საქართველოში ხორცპროდუქტების გაძვირება დაიწყო და პირველი სიგნალი მეფრინველეობის ასოციაციამ გამოაგზავნა. მეწარმეები ადასტურებენ, რომ მათი ნაწარმი გაძვიდრება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვალუტის დევალვაციამ და ნედლეულის სიძვირემ დიდი პრობლემა შემქნა.
„საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ გუშინ კვერცხის მწარმოებლებმა სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქცია უკვე გაზრდილი ფასით მიაწოდეს. კვერცხზე ფაბრიკიდან გასაყიდმა ფასმა 1,5 თეთრით მოიმატა. მალე კი ქათმის ხორციც გაძვირდება, სავარაუდოდ, 4-5%-ის ფარგლებში.
„გუშინ უკვე ახალი ფასით გავუშვით კვერცხი ქსელში. პირველი კატეგორიის კვერცხის ფასი (ფაბრიკიდან დისტრიბუციაზე გასაცემი) ყუთზე 108 ლარს შეადგენდა და 114 ლარი გახდა. ყუთში 360 ცალი კვერცხია, ანუ კვერცხის ფასმა 1,6 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზი კი უპირველეს ყოვლისა ლარის კურსის ზრდაა, რადგან ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 80% იმპორტზე მოდის. ანუ, ფრინველის საკვები, თვითონ მეკვერცხული მიმართულების წიწილაც უცხოეთიდან შემოგვაქვს, ერთდღიანი წიწილი გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და თურქეთიდან შემოგვყავს.
რაც შეეხება საკვებს - ხორბალი, სიმინდი, თითქმის მთლიანად რუსეთის არის, მზესუმზირის შროტი უკრაინიდან შემოგვაქვს, სოიო -არგენტინიდან და ბრაზილიიდან, შესაფუთი მასალები კი თურქული, ან ირანულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ჩვენზე უკვე აისახა და კვერცხი დაახლოებით 4%-ით გაძვირდა. გარდაუვალია ქათმის ხორცის გაძვირებაც“, - განუცხადა „ბიემს“ უჩუმბეგაშვილმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, დღეისთვის ქართულ ბაზარზე 10 კვერცხის საშუალო ღირებულება 3 ლარსა და 22 თეთრს შეადგენს, ანუ ერთი კვერცხის ღირებულება 32.2 თეთრია. რაც შეეხება ქათმის ხორცს, ბაზარზე 1 კგ გაყინული ქათმის ხორცის ღირებულება 6 ლარსა და 56 თეთრს შეადგენს.
ლარის კურსის გაუფასურების გარდა, ხორცის გაძვირების სხვა მიზეზიც არსებობს - მარცვლეულის გაძვირება, რამაც მეფრინველეობის პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალი გახადა.
„შარშან კილოგრამი მარცვალი 47-48 თეთრი ღირდა, ყველაზე კარგი ხარისხის - 50 თეთრი, დღეს კი მისმა ფასმა 62-63 თეთრს მიაღწია, ანუ თვითონ საკვები ბაზაც გაგვიძვირდა. გარდა ამისა, მოლოდინებია ძალიან ცუდი, რადგან საუბარი იყო, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მარცვლეულის შემოტანა უნდა აკრძალულიყო. ეს გადაწყვეტილება კი შეჩერდა დროებით და მთავრობა იძახის, რომ ერთი წლით გადაავადა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად ითქვა და არსად მინახავს წერილობითი ბრძანება... შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, მთავრობამ გადაიფიქროს, კვლავ რჩება, რაც კიდევ უფრო გააძვირებს მარცვლეულს“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეფრინველეობა არ არის ერთადერთი დარგი, სადაც გაძვირება დაწყებულია. სამომხმარებლო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში მოიმატა საქონლის ხორცის ფასმა. ამ შემთხვევაში საკვების სიძვირე არაფერ შუაშია. საქმე ექსპორტს ეხება. საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის გაყვანა მეზობელ ქვენებში ისევ განახლდა. შესაბამისად, ბაზარზე დიდია მოთხვონაც და კონკურენციაც. ამიტომაც ფასი მაღლა დაიძრა. 1 კგ საქონლის ხორცი უკვე 1,5 ლარით გაძვირდა და ტენდენცია ჯერ კიდევ მზარდია. ზამთარში და გაზაფხულის პირზე, როდესაც პირუტყვის დაკვლას ყველა ერიდება, შეიძლება ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.