„ჯულბარსი“, „ზორო“, „სკრიპკა“ და... ირანის შაჰის ხალათი

„ჯულბარსი“, „ზორო“, „სკრიპკა“ და... ირანის შაჰის ხალათი

დღეს კვირაა და მორიგი ქართული კრიმინალური ისტორიები უნდა შემოგთავაზოთ. მკითხველს წინა საუკუნის 70-80-იან წლებში დავაბრუნებ და იმ პერიოდში მომხდარ რამდენიმე ხმაურიან საქმეს გავახსენებ.

გენერალი რომან გვენცაძე იხსენებდა: „ჩემს სამუშაო ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მილიციელი ვარ და ერთ-ერთი რაიონის განყოფილებაში ვმუშაობ. დილაა. მთელი ღამის ნამორიგევი ვარ და ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა:

– ახლა ჩამოვფრინდი მოსკოვიდან. სახლში მივედი და ბინა გაქურდული დამხვდა. არაფერზე ვდარდობ, იქნებ ირანის შაჰის ნაჩუქარი ხალათი დამიბრუნოთო.

მილიციის უფროსი ადგილზე არ იყო და ეს ინფორმაცია მის მოადგილეს შევატყობინე. მან სასწრაფოდ შეკრიბა ოპერჯგუფი და ის-ის იყო გადიოდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, კეთილაძე მოვიდა განყოფილებაში და თქვა:

– შევარდნაძემ (მაშინ ცეკას პირველი მდივანი) დამირეკა და პირად კონტროლზე ამაყვანინა ეს საქმე. სადაა მილიციის უფროსიო.

ვუთხარით, რომ უფროსი ჯერ არ მოსულა. კეთილაძემ თავი გააქნია და რადგან ეს მას პირადად შევარდნაძემ დაავალა, ოპერჯგუფთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე. ჩვენს ბიჭებს თან ნაგაზი ჰყავდათ, მეტსახელად „ზორო“, რომელიც შეუცდომლად იღებდა კვალს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ზოროს“ კვალი უმალვე აუღია და სწრაფად მიჰყოლია მას. ორასიოდე მეტრში, ერთ კერძო სახლში შევარდნილა და შაჰის ნაჩუქარი, ტრუსიკისამარა, ოქროს ძაფებით მოქარგულ ხალათში გამოწყობილი ჩვენი მილიციის უფროსი გამოუთრევია. კეთილაძეს, თურმე, ენა მუცელში ჩაუვარდა. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენი უფროსი დილით სამსახურის ნაცვლად თავის საყვარელთან წასულა...

იმ ქალის არასრულწლოვან ვაჟს ღამით იმ ცნობილი ადამიანის სახლი გაუქურდავს, ნივთები სახლში მიუტანია და... ჩვენი უფროსიც ამიტომ იყო გამოწყობილი შაჰის ხალათში. მილიციის უფროსი მინისტრმა სამსახურიდან იმავე დღეს დაითხოვა. ხალათი კი პატრონს დაუბრუნდა...“

ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ლურჯი „ვოლგა“ მყავდა, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, რადგან სიმწრით მქონდა ნაყიდი და ფულს კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი. იმ შორეულ სამოცდაათიან წლებში ყველაზე კარგად დაცულ ავტოსადგომად (თუ არ ჩავთვლი „ცეკას“ „გარაჟებს“) ის ითვლებოდა, რომელსაც რკინის „სეტკა“ ჰქონდა შემოვლებული, პატარა დარაჯის „ბუტკა“ იდგა და დაცულ ტერიტორიაზე დარაჯთან ერთად ბრაზიანი ნაგაზიც იყო. დიღმის მასივში, ერთ-ერთ ასეთ „სტაიანკაზე“ ვაყენებდი ჩემს „ლურჯას“, მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს „სტაიანკიდან“ ხუთი „ვოლგა“ გაქრა და მათ შორის ჩემიც... მილიცია შოკში იყო, რადგან მართალია, ლოთ დარაჯს ღრმად ჩასძინებოდა, მაგრამ უზარმაზარი კავკასიური მამალი ნაგაზი, ჯულბარსი, აშვებული და საღ-სალამათი იყო. სამართალდამცველები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ არ გაუწია ძაღლმა წინააღმდეგობა ბოროტმოქმედებს, რომელიც მხოლოდ თავის ლოთ პატრონს ემორჩილებოდა, რომელსაც ღამით ღრმად ეძინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მილიცია ფარულად ჩაუსაფრდა ქურდებს და ოთხი დღის მერე ბოროტმოქმედი შეიპყრეს კიდეც, რომელიც ძუკნა ძაღლით იყო მოსული და ის ჯულბარსს დაუსვა. ხოლო სანამ მამალი ჯულბარსი ძუკნას ეალერსებოდა, ქურდი აბსოლუტურად თავისუფლად იპარავდა მანქანებს. ქურდს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ძაღლების „ატეხილობის“ პერიოდი იყო. ასეთ დროს კი ყველაზე გაწვრთნილ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც კი ეკეტებათ გონება და არც ჯულბარსი იყო გამონაკლისი“.

 ნოდარ დუმბაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი გაუგებრობა, რომ ციხეში ჯდომა მომიწია. საპყრობილე, რა თქმა უნდა, კურორტი არაა, მაგრამ ადამიანი იქ დიდ გამოცდილებას იღებს, რაც მთელი ცხოვრება ეყოფა. ციხე იმითაცაა საინტერესო, რომ „შავებს“ შორის ნამდვილ ტალანტებსაც შეხვდებით და რომ არა ბედის უკუღმართობა, ამ ადამიანთა უმეტესობა, ალბათ, კეთილ საქმეში გამოავლენდა თავის ნიჭს. ასეთი ტალანტი იყო ჯიბგირი, მეტსახელად „სკრიპკა“, რომელიც ისე „სუფთად“ იპარავდა, რომ ფაქტზე ვერ იჭერდნენ და ციხეში ჯიბის ქურდობისთვის კი არა, იარაღის ტარებისთვის გაუშვეს. რა თქმა უნდა, იარაღი მას არ ჰქონია, მილიციამ ჩაუდო.

„სკრიპკა“ კანონიერი ქურდი იყო. მე მის საკანში ვიჯექი, სადაც სხვა ქურდები და ავტორიტეტები ისხდნენ. რა დასამალია და ჩვენი საკნის პატიმართა უმრავლესობა „პლანს“ ეწეოდა. ეს კი აკრძალული იყო. თუმცა ციხის უფროსის აკრძალვის მიუხედავად, ეს წესი ჩვენს საკანზე არ მოქმედებდა და მწეველები რომ გააბოლებდნენ, „პლანის“ მძაღე სუნი მთელ ციხეში ტრიალებდა. რა არ იღონეს „ნადზორებმა“, როგორ არ „გვშმონეს“ და „შმონეს“ საკანი, მაგრამ „პლანი“ ვერსად იპოვეს. არადა, აშკარად იცოდნენ, რომ მოსაწევი საკანში ინახებოდა. ერთ მშვენიერ დღეს თავად ციხის უფროსი შემოგვივარდა საკანში და ყველანი პირადად გაგვჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. საკანიც საგულდაგულოდ შეამოწმეს, მაგრამ შედეგი კვლავ ნული იყო და წავიდნენ. ცოტა ხანში კი, თანამესაკნეებმა კვლავ გააბოლეს და გაცოფებული ციხის უფროსი კვლავ შემოგვივარდა და გაგვჩხრიკა. შემდეგ სპეციალურად დაგეშილი ძაღლის მოყვანა ბრძანა და კიდევ კარგი, უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს „ნამორდნიკი“ ეკეთა. ძაღლმა ფეხი შემოდგა თუ არა, საკანში, პირდაპირ ციხის უფროსს ეცა და ძირს დააგდო. მას კი ჯიბიდან მოზრდილი „შმატოკი“ გადმოუვარდა...

საქმე ის იყო, რომ როდესაც ციხის უფროსი „შმონზე“ შემოდიოდა, „სკრიპკა“ მას „შმატოკს“ ოსტატურად უდებდა ჯიბეში და გასვლისას კი, უკან იღებდა და რომ არა დაგეშილი ძაღლი, მოსაწევის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებდნენ“.

დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას კვლავ ბატონ რომან გვეცაძეს გადავცემთ:

„გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისის ცენტრში ერთი კურიოზული დანაშაული მოხდა, რომელიც ამასთანავე, ტრაგიკომიკურიცაა და თვალნათლივ მეტყველებს, როგორი კრიმინალური ბუნება აქვს ზოგიერთ, ერთი შეხედვით, წესიერ და პატიოსან ადამიანს. თავიდანვე ერთ დეტალს გამოვტოვებ, რომ ჩემი მონაყოლი უინტერესო არ იყოს.

ერთ დღეს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მსხვილ საიუველირო მაღაზიაში ორი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და კრიმინალური ტერმინი რომ გამოვიყენო, მაღაზიის პერსონალი „დააყენეს“, შემდეგ ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქიდან ძვირფასეულების ამოღებას შეუდგნენ. დანაშაულის დროს მაღაზიაში საკმაოდ ბევრი მყიდველი იმყოფებოდა. მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, ხოლო ნაძარცვის რაოდენობამ თითქმის ნახევარი მილიონი (491 ათასი) მანეთი შეადგინა. რა თქმა უნდა, საქმეში ჩავერთეთ და გამოძიება დავიწყეთ. აღწერილობით მძარცველებიც ავიყვანეთ. ორივე რეციდივისტი აღმოჩნდა. მათგან ნაძარცვი ნივთებიც სრულად ამოვიღეთ, რომლებიც სულ რაღაც 21 ათასი მანეთისა იყო, ხოლო 470 ათასის ძვირფესაულობა კი სამუდამოდ გაქრა. მთელი „მუღამი“ ის იყო, რომ შეიარაღებულ მძარცველებთან ერთად ვიტრინების მსხვრევასა და ძარცვაში იქ მყოფი მყიდველების ნაწილიც ჩაერთო და მათ ბევრად მეტი წაიღეს, ვიდრე მძარცველებმა“.