ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და ისიც, თუ რამდენად უსუსურია მოსმენისა თუ მიყურადების იარაღებისგან თავდაცვის ხერხები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში. ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი, ლაშა პატარაია, დღეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტებზე საუბრობს, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ფილმებიდან თუ გვქონდა ინფორმაცია და, პრაქტიკულად, ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა.
ლაშა პატარაია: დავიწყოთ იმით, რომ მოსმენებთან და მიყურადებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდება ხალხში, რასაც საფუძვლად მდიდარი ფანტაზია და ჰოლივუდური ფილმებისგან მიღებული ინსპირაცია უდევს, რეალობასთან კი საერთო არაფერი აქვს. ოცდამეერთე საუკუნის პრობლემა, რაზეც სულ საუბრობენ ფუტურისტები და ანტიგლობალისტები, ეს ტოტალური კონტროლის პრობლემაა. კონტროლის ინსტრუმენტი უამრავია. რა თქმა უნდა, აქ არ და ვერ ჩამოვთვლი მათ უმეტესობას, მაგრამ, ვისაუბრებ მნიშვნელოვან ნაწილზე იმისათვის, რომ გავაქარწყლოთ ზემოთ აღნიშნული ჭორები. ადამიანის და ადამიანთა ჯგუფის კონტროლი ხორციელდება იმის მიხედვით, თუ საფრთხის რომელ კატეგორიას ეკუთვნის ის და რამდენად პრიორიტეტულია ეს კონკრეტული სეგმენტი იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისთვის. მაგალითად, თუ ქვეყანაში არსებობს ტერორიზმის საფრთხე, კონტროლი სულ სხვა მექანიზმებით ხდება; თუ გადატრიალების საფრთხეა და პოლიტიკურ წრეებშია პრობლემა, მაშინ სხვა სახის კონტროლი ხორციელდება. ამერიკისა და ისრაელის მაგალითი რომ ავიღოთ, იქ მთავარი საფრთხე ტერორიზმშია, ჩვენთან კი პრობლემა უფრო პოლიტიკურ წრეებსა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებშია. ავიღოთ ერთი მაგალითი: როდესაც საფრთხე მოდის რამდენიმე კონკრეტული ადამიანისგან. პირველ ყოვლისა, ეს ადამიანები უნდა შეფასდნენ საფრთხის შემცველ პირებად, მეორე – მათზე უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ სანქციის გაცემა ოპერატიული ღონისძიებების დასაწყებად, მათ შორის – ფარულ მიყურადებაზე. გამოვლენილი ინფორმაცია გამოიყენება მტკიცებულებად ისეთ საქმეებში, როგორიც არის პოლიტიკური გადატრიალებები, დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, ორგანიზებული კრიმინალი.
რა იარაღები არსებობს მათ წინააღმდეგ. ამ ადამიანებმაც ხომ იციან, რომ შეიძლება, უსმენდნენ, არ საუბრობენ ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა... ტელეფონი როგორ ისმინება?
– ორი მეთოდია: ერთია ადგილზე და დისტანციური მოსმენა. ადგილზე მოსმენის შემთხვევაში, პოპულარული მეთოდია „ჯიესემ სიგნალის“ სკანირება, ანუ, შენზე მომაგრებულია კონკრეტული ადამიანი და გარკვეულ მანძილზე, დაშვებულ რადიუსში ახდენს „ჯიესემ სიგნალების“ სკანირებას. ეს ნიშნავს, რომ შენ საუბარს კიდევ ვიღაც იჭერს და შიფრავს; მეორე ვარიანტია, მოხდეს ეს ყველაფერი გლობალურად: ვიცი შენი ნომერი და, რომელიმე ქსელისა და ოპერატორის დახმარებით, განვახორციელებ შენს მოსმენას.
ხალხს კი ჰგონია, თითქოს ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ერთიანად უსმენენ.
– ასე ქაოტურად, რა ნომერზეც გინდა ჩაერთვები და მოუსმენ – ეს არარეალურია. საერთოდ, რეალურ დროში მთელი მოსახლეობის მოსმენა არ ხდება. ხდება ჩანაწერების გაკეთება გარკვეულ პირებზე ან პირთა ჯგუფებზე და ამ ჩანაწერების ანალიზი. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ინფორმაცია დამალული იყოს, იყენებენ სტენოგრაფიულ, კრიპტოგრაფიულ და სხვა მეთოდებს. ამას მაინც სჭირდება ანალიზი. საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, აქტუალურია საფრთხე რუსეთიდან. ყველა, ვინც მათი ინტერესების გამტარებელია ჩვენს ქვეყანაში ზუსტად იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რასაც საბჭოთა რუსეთი იყენებდა წინა საუკუნეში. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორი დასუსტებულია მათი სპეცსამსახურები. ერთი მხრივ, ეს დამაბნეველია მათთვის, ვინც ახალ ტექნოლოგიებს ელის მათი მხრიდან, მეორე მხრივ კი, თავისი პრიმიტიულობის გამო, ძალიან იოლად იშიფრება.
ისევ ტელეფონს დავუბრუნდეთ. ილაპარაკე თუ მესიჯი მიწერე – ერთი და იგივეა?
– ტელეფონით ბევრი რამის გაგება შეიძლება. ერთი არის შენი პოზიციონირება, ანუ, სად ხარ იმ კონკრეტულ მომენტში. ასევე, ხდება შენი მარშრუტის დადგენა და ანალიზი – სად დადიხარ ყველაზე ხშირად, საუბრის მოსმენა ზარების განხორციელებისას და, ასევე, მაშინ, როცა არ საუბრობ. ანუ, არსებობს ტექნიკური საშუალება იმისა, რომ თქვენს ტელეფონზე დისტანციურად იქნეს გააქტიურებული მიკროფონი და მოგისმინონ.
თუ ამ კონკრეტულ დროში ვიღაც გაკონტროლებს, სავსებით შესაძლებელია, რომ მათ გარდა კიდევ სხვა გაკონტროლებდეს, რომლის შესახებ არც შენ იცი და არც შენმა მაკონტროლებელმა. ამასთან დაკავშირებით, ორი დიდი ბოლოდროინდელი სკანდალის გახსენებაც საკმარისია. „გუგლისა” და „ეფლის” სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კოდური ფრაგმენტები სხვადასხვა მოწყობილობაში, მაგალითად, „აი ფოუნში“, სადაც გაშიფრული იყო მათი სქემა, თუ როგორ აკეთებდნენ მომხმარებელთა მარშრუტის კონტროლსა და შენახვას. იგივე სკანდალი მოხდა „გუგლის” წინააღმდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ ის აკონტროლებს ყველა იმ მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობას, რომლებზეც მათი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება. ანუ შენ თუ გაქვს „გუგლის” ტელეფონი, შესაძლებელია, გარდა იმისა, რომ კონკრეტული სამსახურების მხრიდან კონტროლდები, გაკონტროლებული იყო „გუგლისა” და „ეფლის” მიერაც.
მართალია, რომ, თუ ტელეფონიდან ელემენტს ამოვიღებთ, მაშინ მოსმენა შეუძლებელი გახდება? ან, თუნდაც, მოშვებულ ონკანთან ახლოს დადგე?
– ტელეფონიდან ელემენტის ამოღება რეალური პრევენციის მეთოდია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ დროს არ ლაპარაკობ... მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც შეგიძლია, ტელეფონის მიკროფონით მოისმინო არა ტელეფონით წარმოებული საუბარი, არამედ ჩვეულებრივი დიალოგი მაშინ, როდესაც ტელეფონს არავინ იყენებს. შენ ჯიბეში ან სადმე ოთახში გიდევს ტელეფონი, მაგრამ, დისტანციურად ხდება მიკროფონის აქტივაცია და იმის გაგება, თუ რაზე საუბრობენ იმ კონკრეტულ ადგილას. ტექნიკურად ამის შესაძლებლობა არსებობს. რაც შეეხება ელემენტის ამოღება-არამოღებას, ამ დროს, თუ მხოლოდ ერთი ბატარეაა, მაშინ, ბუნებრივია ის ვერ გააქტიურდება, მაგრამ, არსებობს სხვა კვების წყაროებიც, რომლებზეც, შეიძლება, მხოლოდ ეს მიკროფონი და სპეციალური მინიატურული მოწყობილობაც იყოს მიბმული და მთავარი ელემენტის ამოღება არ უშველის საქმეს (იცინის). თუ კონკრეტული სპეცსამსახური ნადირობს ამა თუ იმ პიროვნებაზე და არსებობს ფიზიკური შეღწევადობა მის ტერიტორიაზე, მაშინ, შესაძლებელია ტელეფონისა და სიმბარათის კლონირება საკუთარი ვერსიით, სადაც, შეიძლება, იყოს რამდენიმე კვების წყარო. ამიტომ, ბატარეას ამოიღებ, მაგრამ ტელეფონი მაინც ისმინება.
თუ სპეცსამსახურებს აქვთ, დამნაშავეებსაც ხომ მიუწვდებათ ხელი ამ აპარატებზე?
– თუ სპეცსამსახურები ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს ტერორისტებთან მიმართებაში, ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ტერორისტები გამოქვაბულში მყოფი გაუნათლებელი ადამიანები ჰგონიათ. რეალურად კი ყველაფერი სულ სხვანაირადაა – რუსეთის სპეცსამსახურებთან შედარებით, ერთი საუკუნით წინ არიან ტერორისტები.
ბოლო დროს ხმა გავრცელდა, ინტერნეტ პროვაიდერების მიერ შეცვლილი კაბელებით მოხდება ნებისმიერი ოჯახის მოსმენაო.
– ეს არის ნათელი მაგალითი ქართული მდიდარი ფანტაზიისა და იმ ჭორებისა, რაც გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში. იმის კონტროლი, თუ რას ნახულობ ინტერნეტში და რას უყურებ ტელევიზიით, ადრეც ვთქვით, რომ უკვე შესაძლებელია. ვარდისფერ კაბელებს გამოიყვან, ლურჯს თუ, რას დაარქმევ ამ მომსახურებას, მნიშვნელობა არ აქვს. ინტერნეტი – ინტერნეტია და ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მისი კონტროლის საშუალება. ინოვაციები ინერგება და ამას კიდევ სხვა საშუალებები მოჰყვება. შემოვიდა ციფრული ტელევიზია, რომელიც ანალოგურისგან განსხვავდება იმით, რომ, თუ ანალოგურზე მხოლოდ სიგნალის მიღებაა ტელევიზორში შესაძლებელი, ციფრულით შენ ცალმხრივ კავშირში აღარ ხარ. შენ იღებ უკეთესი ხარისხის გამოსახულებასა და ხმას და, ამავდროულად, გასცემ ინფორმაციას, თუ რას უყურებ, რა პრიორიტეტები გაქვს.
როგორც ვიცი, არსებობს, სპეციალური ყუთი, რომელშიც ტელეფონს ჩადებ და შემდეგ მისი მოსმენა, სულ რომ კლონირებული იყოს, შეუძლებელია.
– დიახ, ასეთი რაღაც არსებობს. რამდენადაც ვითარდება ერთი მიმართულება, იმდენად ვითარდება მისი კონტრმიმართულებაც და ეს დაუსრულებელი პროცესია. სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების გარდა, მსგავს ტექნოლოგიებს ბიზნესიც იყენებს. იმისთვის, რომ ინფორმაციის გაჟონვა აიცილოს თავიდან, ის ხშირად მიმართავს პრევენციის ზომებს. თუნდაც, ჩემის მსგავსი კომპანიები დასავლეთში, აძლევს ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს, თუ როგორ დაიცვან თავი და თუ ინფორმაცია არ კმარა კორპორაციულ კლიენტებს ამ ყველაფრისგან დასაცავად სპეციალურ ტექნიკასაც სთავაზობენ. მაგალითად, უმარტივესს გეტყვით, „ჯიესემ ჩამხშობი“. კონკრეტულ ადგილას ჩართავ და იქ კავშირის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამ ხელსაწყოს მე პირადად პრაქტიკული დანიშნულებაც ვუპოვე. რამდენიმე ლექციაზე, როდესაც სტუდენტებს მაინც ჰქონდათ ჩართული ტელეფონები, ვრთავდი „ჯიესემ ჩამხშობს“ და ზარები, ესემესებთან ერთად წყდებოდა (იცინის), მოკლედ, დაწყებული ამით, დამთავრებული მოსასმენი აპარატების აღმომჩენით – აღმოჩენა ხდება რადიოსიხშირეების სკანირებით. ასევე არსებობს ოპტიკური აღმომჩენები დამალული კამერების საპოვნელად. საუბრის მოსმენისგან თავის დაცვის საშუალება ძალიან ბევრია. ერთია სიგნალის შიფრაცია, მეორე – გამოიყენო არა ადგილობრივი ოპერატორების მიერ მოწოდებული „ჯიესემ სისტემა“, არამედ რამე სხვა, მაგალითად, გლობალური სატელეფონო ქსელის ტელეფონი, რომელიც ცოტა უფრო ძვირი ღირს ვიდრე ახალი თაობის ტელეფონები. „გლობალ ფოუნებით” პირდაპირ სატელიტის სერვისით სარგებლობ შუამავალი პროვაიდერის გარეშე. ეს ტელეფონები ტერორისტებში ძალიან პოპულარულია.
ვიცით ტელეფონი მოსმენისთვის და კამერა – გადაღებისთვის. კიდევ რა იარაღები არსებობს?
– მაგალითად, პარაბოლური მიკროფონი, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილიდანაც ახერხებს შენი საუბრის მოსმენას. მაგალითად, ვიღაც, ვინც ისმენს მიმართული მიკროფონის საშუალებით შენს საუბარს ისეთ მანძილზე, საიდანაც, შეიძლება, შენ ვერც კი შეამჩნიო, ის კი ჩვეულებრივად მოისმენს. ასევე, არსებობს ლაზერული მიკროფონი, რომელიც დახურული სივრცეებისთვისაა გათვლილი. მაგალითად, თუ გინდა სახლში რაღაცის მოსმენა, ლაზერს მიუშვერ ფანჯარას და მინიდან არეკლილი სხივით გაშიფრავ საუბარს. რეალურად რა ხდება?! ნებისმიერ ბგერა იწვევს მინის თვალით უხილავ ვიბრაციას, მის რხევას. მისი ანალიზის შემდეგ ეს ლაზერი იღებს სრულფასოვან ბგერებს იმის შესახებ, თუ რაზე საუბრობენ იმ სახლში. ამისგან დაცვის საშუალება ძალიან მარტივია – ორმაგი შუშა.