"ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა და მთელი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა, ამაზე მიანიშნებს პროპაგანდისტული შიდა კვლევების გამოქვეყნება, რომ სალომე ზურაბიშვილს 53% უჭერს მხარს და მათ შორის ამაზე მიანიშნებს წინასაარჩევნო კლიპებში პარტიის მძიმე არტილერიის - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაც," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, "ოცნების" შიდა კვლევის მთავარი მესიჯია, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ფარულმა სკანდალურმა ჩანაწერებმა ვერაფერი ავნო.
არჩევნებამდე 10 დღით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შიდა კვლევები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ, მათი კვლევით, მეორე ტური მოსალოდნელი არ არის და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 53% უჭერს მხარს.
საგულისხმოა, რომ "ოცნების" ამ კვლევამდე 2 კვირით ადრე სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და სამივე კვლევაში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი დაკვეთითაც არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი, რაც სამივე კვლევაშია ნათქვამი, პრეზიდენტი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება.
მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევა "ოცნებამაც" ჩაატარა, სადაც ზურაბიშვილი იმარჯვებს პირველსავე ტურში, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ პარტიის შიდა კვლევის გამოქვეყნება, ამიტომაც მისი გასაჯაროვება არ მოხდება. თუმცა გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, შიდა კვლევა გაასაჯაროვონ და ამით აჩვენონ საზოგადოებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "სპექტაკლები" წარუმატებლად მიმდინარეობს და "ოცნებას" რეიტინგი არ დაჰკლებია.
"აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული. ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები," - განაცხადა მდინარაძემ.
მან კვლევის ორი ვარიანტი წარადგინა.
"კვლევების თანახმად, ე.წ. "ა" ლოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, რომელშიც შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას - 48%. ე.წ. "ა" ლოკაციის მიხედვით კი, შემდეგნაირია - სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%," - აღნიშნა მდინარაძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ისე უჭირს, საკითხი დგას, საერთოდ გავა თუ არა მეორე ტურში და სწორედ ამაზე მეტყველებს "ოცნების" ბოლოდროინდელი აქტიურობაც.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა და ამას არა მარტო შიდა კვლევის გამოქვეყნება მიანიშნებს, თითქოს დამაჯერებლად იგებს სალომე ზურაბიშვილი, არამედ ბოლო დღეებში გამოჩენილი მისი მხარდამჭერი წინასაარჩევნო კლიპიც, სადაც "ქართული ოცნების" მძიმე არტილერიაა გამოსული.
"ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" მთავარი დამრტყმელი ძალა გამოჩნდა და აქტიურად ჩაერთო კლიპებში ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. ამ კლიპიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. მაგალითად, წინა, ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, მაშინ "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს არ ჰყავდა კონკურენტი, რაც მშვენივრად იცოდნენ და ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა წინასაარჩევნოდ. მაშინ არ დასჭირვებია "ოცნებას" მძიმე არტილერიის ჩართვა, იცოდნენ, რომ მაინც იგებდნენ არჩევნებს, ახლა კი დასჭირდათ.
თუკი ივანიშვილი წინასაარჩევნო კლიპში გამოჩენას იმ არგუმენტით გაამართლებს, რომ მაშინ სტატუსი არ ჰქონდა და ახლა პარტიის თავმჯდომარეა, ეს არ იმუშავებს იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და არც მაშინ ყოფილა პარტიის თავმჯდომარე, მისივე მტკიცებით, პოლიტიკიდანაც წასული იყო. ამიტომ ერთადერთი რეალობა ისაა, რომ "ოცნებამ" ჩართო მთავარი კოზირი, როგორმე ზურაბიშვილმა ხმები მოკრიბოს," - ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ სხვა პარტიების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები და ყველა ამ გამოკითხვის პირველ ადგილზე გადის იმ პარტიის კანდიდატი, ვინც უკვეთავს კვლევას. ეს იმიტომ, რომ საქართველოში სოციოლოგიური კვლევები პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა, ვიდრე პროგნოზის ინსტრუმენტად.
"დარწმუნებული ვარ, "ოცნებას" რეალური კვლევაც აქვს, ისევ და ისევ ამ ბოლო კლიპიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებისთვის საჩვენებლად სჭირდებათ იმის პიარი, რომ მათ ამ სკანდალურმა ფარულმა ჩანაწერებმა ვერაფერი დააკლო და მათ კანდიდატს მხარდამჭერების პრობლემა არ აქვს.
"ჩემი აზრით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არათუ პირველ ტურში გამარჯვებაზეა საუბარი, მე მგონი, სახელისუფლებო კანდიდატს ისე უჭირს, რომ საკითხი დგას, საერთოდ გავა თუ არა მეორე ტურში. ეს პრობლემა უფრო დგას და ეს დავინახე კლიპებით, კვლევის გამოქვეყნებით თუ პროკურატურის განცხადებით, რომ პატარკაციშვილის საქმე გახსნეს," - აღნიშნა ძაბირაძემ.