ზაზა სარალიძე დაკავებულია. პოლიციამ სარალიძე მაშინ დააკავა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს. სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
სარალიძეს წინააღმდეგ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4–დან 7 წლამდე.
შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიცია სარალიძის მდგომარეობას ითვალისწინებდა და თვალს ხუჭავდა, თუმცა თავდასხმის ფაქტზე იძულებული გახდა დაეკავებინა.
„ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა, თუმცა გვესმოდა ადამიანურად მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, უკვე დღეს, სამწუხაროდ, პოლიცია იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება – დაკავება გამოყენებულიყო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დაკავებული ჯერ შსს–ში გადაიყვანეს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა. დაკავებულის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სარალიძე მძიმე მდგომარეობაში იყო, მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც შაქრის ძალიან მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მე როდესაც მოვედი შსს–ში, უკვე მიმდინარეობდა შემოყვანის პროცედურები. თავად ზაზა სარალიძის თქმით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა მე არ დამასწრეს. სარალიძეს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი პასუხი გვექნება“, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.
სარალიძეს დაკავების მიუხედავად, პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფება დაკავებულის დედა, მარინა ბეგაძე, რომლის განცხადებით, ზაზა სარალიძის დაკავებით აქცია არ შეწყდება.
„ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები და მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს.
მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს“, – აღნიშნა მარინა ბეგაძემ.
ზაზა სარალიძეს დაკავებას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომლის შეფასებით, რუსთაველზე ადგილს უნახავს ნაციონალებს. მისი თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება არ იმსახურებს საპროტესტო აქციებს. ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთაველზე წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავდნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
„ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისიაც... მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ეს არის ხელწერა ახალი ხელისუფლების“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, სასამართლო რომ ხელისუფლებას არ ემორჩილება ამის დასტურია, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები არ გაიზიარა.
„მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, დაველოდოთ, დაველოდოთ, სასამართლოს ვაცადოთ. რად უნდა ის კარავი რომ ააგო იქ? გეკითხებით ყველა ჟურნალისტს და საზოგადოებასაც, სამდღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული რუსთაველზე. შემთხვევით გადადეს?
ზაზა სარალიძე, უკაცრავად ვარ და პირველი იყო იმ მსხვერპლში რასაც ეგენი გეგმავდნენ და აბა წარმოიდგინეთ რა ტრაგედია დატრიალდებოდა. რატომ გეგმავდნენ სამდღიან მიტინგს? აბა მითხარით, ტყუილად გეგმავდნენ? სამართალდამცველებმა მოახერხეს, პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი. აი რატომ დგას რუსთაველზე და სად ჩანს იმის ხიფათი, რომ სამართალი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. ის, რომ რუსთაველზე ის ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რუსთაველი აქვს დაკავებული, მივა და იქ განავითარებენ“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზაზა სარალიძეზე შეტევა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, თითქმის ერთი წელია, რაც ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელების დასჯას და ამ ადამიანმა ზუსტად იცის, მათ შორის საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად, ვინ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში.
„უკვე 5 თვეზე მეტია ეს ადამიანი არის ქუჩაში. ამიტომ, ხელისუფლებას სულ ტყუილად აქვს იმედი, რომ ზაზა სარალიძის პროვოცირებით მისი დისკრედიტირებით, მის წინააღმდეგ შეტევებით ეს ჭრილობა მოშუშდება. თითოეული დღე, რომელსაც ზაზა სარალიძე ატარებს ქუჩაში, არის შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის იმ უზნეო სისტემის, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა საზოგადოებაში. ამიტომ, ეს ჭრილობა არ შეხორცდება მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც დათო სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზაზა სარალიძეზე შეტევა, შეწყვიტოს მისი დისკრედიტირება და დაუყონებლივ გაათავისუფლოს ეს ადამიანი და დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობასა და ამ მკვლელობის დაფარვაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეზე თავდასხმით მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სარალიძის მიმართ 50 დღის განმავლობაში პროვოკაციები მიმდინარეობდა, რაც მისი დაკავებით დასრულდა.
„50 დღის მანძილზე პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდა ხელისუფლების დავალებით შსს ზაზა სარალიძესთან მიმართებაში. დღეს საკუთრ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეზე თავდასხმით მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული შვილმოკლული მამა, რომელიც ერთადერთ რამეს ითხოვს, ითხოვს საკუთრი შვილის მკვლელობის და მფარველების დასჯას. რაც არის სამართლიანი მოთხოვნა, და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.