საქართველოს ხელისუფლება მაჰმადიან სასულიერო პირებს ხელფასებს დაუნიშნავს?

საქართველოს ხელისუფლება მაჰმადიან სასულიერო პირებს ხელფასებს დაუნიშნავს?

[ეკა ბასილაია, რეზონანსი]

„საქართველოს ხელისუფლება ახალ სახელმწიფო პროგრამას ამზადებს, რის მიხედვითაც მუსლიმურ რელიგიური ლიდერების ყოველთვიური ხელფასით უზრუნველყოფა მოხდება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემა „სალამნიუსს“ თბილისის ჯუმა მეჩეთის გამგეობის წევრი ახუნდი ადილ ნაბიევი უცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დაარეგისტრირა ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედი მეჩეთი და რელიგიური ლიდერი. ასევე, უახლოეს ხანებში მარნეულსა და დმანისში ორი ახალი მეჩეთის მშენებლობაც იგეგმება. როგორც ნაბიევი აცხადებს, ამჟამად საქარველოში მეჩეთების რაოდენობა 70-ზე მეტია.

ნაბიევი იქვე კომენტარს ახლადშექმნილ სტრუქტურაზეც - „საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოზეც“ აკეთებს.

„ცოტა ხნი წინ თბილისის ჯუმა მეჩეთის მუფტი იასინ ალიევი დაჰაჯი ვაგიფი შეთანხმდნენ რელიგიური ადმინისტრაცია დაეფუძნებინათ. მმართველობამ დაიწყო პრობლემების მოგვარება, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ყველა მუსლიმანი აწყდება. ადრე ახუნდები (ყურანის მცოდნეები) ინიშნებოდნენ იმ კადრებიდან, რომლებიც რელიგიურ განათლებას ირანში, სირიასა და სხვა ისლამისტურ ქვეყნებში იღებდნენ. ახლა კი ახუნდებად იწოდება ყველა, მიუხედავად იმისა, სად მიიღეს რელიგიური განათლება. ჩვენ ჩვენს თავს აზერბაიჯანის ნაწილად მივიჩნევთ და ისლამს მთელი მისი ღირებულებით ვინახავთ“.

სახელმწიფოს მხრიდან ფულად დახმარებას კატეგორიულად გამორიცხავს „საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს“ შეიხი ვაგიპ აკაპილოვი.

„ეტყობა ისლამის სტრუქტურა არ იცით. სარწმუნოებას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი, მით უმეტეს დაფინასების კუთხით არ შეიძლებ ჰქონდეს. როგორ, რომელიმე რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა სახელმწიფოსაგან ხელფასი მიიღოს?! ეს წარმოუდგენელია. მეჩეთები მხოლოდ შემოწირულობებით შენდება. არც არანაირი ხელფასის დანიშვნა სახელმწიფოს მხრიდან არ ხორციელდება და არც იგეგმება. ეს ინფორმაცია პირველად მესმის. ნაბიევი ჩვენი სამმართველოს წევრი არ არის და არ ვიცნობ“, -ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას შეიხი ვაგიპ აკაპილოვი.

მისივე განმარტებით, საქართველოში მხოლოდ მათი - „საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოა“, რომელიც ივნისის თვეში დაფუძნდა და უახლოეს ხანებში რელიგიური ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად განაცხადსაც შეიტანს.

„მე ვარ საქართველოს მუსულმანთა სამმართველოს შეიხი და სხვა სამმართართველო საქართველრში არ არსებობს. კავკასიის მუსლიმანთა სამმართველო ბაქოშია და არა საქართველოში. მას შემდეგ, რაც რელიგიურ კონფესიებზე იურიდიული სტატუსის მინიჭების კანონი დამტკიცდა, ჩვენ ვემზადებით, რომ განაცხადი შევიტანოთ. ამჯერად დოკუმენტაციებს ვაგროვებთ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ თურმე ორი მეჩეთი შენდება - იმდენი საუბარი მიდის მეჩეთების მშენებლობაზე, ასობით შენდებაო - ამბობენ. ასე რომ, თუ ამჯერად მხოლოდ ორ მეჩეთის აგებაზეა ინფორმაცია, ეს არაფერია. თქვენ ზუსტი ფაქტები უნდა მითხრათ, ისე ზერელედ, მარნეულსა თუ ბოლნიში რა ადგილზე შენდება მეჩეთი, მე არ ვიცი,“ - აცხადებს შეიხი ვაგიპ აკაპილოვი.