საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მზარდი მტრული კონკურენცია მმართველ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციას შორის სერიოზული ტესტია ქვეყნის მიერ სათუთად შექმნილი რეპუტაციისა, როგორც ლიბერალური ეკონომიკისა, რომელიც ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის.
პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში მაიკლ ტეილორი ამბობს, - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანა იმსახურებს ნდობას კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირების გამო.
მაგრამ ეს სრული სურათი არ არის. ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო, ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. რა ხდება სათავეში, მაღალ დონეზე? არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაუმჯობესდა". ჩანს, სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების გამარჯვება შემოდგომის საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალი აღარ არის. საქართველოს პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა 2011 წლის ოქტომბერში მილიარდერის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანისა და ცნობილი ფილანთროპის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ. მისმა განცხადებამ, რომ იბრძოლებდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, საარჩევნო კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა.
ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ისეთ საფუძველზე, რომელიც იშვიათად გამოიყენება და კრემლის მარიონეტად მონათლეს. ივნისის ბოლოს ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს ფინანსური ჯარიმები დააკისრეს პარტიის უკანონო დაფინანსების ბრალდებით; ივანიშვილს "ქართუ“ბანკის" აქციების წილის 100% და "პროგრეს ბანკის" 21.7% ჩამოართვეს. რახან აქციების მყიდველები არ გამოჩნდნენ, სახელმწიფომ "ქართუზე" კონტროლი თავად აიღო და ახალი მმართველები დანიშნა. ამ საქმეზე საუბარი მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს. "ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით საქართველო ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს", - ამბობს ტეილორი. მისი თქმით, "საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭირო".
"სააკაშვილთან დაახლოებულ ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს... საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი", - ამბობს ის.
„ეს მოსაზრება ეხმიანება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ არაერთ კვლევას. ერთ-ერთმა, რომელიც საწვავისა და საკვები პროდუქტების სფეროში ჩატარდა, გამოავლინა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ოლიგოპოლიას. "კიდევ ერთი ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ხელშია. კვლევამ, რომელიც მედიასა და ფარმაცევტულ სექტორში ჩატარდა, იგივე შედეგები უჩვენა. "დასავლეთში ჰგონიათ, თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა, მაგრამ ეს„ილუზიაა", -აღნიშნავს ტეილორი.