ეროვნული ბანკი ბომბზე ზის - ლარის გაჯანსაღების პერსპექტივა მოისპო

ეროვნული ბანკი ბომბზე ზის - ლარის გაჯანსაღების პერსპექტივა მოისპო

ეროვნულ ვალუტას განუკრნებელი სენი სჭირს, რაც ეროვნული ბანკმა და მთავრობამ შეჰყარა. მისი გაჯანსაღბის პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს. 2019 წლის ბიუჯეტის 2,70-იან ნიშნულზე დაგეგმვამ ყველა იმედი გადაწურა.

ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის სხვაგან ეძებს. დევალვაცია ხან მოლოდინს ბრალდება, ხან აჟიოტაჟს, ხანაც მეზობლებს.

„ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის ეძებს სხვაგან და არა საკუთარ თავსა და ბანკირებში. ვფიქრობ, თუ არ მოხდა ყველა იმ პროცესის საფუძვლიანი შესწავლა, რომელიც ქვეყანაში ბანკების მეშვეობით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ბანკებია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპანტებზე ვსაუბრობთ და ყველაზე დიდი ოკუპანტები ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არიან.

კვირიკაშვილის დროს ბანკირები იყვნენ ძალიან სასათბურე პირობებში, მათ აბსოლუტურად ყველაფერი მიიღეს და როგორც კი გაცხადდა, რომ მათ რაღაცით შეზღუდავდნენ, მათ შური იძიეს და არჩევნებზე აჩვენეს ეს. ხელისუფლებამ უნდა მოუხმოს გონებას და შესაბამისი პასუხი გასცეს ბანკირებს არჩევნების შემდეგ“, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

უმრავლესობაში კი, როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ფინანსურ კრიზისს ჯეროვნად ვერ აღიქვამენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უშფოთველად ამბობს, რომ ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს და მისი სტაბილიზაცია გრძელვადიანი პერსპექტივაა.

„ლარის გაუფასურების პროცესში ყოველი პუნქტით ცვლილების დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტებები ვერ გაკეთდება. ჩვენ ვიცით გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. ცხადია, აქ საუბარია, რომ გაიზარდოს წარმოების ხვედრითი წილი სწორედ იმ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

მთავარია, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. საზოგადოება ინფორმირებულია ყველა იმ ძირითადი პარამეტრის შესახებ, რომლითაც ლარის კურსი ფორმირდება.

თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, აქ ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს და მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - განუცხადა „აიპიენს“ კაკულიამ.

სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მალე ყველა ნახავს თუ რა ფორმით გეგმავს პარლამენტი და მთავრობა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაში მონაწილეობას.

„ჩვენ ვმუშაობთ, დეტალებზე აქ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შედეგებს ყველა იხილავს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასობაში ბიზნეს სექტორს ძალიან გაუჭირდა. დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ლარის გაუფასურება მათთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ არჩევნების მიერ შექმნილი გარემოა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარკვეული ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ შემოდგომაზე ლარი იწყებს გაუფასურებას, ეს ერთგვარ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენთვის. რაღაც დონეზე არსებული მარაგები ვისაც ჰქონდათ, მათ შეძლეს რომ ფასები დაეჭირათ. გააჩნია ლარი რა მაჩვენებელს მიაღწევს, თუ ის კრიზისულ ნიშნულს აცდება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს, ნებისმიერ იმპორტიორს, იმიტომ რომ ნედლეულის შეძენა მწარმოებლებს უწევთ უცხოურ ვალუტაში.

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობილვად გარკვეული ძალებით უნდა იმოქმედონ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტყოს ეს ბიზნესს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე მოსახლეობას. გაზრდილი ფასები საბოლოო ჯამში, როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე აისახება ნეგატიურად“, - განაცხადა ჭყონიამ.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით კი, თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება და მოულოდნელად მოხდება ინფლაცია. ეს პროცესი სტიქიურ სახეს მიიღებს. ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

„არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებს. მით უმეტეს, ეროვნულ ბანკს აქვს მკვეთრად გაცხადებული მიზანი, რომ მისი სამიზნე არის ინფლაცია და არა ლარის კურსი. ამიტომ, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში კი იგი არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე. განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა.

სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით შესაძლოა, კონკრეტულ პერიოდში ლარი გამყარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ბევრს არაფერს ცვლის. თუ ლარი უფასურდება, ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესყიდვა დოლარში ხდება, მაინც ძვირდება მიუხედავად იმისა, რომ ლარი თურქული ლირასთან რა პოზიციაზეა.

ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ცომაიამ.