ქონების წართმევის და წილების დათმობის რა მეთოდები დახვეწა ხელისუფლებამ

ქონების წართმევის და წილების დათმობის რა მეთოდები დახვეწა ხელისუფლებამ

ჯერჯერობით საზოგადოება არ შეუშფოთებია ცნობებს ამა თუ იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ (მხოლოდ ძველი ქონებაჩამორთმეულების ნაწილი დავობს). როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ტაქტიკა შეცვალა და მეთოდები დახვეწა. ამის პარალელურად, კვლავაც ძალაშია ნორმა, რის მიხედვითაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დაკავებულებს ნოტარიუსის ფუნქციას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი უსრულებს. როგორ იყენებენ ციხის უფროსები ამ ფუნქციას და რა ახალი მეთოდებით უწევს ყურს სახელმწიფო მანქანა ძნელად აღსაზრდელ მეწარმეებს. ამ საკითხებში გარკვევას იურისტთან, „კანონი ხალხისათვის“ ასოციაციის ხელმძღვანელთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად შევეცდებით.

როგორ იყენებენ ციხის უფროსები ნოტარიუსისმათთვის კანონით მინიჭებულუფლებას?

– ციხის უფროსებისთვის ნოტარიუსის უფლების გადაცემა არ მიმაჩნია უარყოფით მოვლენად, რადგან ციხეში და წინასწარი დაკავების ადგილებში ადამიანი ხვდება როგორც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ასევე განაჩენის გამოტანამდე. წინა საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მას შეიძლება, შეეზღუდოს თავისი პირადი უფლებები. ადამიანებს მესაკუთრის უფლებები მაინც არ ერთმევათ და, ამ მხრივ, აქვთ თავისი ვალდებულებები. გარიგებები კი მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას და ჯობია, იყოს პირი, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს დახურული ზონის შიგნით, ვიდრე პიროვნება ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი დაცვის გარეშე დავტოვოთ.

არ შეიძლება ნოტარიუსის გარედან შეყვანაარ შეიძლებარომ სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება დაროგორც ადვოკატები ინიშნებიანმათ შორისსახაზინო წესითაცასევე დაინიშნოს ნოტარიუსი?

– საინტერესო აზრია. ხალხმა არ იცის, თორემ განსხვავება ისაა, რომ, თუკი ნოტარიუსის მიერ შედგენილი ხელშეკრულებით ზიანი მომადგა, პასუხისმგებელი ნოტარიუსია. უბრალოდ ნოტარიუსები არ განუმარტავენ ამ ნორმას მოქალაქეებს. რაც შეეხება ციხეებთან მიმართებას: შესაძლოა, პატიმარს მივცეთ უფლება, შეიყვანონ თავიანთი ნოტარიუსები, რადგან ციხის უფროსები ვერ შეადგენენ სამოქალაქო შინაარსის გარიგებებს, კერძოდ ანდერძებს და სხვადასხვა შინაარსის რწმუნებულებებს. მეორე მხრივ, ციხის უფროსები ამბობენ, თქვენმა ადვოკატმა შეადგინოს დოკუმენტი და ჩვენ დავამოწმებთო, უბრალოდ ამ გარიგებაზე პატიმრის ხელმოწერას დაადასტურებს ციხის უფროსი. ამიტომ არ მივიჩნევ საგანგაშოდ, რომ ციხის უფროსებს ციხეში, გემის კაპიტნებს – გემზე და ასე შემდეგ ჰქონდეთ ნოტარიუსის ფუნქციის შეთავსების უფლება.

თუკი ციხის უფროსებს ჰქონდათ ასეთი ფუნქციარატომ ფიგურირებდა ყველა გახმაურებულ საქმეშირომლებიც ქონების დათმობას ეხებოდანოტარიუსი გინტური?

– მას ადგენინებდნენ იძულებითი ჩუქების ან ნასყიდობის ხელშეკრულებას. რომ იცოდეთ 2008 წლიდან საერთოდ ამოაგდეს უძრავ ქონებასთან მიმართებაში სანოტარო დამოწმების ვალდებულება. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იძულებითი ჩუქებისას ნოტარიუსი უნებლიე მოწმე ხდებოდა. ნოტარიუსი ამბობდა, ადამიანი ჩემთან მოგყავთ ბორკილებით, რომ იჩივლოს და დადასტურდეს, რომ იძულებით დაადებინეს გარიგება, ის ბათილიაო. ამიტომაც ამოაგდეს ნოტარიუსი ამ პროცესიდან და უძრავ ქონებაზე გარიგება პირდაპირ საჯარო რეესტრში ხდება.

ეს მხოლოდ დაკავებულებზე ვრცელდება თუვინც გარეთ ვართიმათზეც?

– ყველაზე. მოქმედი კანონით, პატიმრების ანდერძებსა და რწმუნებულებებს ამოწმებს ციხის უფროსი, მაგრამ 2009 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც 2010 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება, რის მიხედვითაც, ეს უფლება არ ექნებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს, თუ მათ ხელი არ მიუწვდებათ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ბაზაზე. ელექტრონული სანოტარო რეესტრი, როგორც ჩანს, ახლა კეთდება. ეს იგივეა, რაც ელექტრონული საჯარო რეესტრი. დღემდე სანოტარო მოქმედების შესრულება ტარდებოდა ჟურნალებში და ძირითადად ნაბეჭდი პროდუქციის სახით ინახებოდა. ახლა ეს უნდა გააკეთონ ელექტრონული სახითაც. კარგი იდეაა, იმ თვალსაზრისით, რომ რეესტრი იწარმოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი შემოწმების საშუალებაც იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაიგოს ვინ ვის და რაში ენდობა. ანუ ამ საკითხს ორი მხარე აქვს: საერთოდ, სანოტარო რეესტრი თავისი ბუნებით ძალიან კონფიდენციალურია, ელექტრონული სანოტარო რეესტრი კი ნიშნავს არა მხოლოდ რწმუნებულების და მინდობილობების გაგებას, არამედ იმასაც, თუ ვინ რა გარიგებები დადო; ვინ ვის რა აჩუქა, ვინ ვის რა მიჰყიდა, ვინ ვის რა უანდერძა. მეორე მხრივ, ოპონენტები მეტყვიან, თუ სახელმწიფოს კონტროლი უნდა, ნაბეჭდი პროდუქციითაც გააკონტროლებსო. მართალია, მაგრამ ნოტარიუსი არ არის ვალდებული, მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს, თუ გარიგება არ არის საეჭვო. და მედლის მეორე მხარე სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო იმარტივებს საქმეს და, თუკი ნახავს, რომ, მაგალითად, ნინო ენდობა ზაქარია ქუცნაშვილს და უნდათ, მოიძიონ რაიმე ინფორმაცია ნინოზე, ზაქარიას ოფისს გატეხენ და იქ იპოვიან მათთვის საინტერესო მასალებს.

ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული სანოტარო რეესტრის ბაზა?

– კანონში წერია, ციხის უფროსს უნდა მიუწვდებოდეს ხელი, საავადმყოფოს ხელმძღვანელს და გემის კაპიტანსო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ელექტრონული საჯარო რეესტრის მონაცემები ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. მეტსაც გეტყვით, 2008 წელს შეიტანეს ცვლილება სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონში. ცვლილებამდე, როდესაც სამეწარმეო რეესტრში აღირიცხებოდა ესა თუ ის საწარმო, ფიქსირდებოდა მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, დაფუძნების თარიღი, დირექტორის ვინაობა და დამფუძნებლების მონაცემები. 2008 წლიდან კი ამოაგდეს ინფორმაცია დამფუძნებლების თაობაზე. ამ ცვლილებით, რეალურად, ჩრდილში გადაიტანეს ქონების წართმევა-წამორთმევის, ქონების ოჯახის წევრებსა და დაახლოებულ პირებზე გადაცემის საკითხები. მაგრამ შემდეგ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ თუ ამას გაასაიდუმლოებდნენ, ეს ინფორმაცია მათთვისაც გასაიდუმლოებული დარჩებოდა, ამიტომ კანონში შეიტანეს ცვლილება, რის მიხედვითაც, ყველა შპს-ის დირექტორი ვალდებულია, წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლო დეკადაში წარადგინოს ცნობა სამეწარმეო რეესტრში, ხომ არ მოხდა რაიმე ცვლილება იმ წლის განმავლობაში დამფუძნებელ-პარტნიორთა შორის. ანუ სახელმწიფომ დაიტოვა უფლება, თვითონ იყოს ინფორმირებული, შენ კი – არა. მოქალაქე რომ დაინტერესდეს, ვინ არის ამა თუ იმ ტელევიზიისა თუ რომელიმე საწარმოს მესაკუთრე, დღევანდელი ამონაწერით ვერ გაიგებს.

ისევ პატიმრების ანდერძებს რომ დავუბრუნდეთრა უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფო მანქანას ეს ფუნქცია?

– კრიტიკულ პრიზმაში თუ შევხედავთ, ანდერძის თემა იძლევა საშუალებას, ციხის უფროსმა გაიგოს, რა ქონების პატრონია პატიმარი. ის, რაც თქვენ თქვით, რომ გარედან შევიდეს ნოტარიუსი და დაამოწმოს პატიმრის ანდერძიო, საინტერესო იდეაა, იმ თვალსაზრისითაც, რომ ნოტარიუსი ვალდებულია, შეინახოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. მეორე მხრივ, თუ პატიმარი ცუდად გახდა და კვდება, შესაძლოა, ვერ მოესწროს მისთვის გარედან ნოტარიუსის შეყვანა და, ამდენად, ციხის უფროსისთვის ანდერძის დამოწმების ფუნქციის მინიჭება დადებითია. ვფიქრობ, კარგი იქნება ამ ორი ვარიანტის კომბინირება, რომ ციხის უფროსსაც და ნოტარიუსსაც ჰქონდეთ ამის უფლება. ხოლო თუ რომელს აირჩევს, ეს პატიმარზე იყოს დამოკიდებული.

შესაძლებელიაარარომ პატიმარმა ციხის უფროსს დაუტოვოს თავისი ქონება?

– ესეც შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ციხის უფროსი ასრულებს ამ ფუნქციას, ანდერძის ერთი ეგზემპლარი მასთან ინახება. იქ თავდაცვის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. პატიმარს შეუძლია, თქვას, არავის არაფერს ვაჩუქებ, სანამ ციხიდან არ გამოვალო და ასე შემდეგ. საერთოდ, ციხეებში ანდერძის დამოწმება აქტუალური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი სასჯელების გამო ხანდაზმულ პატიმართა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, ეს ხალხი უკვე იძულებული გახდება, თუ რაიმე არ შეიცვალა, დაიწყოს ანდერძის ან ჩუქების ხელშეკრულების წერა.

გავახსენოთ მკითხველს ქონების გადაცემის ფაქტებიქონების ჩუქების ხასიათზე მეწარმეები მხოლოდ დაკავების შემდეგ მოდიოდნენ?

– მე ვაწარმოებ კამპანიას სახელწოდებით – „სამართლიანობის აღდგენისათვის“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია უკანონოდ ქონებაჩამორთმეული პირებისთვის ქონების დაბრუნება. ექსკლუზიურად შემიძლია, მოგცეთ იმ ქონების ჩამონათვალი, რომლებიც იძულების წესით ჩამოართვეს მესაკუთრეებს. მაგალითად, 1. ქალაქ ბათუმში 1 200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც იდგა თხევადი გაზის ჩამოსასხმელი სადგური საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობებით, საბაზრო ღირებულებით მილიონ-ნახევარი ლარი. ჩამორთმევა მოხდა სასამართლო კონფისკაციით 2006 წელს. მესაკუთრეა იურიდიული პირი, მაგრამ დამფუძნებელია ფიზიკური პირი, რომლის წინააღმდეგაც უკანონოდ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. იყო ძებნაში და ამ დროს ჩამოართვეს ქონება. 2. კომერციული ფართი თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, მიყენებული ზიანის ოდენობაა 314 000 აშშ დოლარი, ჩამორთმევის ფორმა – წილის დათმობა იძულების გზით, მესაკუთრეა ფიზიკური პირი; ძმა დაუჭირეს და ძმამ ძმის სანაცვლოდ ეს წილი დათმო. 3. შპს „გოგირდის აბანო“, თბილისში, აბანოს ქუჩაზე, ქონება შეფასებული იყო 650 000 აშშ დოლარად. გადაცემის ფორმა – იძულებითი ჩუქება. მესაკუთრის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. 4. მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, 6,8 ჰექტარი. ეს ის ნაკვეთია გურიაში, სადაც პატრიოტთა ბანაკი გაიხსნა. ჩამორთმევის ფორმაა ჩუქება, მესაკუთრეა ფიზიკური პირი. პირი დააკავეს, ნაკვეთი აჩუქებინეს 7 თებერვალს, 10 თებერვალს კი დააკისრეს ჯარიმა 6 000 ლარი და გამოუშვეს. ეს არის ქონების ჩამორთმევის კლასიკური ფორმა: დაგაკისრებენ ჯარიმას, როგორც სანქციის სახეს, რადგან არ გაქვს ჯარიმის გადასახდელი თანხა, ქონებაში გიქვითავენ. 5. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ჭრელი აბანოები, მიყენებული ზარალი 2 მილიონი ლარი. ჩამორთმევის ფორმა – იძულებითი ჩუქება. 6. ის ტერიტორიაც, რომელზეც გლდანის „რევოლუციის პარკია“, ჩამორთმეულია, მიყენებული ზიანია მილიონი ლარი. მესაკუთრეა იურიდიული პირი, რომელსაც სანაცვლოდ დაჰპირდნენ მიწას ან 300 000 ლარს, მაგრამ არც ერთი მისცეს და არც – მეორე. 2008 წლიდან ჭარბობს ასეთი ტენდენცია: საწარმოს უკანონოდ არიცხავენ გადასახადს და შემდეგ ამ გადასახადებს უქვითავენ ქონებაში. სანამ ავტობაზრობას რუსთავში გადაიტანდნენ, თბილისში არსებულებს 2 და 3-მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს, შემდეგ დაიბარეს დირექტორები და უთხრეს, თუ არ გინდათ, ეს ფული წაგართვათ, დახურეთ ბაზრობაო. მათაც გადასახადის გადახდას, ბაზრობის დახურვა ამჯობინეს. ამით რუსთავის ავტობაზრობას კონკურენტი მოუსპეს.

გარდა გადასახადების უკანონოდ დარიცხვისა, არის ქონების წართმევის ერთი ყველაზე შენიღბული და ეფექტური ფორმა: გააკოტრო ბიზნესი და ამის პარალელურად, შენ დაიწყო იგივე ბიზნესი. ანუ, თუ 2004-2007 წლებში ქონების პირდაპირ წართმევის ფაქტები იყო, 2008 წლიდან დაიწყო გადასახადების უკანონოდ დარიცხვა, რითაც აიძულებდნენ მეწარმეებს დაეთმოთ თავიანთი წილები ან საწარმო. გაკოტრების ის მექანიზმი კი, რომელზეც მოგახსენეთ, ყველაზე ეფექტური გზაა ბიზნესის წასართმევად. კანონით საგადასახადო კონტროლი სამი მომენტით ხორციელდება. ესენია: რეგისტრაცია, დაკვირვება და შემოწმება. თითოეული ეს ეტაპი შინაარსობრივად განსხვავებულია. ყველაზე ხშირად სახელმწიფო დაკვირვების კონტროლიდან ირჩევენ საკონტროლო შესყიდვასა და ინვენტარიზაციას, ეს ორივე პროცედურა შესაძლებელია, დაიწყოს საწარმოს დალუქვით. მართალია, კანონმა განსაზღვრა, რომ დალუქვა არ უნდა აყენებდეს ზიანს მეწარმე-სუბიექტის საქმიანობას, მაგრამ ვადა არ განსაზღვრა. საწარმოს ორი ან მეტი თვის განმავლობაში ლუქავენ, ამასობაში ის დაკარგავს თავის კლიენტს და რაღაც პერიოდის შემდეგ რომ დაბრუნდეს კიდეც, ბაზარზე დიდი სეგმენტი უკვე დაკარგული ექნება და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.

ფაქტიაყველას არ ართმევენ ქონებასვის მიმართ იყენებენძირითადადამ სანქციას და რა მოტივით?

– ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ინტერესზე, რომელიც ამოძრავებთ. ეს ბიზნესი მე მინდა, ის ჩემს საქმიანობას აფერხებს, მავანი პოლიტიკური ოპონენტია და უნდა დავსაჯო. მოტივები სხვადასხვანაირია, რადგან ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა. გვარამიას მიერ დანერგილი მეთოდიკა, იძულებითი ჩუქებები, 2007 წლის შემდეგ შეიცვალა და, როგორც გითხარით, 2008-დან წამოვიდა ასეთი ტენდენცია: საწარმოს არიცხავენ უკანონო გადასახადს და ამის სანაცვლოდ ათმობინებენ წილს. ანუ აიძულებენ საგადასახადო გარიგების დადებას. ამის სამარცხვინო მაგალითია ჭყონიას შემთხვევა, როდესაც 13 მილიონს ედავებოდნენ, 7 მიატანინეს და დანარჩენს რა უქნეს, ღმერთმა უწყის. ქონების შენიღბული ჩამორთმევა ხდება გოგი თოფაძესთან მიმართებაშიც: თუ ის არ გადაიხდის დაკისრებულ 7-მილიონიან ჯარიმას, რუსთავის ქარხანას აუქციონზე გაუყიდიან. თან კანონში შეიტანეს ცვლილება, თუ არ გამოჩნდება წართმეული ქონების მყიდველი, მას სახელმწიფო გადაიფორმებს.

რა სტადიაშია მამათქვენისომარ ქუცნაშვილის საქმე?

– მამას კომპანია მძიმე მდომარეობაშია. რადგან სისხლის სამართლის გზით ვერ მიაღწიეს ქონების წართმევას, საგადასახადო ძალით აკისრებენ ამ თანხას. მიჩნდება ეჭვი, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ჩამოეშორებინათ ძლიერი სამშენებლო-საინჟინრო კომპანია გზიდან. ეს არის ევროკავშირის სერტიფიკატის მქონე კომპანია, ამიტომაც დაუშვეს ბაქო-ჯეიჰანის, ბაქო-ერზრუმის, ამერიკის საელჩოს მშენებლობაზე. ამდენად, არა მხოლოდ მისი დასჯა იყო მიზანი, არამედ კომპანიის გაკოტრებაც და, თუ ეს ჯარიმაც დაარიცხეს, კომპანია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება.