა - "ინვესტორებს" ამოფარებული მანტიებით შემოდიან ქვეყანაში, ადგილობრივ წარმოებას ანადგურებენ იმისათვის, რომ ბაზარი მთლიანად დაიკავონ და შემდეგ, როდესაც აღარ იქნება კონკურენტი ადგილობრივი მეწარმე, თავისთავად ფასსაც გაზრდიან და ათმაგად ამოიღებენ იმ მოგებას, რასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ წაგებით გაეყიდათ. ეს ცნობილი ტაქტიკაა.

ჩვენ მათთან სასამართლო დავაშიც შევედით, ძალიან აქტიურად ვცდილობდით, შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში წარმოგვეჩინა ჩვენი აზრი, რომ ამ მულტინაციონალურ კომპანიებს, პრაქტიკულად, დანგრევის პირამდე მიჰყავდათ ადგილობრივი მეწარმეები. რაც შეეხება იმას, ვინ, სად და ვის ლობირებდა, ამაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ. მეც ბევრი რამე მესმის და თუ ვინმე კანონს არღვევდა, ალბათ ამით დაინტერესდებიან შესაბამისი სტრუქტურები.

"რ": რამდენი ადგილობრივი მწარმოებელი ხართ და, საერთოდ, ბაზარზე როგორი არის ადგილობრივი წარმოება?

ზ.მ: გარდა იმისა, რომ ქარხანაში ადამიანების გარკვეული რაოდენობაა დასაქმებული, მასთან არის დაკავშირებული პროდუქციის წარმოება, დისტრიბუცია და დაახლოებით 1500 ადამიანის დასაქმება უკავშირდება ჩვენი წარმოების არსებობას. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი და ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში. თუმცა არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც, აგრეთვე, უფილტრო სიგარეტებს აწარმოებენ. მათ შორის ყველაზე მსხვილი არის ჩვენი საწარმოო, რომელიც, ბევრი ადგილობრივი თუ არაადგილობრივი საწარმოსგან განსხვავებით, ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებას.