1945 წლის მარტში ბერიამ საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიიღო. ამ კაცის ავტორიტეტი ცამდე ამაღლდა. თუმცა, ის ამჩნევს, რომ სტალინის წინაშე ასეთი დიდი ავტორიტეტის მოპოვება და მასთან სულ უფრო და უფრო დაახლოება, შურით აღავსებდა იმათ, ვინც მაშინ გარს ეხვია სტალინს.
1945 წლის 9 მაისს ომი დამთავრდა. გერმანიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. ამ საშინელ ომში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა, მაგრამ ამ გამარჯვებას აურაცხელი მატერიალური ზარალის გარდა, ოცი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა გააჩანაგა ქვეყნის ეკონომიკა, მიწასთან გაასწორა ქალაქები, სოფელები და საერთოდ, ქვეყნის სახალხო მეურნეობა...
ცნობილია, რომ ბერიამ გამოიყენა რა დაზვერვის ყველა მეთოდი, შეძლო თავისი ხალხი შეეგზავნა ამერიკული რეაქტორის ლაბორატორიაში და მოიპოვა ამ მრისხანე იარაღის დამზადების საიდუმლო.
ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ, 1945 წლის 20 აგვისტოს, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით, შეიქმნა სპეციალური კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ბერია (თავმჯდომარე), მალენკოვი, ვოზნესენსკი, ვანნიკოვი, ზავენიაგინი, კურჩატოვი, კაპიცა, მახნეევი, პერუხინი. კომიტეტს ევალებოდა სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ორგანიზება ურანის შიგა ატომური ენერგიის კვლევასა და ატომური ბომბის დამზადებაში.
ამრიგად, მთელი ძალით გაიშალა მუშაობა ატომური ბომბის შესაქმნელად. როგორც ცნობილია, ამ საშინელი იარაღის შექმნისთვის საჭიროა მძიმე წყალი. მისი მიღების ტექნოლოგია ცნობილი იყო მეცნიერ-ფიზიკოსებისთვის. მძიმე წყლის წარმოება მოეწყო შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმთან ახლოს, სინოპში.
1945 წლის 12 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამხედრო საბჭოს წევრმა, გენერალ-მაიორმა კიჭო გაგუამ გამოიძახა სოხუმის საქალაქო განყოფილების უფროსი, კოლია ჭითანავა, შსს სოხუმის საქალაქო განყოფილების უფროსი, მიტროფანე ბერულავა. აქვე, გამოიძახეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე სანდო და პასუხისმგებელი მუშაკები: კერესელიძე, თოფურიძე, ჭანკვეტაძე და შონია. გამოძახებულთაგან სინოპში ჩამოყალიბდა შტაბი, რომლის უფროსად დაინიშნა გენერალ-მაიორი ეფიმოვი. როგორც ცნობილია, აქ მოიტანეს ოცი „პულმანის“ ვაგონით სხვადასხვა სახის აღჭურვილობა ლაბორატორიისთვის.
მუშაობა უაღრესად კონსპირაციული ფორმით მიმდინარეობდა. დაიდგა რამდენიმე რბილი ვაგონი. საცხოვრებლად ჩამოიყვანეს ასამდე გერმანელი სპეციალისტი. ისინი ამონტაჟებდნენ მძიმე წყლის მიღებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობებს. მუშაობა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ცვლებში წარმოებდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო. მოსკოვიდან ყოველდღე ახალ-ახალი ხალხი მოდიოდა. აღნიშნული სამუშაოები კრემლს კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. მუშაობის მიმდინარეობის შესახებ რეგულარულად მოახსენებდნენ ბერიას. ის კი ყველაფერს სტალინს ატყობინებდა. მოსკოვში, სამეცნიერო ლაბორატორიაში, სადაც რეაქტორები იყო დადგმული, სხვა მეცნიერებთან ერთად, მუშაობაში ჩართული იყო ბერიას ვაჟი – სერგო. ის ამავე დროს, ზედამხედველობას უწევდა მუშაობის მიმდინარეობას.
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში ზონა იზოლირებული იყო და მონდომებით იცავდნენ, ორი გერმანელი მაინც გაიქცა. სულ მალე „ამერიკის ხმამ“ გადმოსცა: „შავი ზღვის პირას ატომური ბომბისთვის საჭირო დეტალებს ამზადებენ“. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ლაბორატორია სინოპიდან აგუძერაში გადაიტანეს...
რუზველტის სიკვდილის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრუმენი გახდა. დასანანია, რომ იგი ვერ მოესწრო ჰიტლერული გერმანიის დამარცხებას. რუზველტი ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
პოტსდამის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრუმენს თავი ამაყად და გამომწვევად ეჭირა. მას წინა დღეს შეატყობინეს, რომ ატომური ბომბის გამოცდამ სრული წარმატებით ჩაიარა. მისმა დამანგრეველმა ძალამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტრუმენი სწორედ ამ ცნობამ შეცვალა. ერთ-ერთი სხდომის შემდეგ, შესვენებაზე სტალინთან ლაპარაკისას მან ჩაურთო, რომ ამერიკას აქვს უცნაური ატომური იარაღი და მისმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. სტალინს ამ დროს თავი ისე ეჭირა, თითქოს ვერც მიხვდა, თუ რა თქვა ტრუმენმა. შესვენების შემდეგ ბერია სასწრაფოდ დაუკავშირდა კურჩატოვს და დაავალა, ყველა ღონე ეხმარათ და ბომბის დამზადება დაეჩქარებინათ. ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირმა უმოკლეს ვადაში დაამზადა ატომური ბომბი.
1948 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ერთ-ერთ სხდომაზე თავის გამოსვლაში საგანგებოდ მიანიშნა: „ჩვენ უახლოეს დროში გვექნება ატომური იარაღი. ამისთვის ყველა ნიადაგი მზადაა“. ამ წინადადების წარმოთქმიდან მართლაც, მალე, დაამზადეს და გამოსცადეს კიდევ ერთი ატომური ბომბი. გამოცდამ სრული წარმატებით ჩაიარა.
ცხადია, ბერია, თავმჯდომარეობდა სპეციალურ კომიტეტს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ატომური იარაღის შესაქმნელად მიმდინარე ყველა სამუშაოს. მაგრამ, თვითონაც მთელი მონდომებით ცდილობდა, ჩაწვდომოდა ყველა დეტალის შინაარსს.