ნანუკა, პრეზიდენტი და ჩუსტები

ნანუკა, პრეზიდენტი და ჩუსტები

პრეზიდენტთან ინტერვიუს "ნანუკას შოუ" ასე გვიანონსებდა - ექსკლუზივიაო. კი გამიკვირდა, მანქანას რომ ვქოქავ, "გლუშიტელიდანაც" პრეზიდენტის ხმა გამოდის (იაფფასიანი შედარებაა, მაგრამ იყოს მაინც) ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ეს კაცი ტელევიზორშია და მასთან ინტერვიუ რაღა ექსკლუზივია-მეთქი.

შემდეგ მივხვდი, ეტყობა, თემები იქნება ექსკლუზიური-მეთქი, ამ გადაცემაში ხომ მაინც პირად საკითხებზე ლაპარაკობენ. პრეზიდენტის პირადი ცხოვრება მაინც სულ სხვაა. მაგრამ განა მას ამ თემაზე ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია?! როგორ არა, განსაკუთრებით პოპულარული პრეზიდენტის პირადი ცხოვრება რევოლუციის პირველ წლებში იყო, მისი და სანდრას შეხვედრის ამბები, მერე - ერთად სწავლისა და ცხოვრების, ცალკე სანდრასთან ინტერვიუები და ა.შ. მოკლედ, არც ეს თემა უნდა იყოს ექსკლუზიური, მაგრამ დაველოდოთ, ვნახოთ, რას ეკითხება ჟურნალისტი.

იქნებ პირადი ცხოვრებიდან აქვს ისეთი კითხვები, ჯერ რომ არავის დაუსვამს? მაგალითად, ასეთი: ამბობენ, ჩვენს პრეზიდენტს ქალები ძალიან უყვარს და მათ ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს (ყოველ შემთხვევაში, იმაზე ნაკლები სიხშირით არა, ვიდრე ინტერვიუებს იძლევა) იცვლისო, მართალია? სხვა, აბა, რა თემა უნდა იყოს ისეთი, რაზეც პრეზიდენტს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია? ჰალსტუხის ჭამაზეც კი ილაპარაკა საჯაროდ.

ააა, არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არასდროს არაფერი უთქვამს: ეს ომის დროს გორში არ არსებული ბომბისგან სამარცხვინო გაქცევაა, სადაც თავად ნანუკა ბომბებს იქით დასდევდა. იქნებ ამ თემაზე აპირებს კითხვის დასმას? მაგალითად, ასე: ბატონო პრეზიდენტო, აი, მე ქალი ვარ და არ შემშინებია ბომბების, თქვენ კი ტელეოპერატორებისა და უცხო სტუმრების თანდასწრებით რატომ გაიქეცით? ეს დღეს ერთადერთი საკითხია, რაზეც პრეზიდენტის მოსაზრება მაინტერესებს. სხვა ყველაფერი უკვე ზეპირად ვიცი. როცა ამას ვფიქრობდი, თურმე მწარედ ვცდებოდი.

ინტერვიუ ბათუმში იწერება, სანაპიროზე, ზღვის ფონზე. აბა, რა ექსკლუზივია ერთი მოვუსმინოთ: თავიდა ნპრეზიდენტი ახალს არაფერს ამბობს: ისევ თავის პროექტებზე ლაპარაკობს. აქეთ ბათუმი, იქით მესტია, აქებს ვარშალომიძეს, იმიტომ, რომ ბათუმში ის ბევრს არ უყვარს, ახლა ვიგებთ, რომ ნინო ბურჯანაძესაც არ ჰყვარებია. აი, ექსკლუზიური კითხვა: ყველაზე ხშირად ვის ურეკავს პრეზიდენტი? პასუხი: გინდათ, მესიჯებს წაგიკითხავთ? ზარი მაინტერესებს... ზარი ყველასთანაა.

აი, მესიჯები ჩავიკითხოთ, აგერ, პრესმდივანი უთანხმებს ნანუკას გადაცემას, აგერ, ბაქრაძე დასცინის ავსტრიაში ჩაფლავებულ ქართულ მაფიას, შემდეგ მოდის ესპანელი არქიტექტორის მესიჯები: ბუენოს ნოჩეს, სენიორ პრეზიდენტე, როგორი მინა უნდა იყოს, რაფერის.. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიგებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი, როგორც რომელიმე არაბული ქვეყნის შეიხი და აბსოლუტური მონარქი, ყველა სფეროში კომპეტენტურია.

ყველაფერს ის წყვეტს: როგორი სვეტი უნდა აღიმართოს, ქალაქის ცენტრში მინა რა ფერის უნდა იყოს, ევროვიზიაზე ვინ უნდა წავიდეს, ვინც წავა, რა ფერის კაბა უნდა ეცვას და ა.შ. ახალი არაფერია, ამას უკვე არც პრეზიდენტი მალავს, პირდაპირ ამბობს, რომ საახალწლო კონცერტის პროგრამა პირადად შეადგინა.

პრეზიდენტის ასეთი საქციელი რაზე მეტყველებს? ორ რამეზე: ან ეს ქვეყანა თავისი საკუთრება ჰგონია და სურს იგი თავისი არც თუ ისე კარგი გემოვნებით მოაწყოს (თავისია და ვისი რა საქმეა), ან მას თავი ყოვლისმცოდნედ და ყველა სფეროში კომპეტენტურად მიაჩნია.

ერთიც და მეორეც სამწუხარო ფაქტია, მეტი რომ არა ვთქვათ. "რატომ გაქვთ ასეთი ტელეფონი?" - აი, მოულოდნელი კითხვა. ჟურნალისტისგან ასე დაბნეული პრეზიდენტი ბოლოს როდის ვნახე, არც მახსოვს, შეიძლება არც მინახავს. "როგორ ასეთი, ცუდი?" - რესპონდენტი პასუხის მოსაფიქრებლად დროის მოგებას ცდილობს, - აიფონი რატომ არა მაქვს, ჰუ, ჰუ, ჰუ (პრეზიდენტის სიცილს "ჰა, ჰა, ჰა"-თი ვერ გამოხატავ, რეალობას ასცდები), აიფონიც მაქვს, მაგრამ აიფონზე მესიჯები ცუდად იკრიფება, აქ კი სწრაფად... მოკლედ, პრეზიდენტს რომ ბავშვივით მესიჯობა უყვარს, ამასაც კიდევ ერთხელ ვიგებთ.

კიდევ ერთი შეკითხვა შოპინგზე. თურმე თავად ყიდულობს ყველაფერს და აი, აქ მოდის მთავარი კითხვა, კითხვა, რომლის გამოც ღირდა მთელი ამ ინტერვიუს ჩაწერა და მას ნამდვილად შეგვიძლია ექსკლუზიური ვუწოდოთ: "სახლში ჩუსტები და ხალათი, მსგავსი რაღაცები გაქვთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს?" - ვიდრე პასუხზე გადავალ, თქვენთან ერთად მინდა კითხვის არსს ჩავწვდე.

რატომ შეიძლება ჟურნალისტს ასეთი კითხვა დაებადოს? ნუთუ პრეზიდენტი უბრალო მოკვდავებისგან ხალათითა და ჩუსტებით განსხვავდება? რატომ არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ჩუსტები, უკაცრავად პასუხია და, ღამე ტუალეტში გასვლა რომ მოუნდეს, ჩექმა უნდა ჩაიცვას? პასუხი ხომ ისედაც ცხადია და რა საჭიროა ისეთი კითხვის დასმა, რომელზეც პასუხი ისედაც ცხადია? დიდი ბოდიში, ბატონო მერაბ, მაგრამ თქვენ მწარედ ცდებით! პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას არც ჩუსტები აქვს და არც ხალათი: სახლში მივდივარ, ვიხდი და ვიძინებ, მერე ყველაფერს ვიცვამ და მოვდივარ.

აი, თურმე რა! აი, თურმე რა სასარგებლოა ტელევიზიისთვის, როდესაც ჟურნალისტი კარგად ინფორმირებულია. როდესაც შსს-ს მაღალჩინოსნის მეუღლე ხარ, ხელი ისეთ ინფორმაციაზე მიგიწვდება, რომელიც სხვისთვის დაფარულია. ტელევიზიის დირექტორებისთვის კი კარგად ინფორმირებული ჟურნალისტი ნახევარი ტელევიზიაა (დაახლოებით ისე, როგორც ფეხბურთში კარგი მეკარე ან ნახევარი გუნდი). ჰოდა, სცოდნია ნანუკას, რასაც ეკითხებოდა. სცოდნია, რომ ტრივიალურ პასუხს არ მიიღებდა და სენსაციას გამოადნობდა... და ტუალეტი?

აქამდე მხოლოდ სტალინი ვიცოდი, რომელიც ფარაჯისა და ჩექმების ამარა იყო ხოლმე და მეორე, როგორც გაირკვა, ჩვენი პრეზიდენტია, რომელიც ტუალეტში ჩექმებით თუ არა, ბოტასებით მაინც დადის.

იმ ბოტასებით, რომელიც ევროპაში იყიდა, რადგან აქ თურმე თავის ზომას ვერაფერს შოულობს.

კიდევ რა გავიგეთ ახალი? ის, რომ პრეზიდენტს საკუთარი ფული აქვს და ჯიბეში ჩაკუჭულს ინახავს. სარგებლობს ბანკომატით. გარდა არქიტექტურული პროექტებისა, მინებისა და ევროვიზიაზე გასამგზავრებელი მომღერლის კაბის ფერების შერჩევისა, არაბი შეიხის ნაჩუქარი პალმების დაბინავებითაც პირადადაა დაკავებული. ამ საქმეს იმდენად გაუტაცებია, რომ პალმები ქუთაისშიც დაურგავს და ახლა ქუთაისი ბათუმისგან მხოლოდ "ბიკენტიეს საქაბაბეთი" თუ განსხვავდება.

კიდევ იმით განსხვავდება, რომ ბათუმში თავს თურმე ისე გრძნობს, როგორც ევროპაში, ბათუმელები ქუჩაში ველოსიპედით მოსეირნესაც აღარ აყოლებენ თვალს, (ყოჩაღ, ჩემო ქალაქო!), თბილისელ "ხამებს" კი არ ჰგვანან, პრეზიდენტს ქალისთვის ვერ შეუხედავს, ჭორი რომ არ აუგორონ. ნანუკა, რომელსაც პრეზიდენტმა ხაჭაპური ხელით გადაუღო, დაინტერესდა, რა ესიზმრება პრეზიდენტს? პრეზიდენტი ხომ ერთდროულად არის ადამიანიც და პოლიტიკოსიც, ამიტომ სიზმრებიც ადამიანურ-პოლიტიკური უნდა ჰქონდეს. მარტო ადამიანური რომ ნახოს, რა გამოდის: ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია? ის, რაც სიზმარში არ გესიზმრება, ესე იგი გკიდია, ამიტომ პასუხიც შესაბამისია: ესიზმრება ბავშვობა და აფხაზეთი, რომელიც, როგორც თქვა, კარგად არც უნახავს...

და ბოლო შეკითხვა: ყველაზე მეტად როდის გყვარებიათ? გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი, მოითმინეთ სექტემბრამდე და უყურეთ გაგრძელებას ისევ "ნანუკას შოუში". აი, ინტრიგა! იქნებ აქ იმალება მთავარი ექსკლუზივი? ისეთი ექსკლუზივი, როგორსაც მანქანის "გლუშიტელიდან" ვერასდროს მოისმენთ? ამიტომ დაელოდეთ "ნანუკას შოუს" ახალ სეზონს.