მომღერალი სოფო ხალვაში ტელევიზიაში დაბრუნებას არ აპირებს. ჯერჯერობით არც სამართლებრივი კუთხით აპირებს ბრძოლის დაწყებას. მომღერალი ამბობს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიდან მისი განთავისუფლება უკავშირდება თბილისში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ყრილობაზე სცენაზე სიმღერის შესრულებას და მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პირადად ნათია კაპანაძემ მიიღო.
for.ge სოფო ხალვაშს ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობის მიზეზით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაგანთავისუფლათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ჩააყენეთ არხის ხელმძღვანელობა საქმის კურსში, რომ მონაწილეობას ღებულობდით პოლიტიკური პარტიის დაგეგმილ ღონისძიებაში?
სოფო ხალვაში: რა თქმა უნდა, ველაპარაკე არხის დირექტორს, ნათია კაპანაძეს. ჩვენი საუბარი შედგა ფეისბუქის საშუალებით. საპარლამენტო არჩევნების დროს ერთთვიან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ესეც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ნათიასთან.
მაშინ შეგექმნათ პრობლემა?
– არა. მითხრა – მოდი, პრობლემა რომ არ იყოს, შვებულება გავაკეთოთო. ამიტომ გავაკეთეთ ერთთვიანი შვებულება. ანუ, რასაც ახლა მედავებიან, რომ დარღვეულია კანონი და, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ შეუძლია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. ეს კანონი თვითონ დაარღვიეს საპარლამენტო არჩევნების დროს. შვებულებაში ხარ თუ არა, მაინც თანამშრომელი ხარ. ამიტომ, ახლაც ასეთი შემთხვევა მქონდა და ნათიას მივწერე.
მივწერე იმიტომ, რომ ვურეკავდი და არ მპასუხობდა, აქედან გამომდინარე მივწერე – საარჩევნო კამპანიაში ვიღებ მონაწილეობას საერთო სიმღერით, რომელიც უკვე ჩაწერილი მაქვს და გაყენებ საქმის კურსში-თქო, რაზეც მომწერა – სოფო, შეიძლება კანონი დაირღვეს და გაითვალისწინეო. ამის შემდეგ მივწერე, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს არ იყო კანონის დარღვევა-თქო.
ამაზე რა პასუხი ჰქონდა?
– პასუხი არ გაუცია. რადგან, ტელევიზიასთან მიკერძოება არ ჩაითვალოს, მოდით, ისევ შვებულება გავაფორმო–თქო, რაზეც მითხა, რომ „დილაში“ რაღაცები აირია, მეორე წამყვანი წავიდა სამსახურიდანო. ამაზეც ვუთხარი, რომ სამუშაო დღეს არ ემთხვევა ღონისძიება–თქო. აქედან გამომდინარე მე დავწერ ჩემს კუთვნილ შვებულებას–თქო, რაზეც პასუხი არ მიმიღია, მაგრამ მაინც გავაგზავნე შვებულების ფურცელი.
არც შვებულებაზე არ მიგიღიათ დასტური?
– არა და არც არავის დაურეკია. არხიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ კი ვგებულობ სოციალური ქსელიდან.
ამ ღონისძიებიდან მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია თქვენი განთავისუფლების შესახებ, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ არ ხართ განთავისუფლებული, ანუ ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. არხმა ბევრჯერ შეცვალა პოზიცია, თითქოს დაბნეულები არიან...
– გეთანხმებით, ბევრჯერ შეცვალეს პოზიცია. ეს ვითარება თვითონ გამოიტანეს სააშკარაოზე. ბორდის უფროსმა გია ქარსივაძემ ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შაბათ–კვირას სოფო იმუშავებს, ჩვენი თანამშრომელიაო. ამის შემდეგ ითქვა, რომ არა, მოხსნილია გადაცემიდანო. ამის მერე დამირეკა ქარსივაძემ და მელაპარაკა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი არ უთქვია. ორი დღის წინ მივიღე წერილი ტელევიზიიდან.
რა წერია წერილში?
– ჩემგან ითხოვენ ახსნა–განმარტებით პასუხს.
ახსნა–განმარტებით პასუხსს იმაზე რატომ მიიღეთ მონაწილეობა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში?
– დიახ. პასუხს ითხოვენ იმაზე, რაც იცოდნენ. ახსნა–განმარტებით პასუხს არ ვაპირებ, მაგრამ წერილს ხვალ მივიტან ტელევიზიაში, იმიტომ, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ და თვითონ ახსნან, რატომ იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ იყო პრობლემა და ახლა რატომ დადგა ეს პრობლემა.
როგორ ფიქრობთ რა მოხდა ამ შემთხვევაში, ეს უკვაშირდება ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას, თუ არის სხვა პრობლემა, რომელიც ამ პროცესს დაემთხვა?
– ვფიქრობ, მიკერძოება ჩემი მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ მათი მხრიდან გამოჩნდა... რა თქმა უნდა, ჩემი განთავისუფლება უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის საარჩენო კამანიაში მონაწილეობის მიღებას. შედარება რომ გავაკეთოთ და საპარლამენტო არჩევნების ღონისძიებას რომ შევადაროთ, მაშინ ერთთვიანი საარჩევნო კამპანია მქონდა. ერთი თვე დავდიოდი რეგიონებში და ამაზე არავითარი რეაქცია არ ყოფილა.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ ერთთვიან საარჩევნო კამპანიაში მონაწილების მიღება კანონთან შესაბამისობაში იყო, მაშინ ახლა რა მოხდა, 1 წამით იდექით სცენაზე...
– ალბათ, ეს არის პირადად ნათიას გადაწყვეტილება. ამიტომ ნათიას მაგივრად მე რომ ვილაპარაკო, რთულია. მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მისი როლი ნათლად ჩანს.
ძალიან ბევრს საუბრობენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, უშუალოდ ნათია კაპანაძეზე, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოდის. დღემდე პრობლემურია არასამთავრობოების და ხელისუფლების ურთიერთობა. მაგალითად, ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული შეურაცმყოფელი განცხადებები არ გამხდარა მესამე სექტორის პროტესტის მიზეზი. როგორ ფიქრობთ, ამ დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი კაპანაძის გადაწყვეტილება?
– მე პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, გამომდინარე იქიდან, რომ არც ჩახედული ვარ და არც მინდა, მაგრამ თვითონ ნათიას გარშემო ძალიან ბევრი პრობლემა არის და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ტელევიზიას. ბევრს აქვს პრობლემა, ბევრი გაუშვა სამსახურიდან, ირგვლივ ძალიან ბევრია ნაწყენი. როცა ასეთი ფაქტი არსებობს და როდესაც პრობლემა ერთ ადამიანშია, ვიდრე სხვებში, ამით ყველაფერი ცხადია. თუმცა, სხვისი სახელით ვერ ვისაუბრებ.
ცხადია, რომ კაპანაძის გადაწყვეტილებიდან აშკარად იკითხება მისი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ თუ სცადეთ მასთან კომუნიკაცია, რომ გაგერკვიათ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– ღონისძიებამდე ვესაუბრე სოციალური ქსელით, ამის მერე არავითარი საუბარი არ გვქონია. ჩემს მიმართ თავის დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში წერდა. მან „შავი კატები“ უწოდა ბომონდს. კომენტარებში ჰქონდა, რომ სამსახურიდან არ არის განთავისუფებული, იმიტომ, რომ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა და იმას ვერ ხვდებაო, ჩემზეა საუბარი. მაგრამ იმას მაინც ვერ ხვდება, რომ ამდენი ამბის შემდეგ ტელევიზიასთან და მასთან ურთიერთობა მომინდება, ან ვიმუშავებ კი? ამას ვერ ხვდება, ვერ აანალიზებს? ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯერ საქმის წარმოება არ არის დასრულებული და რას იზამენ არ ვიცი. თუმცა, იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც გააკეთეს, შემიძლია ვთქვა, რომ მე იქ მიმსვლელი არ ვარ. თვითონ ბევრი რამე შეცვალეს, ხან ამბობდნენ, რომ გამანთავისუფლეს, ხან ამბობდნენ, რომ არაო.
ანუ, თუ მიიღეთ დასტური, რომ არ ხართ განთავისუფლებული, ამის მიუხედავად არ აპირებთ ტელევიზიაში დაბრუნებას?
– რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან ასე მუშაობა, როდესაც არაფრის გამო გამანთავისუფლეს. ხომ შეეძლოთ ჩემთვის ეთქვათ, რომ ასე ვაპირებთო, მითუმეტეს, რომ გაფრთხილებული მყავდა და მეც გავეფრთხილებინეთ, ხომ შეიძლებოდა ადამიანურად მომქცეოდნენ.
სამართლებრივ ბრძოლას აპირებთ არხის დირექტორის წინააღმდეგ?
– არა. მე საერთოდ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაცები, ყოველთვის ვერიდები ამას. ეს ვითარება მისი წამოწყებულია, თორემ მე არასოდეს არ ავტეხდი ასეთ ხმაურს. იძულებული ვარ პასუხი გავცე მის ნაბიჯებს, რადგან დამნაშავედ გამოვყავარ და ამიტომ ვცემ პასუხს. არ ვაპირებ სამართლებრივად დავას. ჩემი მხრიდან გამორიცხულია საჩივრების წერა. თუმცა, შევხედავ როგორ მოიქცევიან და იმის მიხედვით ვიმოქმედებ.
ტელევიზიაში მუშაობაშის პერიოდში შეგიმჩნევიათ ოპოზიციის, ან ხელისუფლების მიმართ სიმპათიები ნათია კაპანაძის მხრიდან?
– იცით რა, ეს ყველაფრი კარგად ჩანს ნათიას ფეისბუქის გვერდზე. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, შაბათ–კვირას მივდიოდი ტელევიზიაში. დილის გადაცემების თანამშრომლების გარდა, არავისთან არ მქონია ურთიერთობა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ დირექტორი საქმის კურსში ჩამეყენებინა, ეს იყო საზღვარგარეთ კონცერეტები და ა.შ. არასოდეს არ მქონია პრობლემა და არც საპარლამენტო არჩევნების დროს.