კონკურენციის სააგენტო იმდენად არაეფექტურად მუშაობს, რომ მინუმიმ მისი რეორგანიზაცია მოხდება. შეიძლება ხადურის უწყება მალე საერთოდაც გაუქმდეს. ყოველ შემთხვევაში მისი საქმიანობით უკმაყოფილონი არიან როგორც დეპუტატები, ასევე ბიზნესმენებიც.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ცვლილების საჭიროებას ხედავს. რომან კაკულიას მიაჩნია, რომ სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და, საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, მას ინსტიტუციური გაძლიერებაც სჭირდება.
ცვლილების მომხრეა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ბიზნესმენებიდანაც.
„კონკურენციის, სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს, რომ არსებული კანონპროექტით კონკურენციის სააგენტოს საბჭოდ გადაკეთება იგეგმება.
„აპირებენ, მთლიანად სისტემა შეცვალონ, კონკურენციის სააგენტოს მაგიერ საბჭო შექმნან, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქაღალდზეა და ბოლომდე არც არის გაწერილი. წესით, ახლო მომავალში უნდა შევიდეს კანონპროექტი პარლამენტში და როგორც ვიცი, სურვილი ნამდვილად არის, რომ სააგენტოს ნაცვლად შეიქმნას საბჭო, რომელშიც რამდენიმე ექსპერტიც შევა. ისინი იმუშავებენ საბჭოს სახელით და თავმჯდომარეზე არ იქნება მხოლოდ პასუხისმგებლობა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი შეიქმნება საბჭო და უფრო კომპეტენტური პირები იმუშავებენ, გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანს აღარ მოუწევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან და პარლამენტისაგან“, - ამბობს სოლომონ მენაბდიშვილი.
რას ფიქრობენ თავად ბიზნესმენები კონკურენციის სააგენტოზე და რამდენად ეფექტურია მისი მუშაობა. როგორიც ირკვევა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა სააგენტოს საქმიანობის საჭიროებას ვერ ხედავს, მეტიც ზოგიერთი ბიზნესი მისი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არც კი ფლობს.
როგორც „ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, ის ვერ აღიქვამს ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მნიშვნელობას.
„ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. სახელმწიფო უწყებები ნაკლებად უნდა ჩაერიონ ბაზრის საქმიანობაში. ამიტომ კონკურენციის სააგენტოს, როგორც ორგანიზაციის დიდ მნიშვნელობას ვერ ვხედავ.
ალბათ ბიზნესმა სააგენტოს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, როდესაც ბაზარზე დემპინგური ან მონოპოლიური მდგომარეობა არსებობს, თუმცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში კონკურენცია ჯანსაღია და სააგენტოსთვის არასდროს მიმიმართავს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ქოქოლაძემ.
კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტებისგან შეიტყო. ბიზნესმენს ნდობა არც სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის მიმართ აქვს.
„ქვეყანაში მონოპოლია იმიტომ არსებობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ გვაქვს. ხადურის უწყებიდან ხომ შეიძლება მოვიდეს რომელიმე პირი და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ჰკითხოს რეალურად რა აწუხებთ? ეს სამსახური არაეფექტურია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის. მათ ალბათ იციან, რომ მე ხშირად მწვავე განცხადებებით გამოვდივარ, თუმცა ჩემამდე არავინ მოსულა. ქართულ მედიცინას ამ სააგენტოს არსებობის არაფერი ეტყობა, რადგან ეს სფერო უკან-უკან მიდის,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.