„ჩემთვის თვითონ ჩანაწერების არსებობა შოკისმომგვრელი იყო. ეს ჩანაწერები მათი ჩაწერილია და კიდევ ინახავენ მსგავს ჩანაწერებს იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან თავი დაიცვან. ბადრი პატარკაციშვილის ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, როდესაც მე ბადრი პატარკაციშვილის გვერდით ვიდექი, მაშინ ვნახე ეს ჩანაწერი," - აცხადებს ახალ ჩანაწერებეთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი: შოკისმომგვერლი იყო ის, რაზედაც საუბარი მიდიოდა; ყველაფერზე ლაპარაკობდნენ, მთელ სქემასა და ბავშვის გატაცებაზეც კი იყო საუბარი. დადგა დრო გახმაურებული საქმეების გამოძიება უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს.
ამ ჩანაწერებზე, რომლებიც პროკურატურამ 2016 წელს მოიპოვა, მგონია, რომ მთელი საქართველოს მოთხოვნა იქნება, დაჩქარდეს მათზე გამოძიება და საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი. ამით ყველა ადამიანს მიეცემა ის აუცილებელი რამ, რასაც იმედი ჰქვია, რომ სხვა გახმაურებულ საქმეებსაც ეშველება და საქართველოში დაიწყება კანონის დაკანონება.
თუ ეს არ მოხდა, საქართველო ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში. ეს არის აუცილებელი თაობებისთვის, რომლებიც იზრდებიან და რომლებიც საქართველოს მომავალი არიან.
„რ": ეს ჩანაწერები პროკურატურამ 2016 წელს მოიპოვა. რატომ არ მოხდა უფრო ადრე მათი გასაჯაროება და ახლა რატომ იქნა გამოქვეყნებული?
ნ.გ: პროკურატურის ცნობით, ბევრი ადამიანია გამოკითხული, მაგრამ დრო მაინც საკმაოდ დიდი იყო. ასეთი საქმეები შეძლებისდაგვარად უფრო სწრაფად უნდა გვარდებოდეს და ამასთანავე, სხვა გახმაურებული საქმეებიც. რაც უფრო სწრაფად იქნება მსგავსი საქმეები ბოლომდე მიყვანილი, უფრო უკეთესი იქნება.
„რ": თქვენი აზრით, ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს წინასაარჩევნოდ და რომელ მხარეს გადაიხრება სასწორის პინა?
ნ.გ; „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ კენჭი იყარონ არჩევნებში. ისინი, ფაქტობრივად, თანამონეწილენი არიან ყველა იმ პროცესებისა და იმ უბედურებისა, რაც იმ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა.