საწვავის მსოფლიო ბაზარზე ვითარება იმდენად სწრაფად შეიცვალა, რომ საქართველოში მის გაიაფებას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. ჯერჯერობით არანაირი სასიკეთო ძვრა არ ჩანს. მენავთობეები გასამართლებლად ლარის გაუფასურებას იშველიებენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობა გაცილებით მცირეა იმ გაიაფებასთან შედარებით, რაც ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ საწვავის ფასი ხელოვნურად არის გაყინული. საერთაშორისო ბირჟებზე ფასი დაბლა მოდის, მაგრამ საქართველოში არავითარი ცვლილება არ იგრძნობა.
„გავაანალიზოთ თუ რა ხდება საწვავის ბაზრის ირგვლივ ბოლო პერიოდში. როგორც იცით, ბოლო 3 თვეა (ცოტა მეტი) საწვავის ბაზარზე ფასები პერმანენტურად იზრდება და ის ქვეყნის ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა (ერთი ლიტრი 2.72 ლარი). ცალკე საკითხია, ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა ეკონომიკურ ბაზრებზე და რამდენად ობიექტურად ისახებოდა ეს პროცესები საწვავის ბაზარზე.
შევეცდები, მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაკვეთი შევაჯამო. ჩვენს ბაზარზე საწვავზე ფასები, ბოლოს გასული თვის მეორე ნახევარში დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, მაშინ როდესაც სართაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია უკვე 2 კვირის დაწყებული იყო, თუმცა ამავე პერიოდში გაცვლითი კურსი 2 თეთრით გაუფასურდა, რამაც გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ფასების შემცირება გადაფარა.
ამის შემდეგ გლობალურ ბაზრებზე ფასების ვარდნა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა და დღეს ერთი ბარელის ღირებულება 64 დოლარამდეა შემცირებული, ანუ მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში ფასმა თითქმის 16%-ით დაიკლო. ამავე პერიოდში მხოლოდ 2.5%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, მაგრამ ეს ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე არ ასახულა. რაც მთავარია ბოლო ერთ კვირაზე მეტია ეროვნული ვალუტა 2.74-ის ნიშნულზეა დასტაბილურებული, ხოლო ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს.
რატომ არის „გაყინული“ ჩვენი ფასები ერთ ადგილზე, რამდენიმე თვიანი ფასების მატების შემდეგ, რატომ არ ამცირებენ კომპანიები ფასებს, როცა ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს? რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო საწვავს ხალხისგან განსხვავებით, ამაზე უფრო ვრცლად, სხვა დროს მოგახსენებთ აფბას-ს კვლევით ანგარიშში“, - აცხადებს ბაირახტარი.
ბაზარზე არსებულ არარეალურ მდგომარეობაზე ნაწილობრივ საუბრობს „სენტას“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე. მისი თქმით, ვითარება იმიტომ არის გაურკვეველი, რომ ზოგიერთი ნავთობკომპანია მაღალი მოგების მარჟით მუშაობს. სწორედ ამით ხნის ბიზნესმენი საწვავის ფასებს შორის იმ განსხვავებას, რაც მომხმარებელს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ხვდება.
იაკობიძე აცხადებს, რომ საწვავის ფასს მასზე მოქმედი ფაქტორების (ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი და ლარის გაცვლითი კურსი) გარდა სწორედ კომპანიების მოგების მაღალი მარჟა განაპირობებს.
„ხარჯები დაახლოებით თანაბარია, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე კომპანიას იაფი აქვს თვითღირებულება ან სხვა კომპანიას რამით განსხვავებული. არა, ეს არ არის ძალიან დიდი განსხვავება ხარჯების კუთხით. ზოგიერთი კომპანია მუშაობს მოგების მაღალ მარჟაზე და სხვა კომპანიები კმაყოფილდებიან უფრო დაბალი მარჟით.
ძალიან მიკვირს, რომ არ არის ადამიანი, რომელიც იტყვის რა ჯდება საწვავი, რა არის მისი თვითღირებულება, რომ დაითვალოს მარჟა“, - განუცხადა „ბიემს“ იაკობიძემ.