ბახტაძე VS მარგველაშვილი

ბახტაძე VS მარგველაშვილი

პრემიერი უარზეა პრეზიდენტის მოწოდების შესრულებაზე, რომ მთავრობის უახლოეს სხდომას პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებოდნენ

პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის უკვე ტრადიციად ქცეული დაპირისპირება გრძელდება და ამჯერად მარგველაშვილზე შეტევის მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრი გახდა.

მამუკა ბახტაძემ უარი განაცხადა გიორგი მარგველაშვილის მოწოდების შესრულებაზე, რომ მთავრობის უახლოეს სხდომას პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებოდნენ და მას ამ უარში "ოცნების" დეპუტატებიც, რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ, აჰყვნენ, თუმცა შემდეგ, როდესაც იურისტებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ბახტაძე უარით კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევდა, "ოცნების" ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია და ხმაურის ატეხვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააკეთა განცხადება, რომ პრემიერი პრეზიდენტის წინადადების მიღებაზე უარს არ აცხადებს მხოლოდ ერთი პირობით - თუ მთავრობას პირადად პრეზიდენტი მიმართავს და არა - მისი საპარლამენტო მდივანი.

ნათია მიქელაძის თქმით, ამ შემთხვევაში, მთავრობის სხდომის მოწვევის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციისადმი მიწერილი წერილი დაწერილი იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

ხოლო თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მთავრობა მოთხოვნას განიხილავს და მის შესრულებას უზრუნველყოფს.

მთავრობის ადმინისტრაციის ერთგვარ "თავის მართლებას" გამოეხმაურა თავად პრეზიდენტის წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი. მან განაცხადა, რომ კანცელარიიდან გაკეთებული განცხადება "არაკომპეტენტური" და "უპასუხისმგებლოა" და პრეზიდენტმა უკვე მიმართა პრემიერს, რაც მთელმა საქართველომ ნახა.

"პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერ-მინისტრს, ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, განზე გადგეს, გაექცეს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით.

"ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისათვის. ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მთელი ეს ხმაური იმით დაიწყო, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებისა და სკანდალური ფარული ჩანაწერების გამო სამშაბათს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომის მოწვევა შესთავაზა და ამ სხდომაზე დასწრება ითხოვა.

პრეზიდენტის თქმით, ის სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხის შესახებ აპირებს მთავრობასთან დიალოგს.

მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრმა მარგველაშვილის წინადადებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მთავრობის სხდომას ჩვეულებრივი განრიგითა და რეჟიმით ატარებს.

"საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგითა და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს", - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძემ მარგველაშვილის მიმართ უკმაყოფილებაც არ დამალა და თქვა, რომ პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი გირგვლიანის მკველობასა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის და ეს პრინციპულად მიუღებელია.

პრემიერს მარგველაშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ის განცხადება არ მოეწონა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ "ირინა ენუქიძის მსგავსად, ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს" და "ტრაგიკულია, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს იმავე ტრაგედიის საზოგადოებისათვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი".

პრეზიდენტის შეთავაზების გათვალისწინებაზე უარი ბახტაძემდე გაახმოვანა რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობის სხდომის მოწვევის უფლებამოსილება არ აქვს.

პრეზიდენტის ამ მოთხოვნას არაადეკვატური უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებამოსილია, მთავრობის სხდომაზე დისკუსიის გამართვა მოითხოვოს, მაგრამ "კონსტიტუციაში არ წერია, რომ მთავრობა ვალდებულია, პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებას ანგარიში გაუწიოს". მისი თქმით, მთავრობის პრეროგატივაა, რამდენად გაუწევს ანგარიშს პრეზიდენტის მოთხოვნას.

"ოცნებიდან" გაკეთებული ეს განცხადებები არაკონსტიტუციურად შეაფასეს კონსტიტუციის სპეციალისტებმა. ვახუშტი მენაბდის შეფასებით, თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და მას მთავრობის პირველივე სხდომაზე არ მოიწვევს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და პრემიერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველსაც ქმნის.

მენაბდის განმარტებით, როცა კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია, პრეზიდენტის ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს.

"მთავრობის სხდომის დღის წესრიგს პრემიერ-მინისტრი ადგენს და პრემიერი იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხი მთავრობის პირველივე სხდომაზე უნდა გაიტანოს. თუ პრემიერ-მინისტრი ამას არ გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და არის იმპიჩმენტის საფუძველი.

"როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ვიღაც უფლებამოსილია, რაღაც მოითხოვოს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ არსებობს შემხვედრი ვალდებულება. როცა კონსტიტუციას სურს, რომ შემხვედრი ვალდებულება არ არსებობდეს, მაშინ იქნება ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, რაღაც მოითხოვოს, ხოლო პრემიერ-მინისტრს შეუძლია, ეს მოთხოვნა უარყოს. რაკი ეს არ წერია, იგულისხმება, რომ ვალდებულია", - ამბობს მენაბდე.

პრეზიდენტის უფლება, მოითხოვოს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვა, კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტით არის გამყარებული. ასევე "მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, დაესწროს მთავრობის სხდომას, თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა.