„ბიჭები ვართ და არ წავალთ!“

„ბიჭები ვართ და არ წავალთ!“

საზოგადოება გარკვეული მღელვარებით ელოდა პარლამენტის გუშინდელ სხდომას. ამის მიზეზი არა მარტო და არ იმდენად ბიუჯეტის პროექტი იყო, რომელიც სხდომაზე უნდა განეხილათ, არამედ, ქვეყანაში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებაც.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა და იწვევს დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ურთიერთდაპირისპირებული სამთავრობო თუ არასამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილება.

სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ სენაკსა და ხობში არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება. ლოთი ქობალიას ზოგიერთი განცხადებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი რაზმების აღმოსავლეთისაკენ გადაადგილების გამო, ამ რეგიონში გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული ქვედანაყოფები.

რაც შეეხება „მხედრიონს“, შევარდნაძის თქმით, მას სულ სხვა ამოცანა აქვს - შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს იქ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების შესრულებას. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ზოგიერთ მონაკვეთზე თავდაცვითი პოზიციების შესუსტება, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ჯერ არ ამუშავებულა ყველა დამცავი მექანიზმი, რომელიც შეუქცევად აქცევდა ცეცხლის შეწყვეტას.

გუშინწინ ედუარდ შევარდნაძე ესაუბრა ვახტანგ ქობალიას და მიიღო მტკიცე გარანტია იმისა, რომ ჯაბა იოსელიანის რაზმებს ზუგდიდის გავლით შეუფერხებლად გაატარებდნენ აფხაზეთისაკენ. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაცია ნათელყოფს აგრეთვე იმასაც, რომ თავის მხრივ, ზუგდიდის მხარემაც მოითხოვა გარკვეული გარანტიები „მხედრიონის“ მათ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

შემდეგ პარლამენტარები შეუდგნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული უმთავრესი საკითხის - ბიუჯეტის განხილვას. ძირითადი მოხსენებით კვლავ ფინანსთა მინისტრი კახი პოპიაშვილი გამოვიდა. მკითხველს ალბათ ახსოვს: წინა განხილვის დროს პარლამენტმა დაიწუნა ბიუჯეტის პროექტი, რადგან ნაკლებ რაციონალურად მიიჩნია იგი. თუმცა, კონკრეტული წინადადებები ცოტა იყო და კამათი მეტისმეტად სწრაფად გადაიზარდა უფრო გლობალური პრობლემის - მთავრობის გადადგომის აუცილებლობის განხილვაში.

თენგიზ სიგუამ მაშინვე გამოთქვა პროტესტი ასეთი მიდგომის გამო. თუმცა, იძულებული გახდა, კანონის მოთხოვნებს დამორჩილებოდა. კანონის თანახმად კი, თუ ბიუჯეტი პირველი კითხვით არ იქნა მიღებული, იგი უბრუნდება აღმსრულებელ ხელისუფლებას, რომელიც ორი კვირის ვადაში ვალდებულია წარუდგინოს პარლამენტს გაუმჯობესებული პროექტი, ხოლო თუ ეს ვარიანტიც უკუგდებულია კანონმდებელთა მიერ, მაშინ კაბინეტს რჩება უკანასკნელი ვადა - ერთი კვირა პროექტის კორექტირებისათვის. და თუ ეს შესაძლებლობაც ვერ იქნა გამოყენებული, მაშინ მინისტრთა საბჭო უნდა გადადგეს და სახელმწიფოს მეთაურმა დანიშნოს ახალი მთავრობა.

ასეთი შესაძლებლობის გათვალისწინებით, სხდომა თავიდანვე ძალზე დაძაბულად წარიმართა. ფინანსთა მინისტრი შეეცადა, დაემტკიცებინა დეპუტატებისათვის, რომ ახალ პროექტში კარდინალური ცვლილებებია შეტანილი - შემცირდა ბიუჯეტის გასავალი 8 მილიარდი კუპონით და გაიზარდა შემოსავალი 34 მილიარდით. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის დეფიციტმა 255 მილიარდი კუპონი, ანუ მთელი ბიუჯეტის 61% შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, კვლავ ასტრონომიული ციფრია.

აქვე უნდა ითქვას: ჩვენში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამოცდილების უქონლობის გამო, მრავალი დემოკრატიული მექანიზმი თავდაყირაა დაყენებული - საქართველოს პარლამენტი მოითხოვს ხარჯების შემცირებას და ბრალს სდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას არარაციონალური ბიუჯეტის წარმოდგენაში. მინისტრთა კაბინეტი კი - ყველანაირად ეწინააღმდეგება ხარჯების შემცირებას და ამას მოსახლეობის სოციალური დაცვის აუცილებლობით ხსნის. ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში კი პირიქით ხდება - კანონმდებლები მოითხოვენ ხარჯების გაზრდას, მინისტრები, - ბიუჯეტის რაციონალიზაციას არსებული ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით.

მეორე მომხსნებელი სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დემურ დვალიშვილი გახლდათ. მან, როგორც ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ერთადერთი სწორი პოლიტიკაა და მას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება ბიუჯეტს, მის შესავსებად უნდა მოხდეს საპროცენტო განაკვეთის გაზრდა.

წინა სხდომაზე ერთგვარი „მედიატორის“ როლს ბანკსა და კაბინეტს შორის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ასრულებდა.

თემურ ბასილიამ ამჯერადაც მკაცრად გააკრიტიკა ორივე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. მისი თქმით, ბიუჯეტის მთავარი ნაკლი დოტირების არასწორ სისტემაში მდგომარეობს - დოტაცია უნდა მიეცეს მოსახლეობას და არა საწარმოს. „ჩვენ არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ, როგორც ჩანს, დოტაციაზე მყოფ საწარმოებს ძლიერი ლობი ჰყავთ როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში“.

პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ ვრცლად მიმოიხილა ეკონომიკაში არსებული ვითარება. მისი აზრით, ბიუჯეტის შემდგომი რაციონალიზაციის ყოველგვარი შესაძლებლობა ამოწურულია, თუ დასავლეთიდან არ მოხდა მსხვილი კრედიტების მოზიდვა. ამავე დროს, ბიუჯეტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას დამტკიცებული, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეურნეობა ვერ დაფინანსდება და ეკონომიკას სრული კრახი ელის.

განსაკუთრებით მწვავე კამათი გამოიწვია პრემიერის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მწერალთა კავშირს (ისევე, როგორც ყველა სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებას) უნდა მოეხსნას სახელმწიფო დოტაცია, რადგან სახელმწიფო ამ ხარჯებს ვეღარ აუდის, მწერლებმა კი თავი თვითონ უნდა შეინახონ.

ამ განცხადებას მწერალ რეზო ჭეიშვილის მკაცრი პროტესტი მოჰყვა. თენგიზ სიგუას „ადგილიდან“ შეეშველენ: კარგი წიგნები დაწერეთ და კარგადაც იცხოვრებთო.

შესვენების შემდეგ, ირინა სარიშვილმა დებატების შეწყვეტა და მთავრობის ნდობის საკითხის დაუყოვნებლივ კენჭისყრაზე დასმა მოითხოვა, მაგრამ კამათი მაინც გაგრძელდა.

გურამ მუჩაიძემ განაცხადა, რომ სანამ არ გაირკვევა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხი, მანამ ეკონომიკას არაფერი არ ეშველება. იმ პარტიებმა კი, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, სჯობს, ჯერ თავისი წარმომადგენლები გამოიწვიონ კაბინეტიდან, და შემდეგ დასვან „ნდობის საკითხი“. ამის საპასუხოდ ეროვნულ-დემოკრატთა ფლანგიდან ხუმრობანარევი შეძახილი გაისმა: ირაკლი, მიხეილ - ახლავე ადექით და გამოდით მთავრობიდან! ადრესატები, როგორც ჩანს. მიხეილ ჯიბუტი და ირაკლი ქადაგიშვილი იყვნენ.

მთავრობის კრიტიკა სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენდა, - ნოდარ ნათაძის აზრით, იგი მთავრობა კი არა, ცარიელი ადგილი იყო, ბორის ლომსაძემ განაცხადა: „მე მინისტრების უნარიანობის შესამოწმებლად შესანიშნავი ლაკმუსის ქაღალდი მაქვს: როგორც კი ჩამოუგდებ საუბარს სამცხე-ჯავახეთზე, მაშინ გაირკვევა, ვინ რა კაციაო“.

თენგიზ სიგუა - თენგიზ კიტოვანმა დაიცვა. მისი თქმით, თუ გადადგომაა, ჯერ სახელმწიფოს მეთაური უნდა გადადგეს, როგორც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი. ირინა სარიშვილმა ჰკითხა თავდაცვის ყოფილ მინისტრს: ბენზინზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - ვის და შენ! - უპასუხა კიტოვანმა.

გერმანე ფაცაციამ მისთვის ჩვეული იუმორით თქვა: ევროსაბჭოში რომ მიგვიღონ, საჭიროა მთავრობა ერთხელ მაინც შეიცვალოს მშვიდობიანი გზით - ძალით არ იქნას დამხობილი, რაც დემოკრატიის არსებობის დამადასტურებელი გახდება ჰელსინკის პროცესის მონაწილეთათვის.

დიდი დავიდარაბა ატყდა იმასთან დაკავშირებით, რისთვის უნდა ეყარათ კენჭი - მთავრობისადმი ნდობის თუ უნდობლობის ვოტუმისათვის.

მიუხედავად ორსაათიანი კამათისა, ვერაფერი გაარკვიეს და მინისტრთა კაბინეტის გადაყენებისათვის სხვა გზა აირჩიეს - კენჭისყრის შედეგად „ჩააგდეს“ ბიუჯეტი, რის შემდეგაც სიგუას თავმჯდომარეობით მინისტრთა საბჭო ხანმოკლე თათბირზე შეიკრიბა და შესვენების შემდეგ განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა: „მართალია ბიუჯეტი არ დაგვიმტკიცეთ, მაგრამ ჩვენ მაინც არსად არ წავალთ, თქვენ კი ჩვენი გაძევების არავითარი კანონიერი მექანიზმი არ გაგაჩნიათო!“

ირაკლი წერეთელმა ეს პოზიცია ასე განმარტა: მთავრობა ამბობს - „ბიჭები ხართ და გაგვაგდეთო!“

ამ განცხადებამ, ბუნებრივია, აღაშფოთა პარლამენტარები. სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა, სიტყვ აეღო და საკითხის განხილვის გადატანა მოითხოვა.

წინადადება გაითვალისწინეს.

ჯაბას გამოსვლა უაღრესად დრამატული გამოდგა: მან ფაქტობრივად გააფრთხილა პარლამენტი, რომ საქართველოში მზადდება სამოქალაქო ომი, რომელიც უდიდეს სისხლისღვრას გამოიწვევს, ამიტომ ახლა მთავრობის გადადგომის დრო არ არის - ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი უნდა იქნას შემოღებული, რათა ვიხსნათ იგი საბოლოო დაღუპვისაგან.