პრეზიდენტის დაუსაბუთებელი ქონება

პრეზიდენტის დაუსაბუთებელი ქონება

საქართველოს პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 230 ათასი ლარის შოვნა მოახერხა. არადა მისი სახელფასო შემოსავალი წლიურად 60 ათას ლარს არ აღემატება. მის მეუღლის შემოსავალი კი ორივე წელს მთლიანად 1000 ევროს შეადგენდა. ამიტომაც საინტერესოა, საიდან გაჩნდა სააკაშვილის სახელზე ამდენი ქონება.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის გაგება შეუძლებელი ხდება. პრეზიდენტს ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარი ქონების ჩამოთვლა არ უჭირს, მაგრამ ამ ქონების წარმომავლობის გრაფები ცარიელია. მისი პრესსამსახური კი ტელეფონსაც არ პასუხობს.

დეკლარაციაში არასწორი და არასრულყოფილი ინფორმაციის შეტანას კი სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება. სისხლის სამართლის დანაშაული კი, შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს.

მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს საბანკო ანგარიშებზე ქონება, დაახლოებით, 140 ათასი ლარით გაიზარდა. ამასთან, ამავე დეკლარაციაში მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის სახელზე გაჩნდა გუდაურში 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ფასი 40-42 ათასი ლარის ტოლია. დეკლარაციაში ქონების ზუსტი ფასი მითითებული არ არის. ხოლო საბანკო ანგარიშები, დაახლოებით, 50 ათასი ლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაცია ივსება წინა წლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაცია ასახავს მის 2010 წლის ქონებრივ მდგომარეობას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ვებ-გვერდზე მხოლოდ ბოლო ორი წლის მონაცემები ინახება და, შესაბამისად, ამ მაჩვენებლების წინა წლებთან შედარება ვერ ხერხდება. თუმცა ბოლო ორი წლის ფაქტებიც საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს ქმნის.

ამასთან, იმის გამო, რომ სანდრა რულოვსი საჯარო მოხელე არ არის, უშუალოდ მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვა შეუძლებელია. თუმცა მისი ქონების შესახებ ინფორმაცია მისი მეუღლის, პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში არის მითითებული.

პრეზიდენტის ოჯახის ქონება

გუდაურში მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ქონების ჩამონათვალში 2011 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში გაჩნდა. თუმცა ეს ქონება სანდრა რულოვსის კუთვნილებად არის აღნიშნული. არადა სანდრა რულოვსს ამ წელს შემოსავლებში არაფერი აქვს მითითებული. თუკი დეკლარაცია სწორად არის შევსებული, გამოდის, რომ სანდრა რულოვსს არანაირი შემოსავალი არ ჰქონია და გუდაურში მიწის ნაკვეთის ყიდვა მაინც მოუხერხებია.

მართალია, ამ მიწის ფასი დეკლარაციაში მითითებული არ არის, მაგრამ საბაზრო ფასებით, დაახლოებით, 25 ათასი დოლარი გამოდის, რაც ლარებში 40-42 ათასი ლარის ტოლია.

მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დეკლარაციაში არ არის მითითებული, ქონება სანდრა რულოვსის საკუთრებაში საიდან გაჩნდა, ვინაიდან ცარიელია როგორც ჩუქების, ასევე შეძენის გრაფა, რაც უკვე დარღვევას წარმოადგენს.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის ანგარიშებს, 2010 წლის დეკლარაციის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე, დაახლოებით, 191 000 ლარი ჰქონდა. "თიბისი" ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 30 000 დოლარი, ხოლო შტპ იფტლ ტერნეუზენში კი - 60 000 ევრო. ამ წელს მისი შემოსავლების გრაფაში მითითებულია მხოლოდ ჰონორარი 1000 ევროს ოდენობით.

სამაგიეროდ, 2011 წლის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე თანხა 2010 წლისთვის, დაახლოებით, 50 ათასი ლარით გაიზარდა. მას "თიბისი" ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 21 000 დოლარი, შტპ იფტლ ტერნეუზენში მის ანგარიშზე თანხა უკვე 85 000 ევრო გახდა და ასევე დაემატა 2000 - ლარიანი ანგარიში "საქართველოს ბანკში".

საერთო ჯამში გამოდის, რომ სანდრა რულოვსმა საკუთარი ქონება, დაახლოებით 90 ათასი ლარით გაზარდა, მაგრამ საიდან - პორეზიდენტის დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორი დეკლარაციის თანახმად, იგი ასევე ფლობს თბილისში, ბარნოვის ქ. #9, 154.0 კვ.მ ფართს და 164.0 კვ.მ ფართის მანსარდს. თუმცა, უცნობია, ეს მისი საკუთრება როდის გახდა.

პრეზიდენტის მონაგარი

რაც შეეხება პრეზიდენტის ქონებას, დეკლარაციაში მხოლოდ მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშებია მითითებული და გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს.

საბანკო ანგარიშები კი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. საინტერესოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტს შემოსავლებში მითითებული აქვს მხოლოდ ხელფასი და მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი 2010 წელს, დაახლოებით, 50 ათას ლარს შეადგენდა, მისი საბანკო ანგარიშები 140 ათასი ლარით არის გაზრდილი. ცხადია, წყარო მითითებული არ არის.

პრეზიდენტმა გასამრჯელოდ 2010 წელს 56 640 ლარი მიიღო, 2009 წელს კი - 59 000 ლარი. მიუხედავად გასამრჯელოს შემცირებისა, 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს გაიზარდა პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების ოდენობა.

2010 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტს 2009 წელს "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 29 021.77 ლარი ჰქონდა, ასევე, "საქართველოს ბანკში" მისი მიმდინარე ანგარიშები 34 479.04 დოლარი და 33.36 ევრო იყო.

2011 წლის დეკლარაციის თანახმად კი, 2010 წლისთვის "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 62 993.68 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშები "საქართველოს ბანკში" ჰქონდა და ერთ ანგარიშზე 52 019.15 დოლარი, ხოლო მეორეზე 1 573.88 ევრო ერიცხებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტს ამ წელს ანგარიში გაუხსნია ფრანგულ ბანკ თწსშუეუ პუტუკფდ-ში და ჩაურიცხავს 30000 ევრო.

რა თქმა უნდა, არც ის არის მითითებული, თუ საიდან გაუჩნდა პრეზიდენტს, დაახლოებით, 140 000 ლარი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახი არც 2009 და არც 2010 წელს არ ფლობდა ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხება დაბა გუდაურში მიწის ნაკვეთს, დეკლარაციის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, პრეზიდენტმა ეს ნაკვეთი იყიდა თუ აჩუქეს, რადგან გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითებინა ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ცარიელია.

ასევე, არაფერი წერია გრაფაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

რატომ იტყუება პრეზიდენტი

ფაქტია, რომ პრეზიდენტს დარღვეული აქვს დეკლარაციის შევსების წესი. კერძოდ, არ არის ინფორმაცია სრულად შეტანილი იმიტომ, რომ შეუსაბამობებია დეკლარაციის სხვადასხვა მუხლს შორის. სწორედ ამიტომ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. პირველ რიგში კი ის, თუ საიდან იშოვა პრეზიდენტმა ამდენი ფული და მეორე, რატომ დამალა ამ ფულის წარმომავლობა.

"როგორც ჩანს, მის ანგარიშებზე უფრო მეტი თანხა აღმოჩნდა, ვიდრე მისი შემოსავალი იყო. ამიტომაც ჩნდება კითხვა - რის ხარჯზეა წარმოშობილი ეს შემოსავალი. თავის შემოსავალი მთლიანად ბანკშიც რომ შეეტანა, მაინც არ უგროვდებოდა ამდენი თანხა. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს რაღაც მიმდინარე ხარჯები. როგორ, თავისი ფულიდან არაფერი არ დაუხარჯავს?

"გამოდის, რომ ამ დეკლარაციაში არ არის შეტანილი სწორი მონაცემები. არ არის ნაჩვენები რაღაც შემოსავლები. ფაქტია, რომ რაღაც შემოსავალი ჰქონდა. სხვანაირად ბანკებში ეს თანხა როგორ აღმოჩნდებოდა?!

"გარდა ამისა, გაურკვეველია, რა სახით მიიღო მან გუდაურში მიწის ეს ნაკვეთი. თუ იყიდა, მაშინ დეკლარაციაში სათანადო მითითება უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ იყიდა, რატომ არ არის მითითებული და, თუკი არ იყიდა, საჩუქრად მიიღო, რატომ არ არის ნაჩვენები, რომ ვიღაცამ აჩუქა," - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

გარდა ამისა, მისი თქმით, ჩნდება კითხვები შემოსავლის და დანაზოგის შედარებით, თუ რითი ცხოვრობს პრეზიდენტი. საერთოდ ფულს ხარჯავს თუ არა და როგორ ახერხებს, რომ არ დახარჯოს ფული.

ამასთან, საინტერესოა, პრეზიდენტმა გადაიხადა თუ არა ქონების შემოსავალი და აქ ოჯახის შემოსავალში რა თანხა აჩვენა. შეგახსენებთ, რომ ყველა ოჯახი, რომლის საერთო შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, იხდის ქონების გადასახადს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლის 1%-ს. ამიტომაც საინტერესოა, როდესაც პრეზიდენტის და მისი მეუღლის ანგარიშებზე თანხა ამდენით იმატებს, პრეზიდენტი ოჯახის შემოსავალში რას აჩვენებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ დოკუმენტის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

დანაშაული #1

ქონებრივი დეკლარაცია კი აჩვენებს, რომ მას, ერთი მხრივ, დეკლარაცია აქვს არასწორად შევსებული და როგორც იურისტები აცხადებენ, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო პასუხისმგებლობა მასაც ისევე უნდა დაეკისროს, როგორც ყველა სხვა საჯარო მოსამსახურეს. მეორე მხრივ კი, იკვეთება უკვე მეორე დანაშაული, რასაც უკანონო შემოსავლების კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს და ცალკე დანაშაულს კვეთს.

"ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანა, ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს. მაგრამ იმდენად შეამცირეს სასჯელის ზომა, რომ ეს კანონი უკვე კორუფციას ემსახურება და ხდება მოპარული ქონების გათეთრება", - აცხადებს ორგანიზაცია "კანონი ხალხისთვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის არსწორად შევსებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 355 მუხლის თანახმად სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაცია ეძლევა.

სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, "ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის შეტან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე."

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, არასწორია მონაცემების შევსებაზე პასუხისმგებელია დეკლარანტი.

"სასჯელების სახეები არის ჯარიმა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ეს იმდენად ლიბერალური სასჯელია, რომ, ფაქტობრივად, ყველა გადაიხდის ჯარიმას, ყველა გასწევს საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას, პრეზიდენტთან დაკავშირებით კი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ვერ მოახდენ, რადგან პრეზიდენტის თანამდებობა არჩევითია. ეს ცვლილება 2008 წელს შევიდა და მაშინ, როდესაც ყველა მუხლს ამძიმებენ, ეს მუხლი შემსუბუქებისკენ წაიყვანეს.

"ქონების მიღების რამდენიმე წყარო არსებობს - ნასყიდობა, მემკვიდრეობით მიღება, ჩუქება, გაცვლა ან ლატარიაში მოგება. ეს არის კანონიერი ქონების მიღების სამართლებრივი გზები და, თუკი არც ერთი ამ საშუალებით არა აქვს ქონება მიღებული, მაშინ ჩნდება კითხვა, საიდან გაჩნდა მის სახელზე გუდაურში მიწა და საბანკო ანგარიშებზე ფული. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტის ხელფასია 5 ათას ლარამდე და მისი მაქსიმალური წლიური შემოსავალი შეიძლება იყოს 60 ათასი ლარი.

"საიდან დაჯდა მის ანგარიშებზე ეს თანხა? ესეც ახლა ლექციებს არ კითხულობდეს და იქიდან არ იღებდეს. ასეც რომ იყოს, ნაჩვენები უნდა იყოს. დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანისთვის ქართული ციხეები სავსეა და პრეზიდენტმა დანაშაულის გამო რატომ არ უნდა აგოს პასუხი?" - კითხულობს ზაქარია ქუცნაშვილი.

დანაშაული #2

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამის პარალელურად უკვე მეორე დანაშაულიც იკვეთება, რომელიც უკანონო შემოსავლებს ეხება.

უკანონო შემოსავლად ითვლება ის შემოსავალი, რომლის წარმოშობა ვერ საბუთდება. უკანონო შემოსავლად ითვლება უძრავი და მოძრავი ქონება. შემოსავალი ტოლი ან მეტი უნდა იყოს ხარჯის. როდესაც შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა არის დიდი, უკვე დაუსაბუთებელ შემოსავლად ითვლება.

ფაქტია, რომ პრეზიდენტის ქონებამ გადააჭარბა მის შემოსავლს და გარდა იმისა, რომ არის დეკლარაცია შეცდომით შევსებული, დამალულია შემოსავალიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის უკანონო შემოსავალი. რაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამგვარად, გამოდის რომ პრეზიდენტმა ორგზის დაარღივ კანონი - ქონებრივი დეკლარაცია არასწორად შეავსო და ამას გარდა, ფლობს დაუსაბუთებელ ქონებას, რაც ნიშნავს, რომ უკანონო შემოსავალი აქვს მიღებული. საქართველოში კი დანაშაულის შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს.

პრეზიდენტის პასუხისმგებლობა

ფაქტია, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა და, წესით, მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ესეც მიემატა. კი, ბატონო, სასჯელი ჰუმანურია, მაგრამ დანაშაული ხომ დანაშაულია? ფაქტია, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. არასწორი მონაცემების შეტანისთვის დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზის," - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დგება ორ შემთხვევაში - თუკი პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ორივე შემთხვევაში საკითხს აყენებს პარლამენტი და დეპუტატთა 1/3-ის, ანუ 50 დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი დარღვეულია კონსტიტუცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი უზენაეს სასამართლოს.

იმის გამო, რომ დეკლარაციის შეცდომით შევსება და უკანონო შემოსავლების ქონა არის სისხლის სამართლის დანაშაული, წესით, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ პარლამენტის პირობებში კი ამის წარმოდგენა ცოტა ძნელია.

თუმცა, საინტერესო ის არის, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რა კომენტარები გაკეთდება. პრეზიდენტის მხრიდან ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მის პრესსამსახურს ჩვენთან საუბარიც კი არ სურს. იმედია, ამის შემდეგ მაინც გაკეთდება განმარტება.