კავკასიაში ტერიტორიულ დავების ახალ კერები ჩნდება
ორ კვირაზე მეტია ინგუშები ჩეჩნეთის მიერ მათი კუთვნილი ტერიტორიის, 20 000 ჰექტარი მიწის წაღებას აპროტესტებენ, რის გამოც ინგუშეთის დედაქალაქში აქციები არ წყდება. ამ ფონზე კი ახალი ტერიტორიული დავებიც ჩნდება. ახლა უკვე კაზაკთა რამდენიმე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაცია ითხოვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ჩამოერთვას ნაურისა და შელკოვის რაიონები და სტავროპოლის მხარეს დაუბრუნდეს, რადგან ეს ტერიტორიები კაზაკებს ეკუთვნოდა და ნიკიტა ხრუშჩოვმა 1957 წელს უკანონოდ გადასცა ჩეჩნეთს.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის ტერიტორიულმა დავებმა სხვაგან კიდევ წამოჰყოს თავი.
„მას შემდეგ, რაც ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის ტერიტორიების გაცვლის შეთანხმება გაფორმდა, ამან, რასაკვირველია ჯაჭვური როლი შეასრულა და სადაც აქამდეც იყო ტერიტორიული პრობლემები, გაყინული იყო ეს დავები, ახლა შესაძლოა ყველამ წამოწიოს თავი. მაგალითად, დაღესტანში შიშობენ, რომ თუკი კადიროვი წარმატებით შეიერთებს ინგუშეთის მიწებს, მისი შემდეგი ამოცანა იქნება ყოფილი აუხოვის, თანამედროვე ნოვოლაქსკის რაიონის ისევ ჩეჩნეთთან შეერთება. ეს არის დაღესტნის ტერიტორიაზე არსებული რაიონი, რომელიც ჩეჩნებითაა დასახლებული. ასევე პერიოდულად არის საუბარი ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დაყოფაზე და ერთი მხრივ, ჩერქეზულ და მეორეს მხრივ, ყარაჩაი-ბალყარული რესპუბლიკების ჩამოყალიბებაზეც, მაგრამ აქაც სად უნდა გადიოდეს საზღვარი, ესეც დიდი დავის საგანია. ტერიტორიების კუთვნილებაზე ასეთი ნიუანსი ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ ძალიან ბევრია," - აცხადებს კვახაძე.
მისი თქმით, დავის საგანი იყო ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შესული პრიგოროდნის რაიონიც, რომელზე პრეტენზიას ინგუშები აცხადებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ინგუშეთის ლიდერმა დოკუმენტურად უარი თქვა ამ პრეტენზიებზე, ინგუშური საზოგადოება ასე არ თვლის და ამ გამწვავებული ტერიტორიული დავების დროს გამორიცხული არ არის, ეს თემა კვალავაც გააქტიურდეს.
ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ორი რაიონის ჩამორთმევა და სტავროპოლის მხარისთვის დაბრუნებისთვის აქტიური ბრძოლა 13 ოქტომბერს ქალაქ პიატიგორსკში „კაზაკთა კავკასიური ხაზის" გაფართოებული კრებაზე გადაწყდა. კრების სახელით ღია მიმართვა გაეგზავნა სტავროპოლის ადგილობრივ ხელისუფლებებს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ინიციატივა, მის რესპუბლიკასა და ინგუშეთს შორის ახალი საზღვრის დადგენა მოხდეს, სრულად არის მხარდაჭერილი რუსეთის ხელისუფლების მიერ და 26 სექტემბერს ამ შეთანხმების ხელმოწერას მოსკოვიდან ოფიციალური წარმომადგენელიც ესწრებოდა. ეს უტყუარი ფაქტი კი სტავროპოლის მხარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელმძღვანელობას აძლევს საფუძველს, ასევე მოახდინონ ინიცირება საზღვრების შეცვლისა ჩეჩნეთის ნაურისა და შელკოვის რაიონებთან, რომლებიც ადრე სტავროპოლის მხარის შემადგენლობაში შედიოდა და 1956 წელს ხრუშჩოვმა ჩეჩნეთს უკანონოდ გადასცა.
„ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ეს რაიონები სტავროპოლის მხარის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.
„გვსურს, საზოგადოებრიობის ყურადღება გავამახვილოთ ასევე იმ ფაქტზე, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს სუნჟისა და ნადტერეჩნი რაიონები, რომელთა ტერიტორიაზეც ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ამ რეგიონში სტაბილურობის გარანტად გვევლინებოდნენ თერგის კაზაკები", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კაზაკები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ეს ორი რაიონი ჩეჩნეთს გადაეცა, იქ მასობრივად შემცირდა კაზაკების რაოდენობა და ადგილობრივმა კაზაკებმა ჯერ კიდევ 25 წლის წინ მისწერეს რუსეთის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ნაურისა და შელკოვის რაიონებში რუსული და კაზაკური მოსახლეობის ეთნოციდის შესახებ, მაშინ ეს მოსკოვში არ მოისმინეს, მაგრამ ახლა უნდა მოისმინონ.
კაზაკები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა საზღვრების დადგენის შესახებ შეთანხმებას 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას და ტერიტორიების ტოლფასად გაცვლას. 4 ოქტომბერს ამ შეთანხმების რატიფიცირება ინგუშეთს პარლამენტშიც მოხდა და ამის შემდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები ინგუშეთის დედაქალაქში. ინგუშები აპროტესტებენ იმას, რომ ხელშეკრულება ფარულად დაიდო და ის ინგუშეთისთვის წამგებიანია. აქციებზე ევკუროვის გადადგომასა და საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. როგორც ინგუშები აცხადებენ, დოკუმენტის თანახმად ჩეჩნეთს გადაეცა 19 000 ჰექტარი ნაკრძალი, სუნჟის რაიონი, სადაც ვარაუდია, რომ ნავთობის დიდი მარაგი არსებობს. ინგუშეთმა კი სანაცვლოდ მხოლოდ 2 000 ჰექტარი მიწა მიიღო. ზოგადად, სუნჟის რაიონი, რომელიც როგორც ჩეჩნეთის, ისე ინგუშეთის შემადგენლობაში შედის, ამ ორ რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი დავის საგანი იყო.
ალეკო კვახაძის თქმით, კაზაკების მოთხოვნის ისტორიული საფუძველი ასეთია: როდესაც 1944 წელს, საბჭოთა დროს, ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია მოხდა შუა აზიაში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა და ინგუშებით დასახლებული პრიგოროდნი რაიონი ოსეთის რესპუბლიკას გადაეცა. ხოლო როდესაც ადამიანების გადასახლებიდან დაბრუნება მოხდა, საბჭოთა ხელისუფლებამ აღადგინა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და მას კომპენსაციის სახით გადასცა ნაურისა და შელკოვის რაიონები, რომელიც მანამდე სტავროპოლის მხარეს ეკუთვნოდა.
„თუ დღევანდელ ვითარებას ავიღებთ მხედველობაში, ამ რაიონებში კაზაკური მოსახლეობა პრაქტიკულად აღარ დარჩა, 10%-ს არ აღემატება და იქ უკვე ჩეჩნების ექსპანსია ძალიან დიდია, განსაკუთრებით მთიანი რეგიონებიდან ბარში ჩამოსახლებული ჩეჩნები ბევრია. ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახლა ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება მოხდეს. მით უმეტეს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს კავკასიაში საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაზაკური ორგანიზაციები ამ საკითხის დაძვრას შეძლებენ," - დასძენს კვახაძე.