საარჩევნო გაჭირვებამ მმართველ გუნდს და მისი ლიდერებს დევნილები და პენსიონერები გაახსენა. სწორედ მათ გულის მოგებას შეეცადა ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში, თუმცა კონკრეტული რამ მათთვის არც ამჯერად შეუთავაზებია.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საქართველოში მთავარ გამოწვევად სიდუხჭირე რჩება. როგორც ივანიშვილი ამბობს, პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები რადიკალურად უნდა გადაიხედოს.
„ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის.
ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს ივანიშვილი.
ჭარბი ნდობის მქონე ექსპრემიერმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ქვეყანაში საქმე მთლად ისე ვარდისფერ ფერებში არ არის როგორც მას უხატავენ. არჩევნების მეორე ტურმა და წაგების დიდმა საფრთხემ მმართველი გუნდის ლიდერი ძალიან შეაშფოთა.
ოპოზიცია ამჯერად კიდევ უფრო დარწმუნდა ხელისუფლების პრობლემებში. დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით, ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ საზოგადოების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მხარს აღარ უჭერს, ამიტომ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკს მიმართა - სოციალურ დაპირებას.
„აქცენტი გააკეთა სოციალურ დახმარებებზე, რადგან პენსიონერები და დევნილები ერთად არიან დაახლოებით 800 000. ზუსტად ამდენის გულის მოგება უნდა ოღონდ ისევ ამ ადამიანების ხარჯზე (გადასახადები, საშემოსავლოები და ა.შ.). ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ხრიკია, როგორიც კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შეჩერება. ეს უკანასკნელი რეალურად გაამდიდრებდა ერთ ადამიანს და როდესაც ივანიშვილი მის 500%-იან მოგებაზე საუბრობდა, თვალები ჰქონდა ანთებული. ახლა პროექტი გააჩერა ხალხის და ეკლესიის გულის მოგების მიზნით. ცოტა ხანში აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ოდნავ სახეშეცვლილი სახით“,- განმარტავს რომან გოცირიძე.
მართალია, 2019 წლის ბიუჯეტი პარლამენტის სესიაზე ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ საკომიტეტო მოწონებები და, შესაბამისად, დამტკიცება უკვე გავლილი აქვს. პარალელურად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ უკვე დააანონსა, რომ სოციალურად გაჭირვებულ მოზარდებსა და ოჯახებს, სადაც ასეთი ბავშვები ცხოვრობენ, პენსია ხუთჯერ მეტი გაუხდებათ და ყოველთვიურად 50 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ბიძინა ივანიშვილმა კი, მთლიანად პენსიონერებისა და დევნილების დახმარების ზრდაც დაანონსა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვა, მეორე ტურამდე განმარტოს, თუ როგორ აპირებს მმართველი გუნდი პენსიის ინდექსაციას. ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება „პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე“. თუმცა, ოპოზიციის გათვლებით, შემოთავაზებული ინიციატივა პენსიის ზრდას წლიურად მხოლოდ 10 ლარით ითვალისწინებს, რაც ვერ დააკომპენსირებს გაუფასურებული ლარის შედეგად გაზრდილ ფასებსა და გაუარესებულ სოციალურ ფონს.
„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, პენსიის 50 ლარით გაზრდა დღესვე იქნებოდა შესაძლებლი.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არჩევნები მეორე ტურამდე გაუმხილონ საზოგადოებას, რა პრინციპით, რა ფორმულით აპირებენ ისინი ასაკობრივი პენსიის ინდექსაციას. იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ვხედავთ, და განცხადებებს, რასაც ვისმენთ, გამოვა, რომ წლიურად 8-12 ლარით იქნება შესაძლებელი პენსიის ზრდა და ეს არ არის მისაღები ჩვენი პენსიონერებისთვის, იმიტომ რომ ისინი დღეს „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ლარის რყევის გამო, დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
ფასები გაიზარდა საკვებსა და მედიკამენტებზე ძალიან მნიშვნელოვნად და შესაბამისად, პენსიის ამგვარი ინდექსაცია, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აპირებს, ვერ იქნება სრულფასოვანი კომპენსაცია იმ გაჭირვებისა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ პენსიონერები ჩაყარა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.