ბიზნესმენები "რეზონანსთან" პირდაპირ ამბობენ, რომ კომპანიები კატასტროფის პირას არიან
ლარის კურსის მორიგმა ელვისებურმა გაუფასურებამ ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით იმ კომპანიებს უჭირთ, რომლებიც უცხოური ნედლეულით მარაგდებიან. შეიძლება ითქვას, ასეთია ქართული საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა, რამდენადაც ქვეყანას ადგილობრივი წარმოება არ აქვს და თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.
ეროვნული ვალუტის კურსი ყოველდღიურ რეჟიმში უფასურდება და უკვე 2,70-ს მიაღწია. მსხვილი ბიზნესის პროგნოზით, კომპანიების დაახლოებით 20% ამ ვითარებას ვერ გაუძლებს და გაკოტრდება.
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პირდაპირ ამბობს, რომ მეწარმეებზე მეტად იმპორტიორებს გაუჭირდებათ, ხოლო წლის ბოლოდან და შესაძლოა, უფრო ადრეც ქვეყანაში ფასების მასშტაბური ზრდაა მოსალოდნელი.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ლარის გაუფასურება ამ ტემპით თუ გაგრძელდა, ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემა შეექმნება. ნედლეული, ძირითადად, უცხოურია და დოლარში გვიწევს შესყიდვა. მუდმივად მატულობს ხარჯი, ხოლო მოსახლეობა მსყიდველუუნაროა, რაც პროდუქციის გაძვირების შესაძლებლობას არ გვაძლევს.
მიუხედავად ფინანსური დანაკარგისა, ბოლო პერიოდში არც ერთ კომპანიას ფასები არ გაუზრდია. ეს სიტუაცია შემიძლია შევაფასო, როგორც კრიზისი. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ კურსთაშორისი სხვაობებით ბანკები არნახულ მოგებაზე გადიან და ბიზნესი ზარალდება", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩოჩელი და დასძენს, რომ სავალუტო პრობლემის გამო, საქართველოში მომსახურების ყველა დარგს უჭირს.
"აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის პრობლემა, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან კოშმარია. ჩვენ არ გვაქვს წარმოება, მომხმარებელ ქვეყანას წარმოვადგენთ. ამიტომ ასეთ პირობებში ადგილობრივი კომპანიების 20% გაკოტრდება, ეს პროცესი გარდაუვალია.
კიდევ ვამბობ, ყველა მიმართულებით არის პრობლემა, რადგან ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და წარმოება თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი საწარმოები კიდევ დიდხანს დაიჭერს თავს (მსხვილ ბიზნესს ვგულისხმობ), იმპორტიორებს კი ძალიან გაუჭირდებათ.
წლის ბოლომდე ფასები კიდევ აიწევს. არ გამოვრიცხავ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტი მასშტაბურად გაძვირდეს, ხოლო რა იქნება შემდეგში, წარმოდგენაც მიჭირს", - აღნიშნავს ჩოჩელი.
კომპანიების გაკოტრებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისაგან თავს იკავებს ბიზნესმენი გოგი თოფაძე, მაგრამ ადასტურებს, რომ პრობლემა როგორც წარმოებაში, ასევე მომსახურების სეგმენტშიც მოსალოდნელია.
"ლარის კურსმა ყველა დაგვაზარალა. ალბათ, არ არსებობს სექტორი, სადაც კურსის ნეგატიური გავლენა არ იგრძნობა. პრობლემაა ყველასათვის - მშენებლობა, ვაჭრობა, წარმოება და სხვა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელი მოვლენა, მთელი მსოფლიო განიცდის კრიზისს.
ალბათ სტაბილური ბიზნესი კრიზისს თავს გაართმევს, მაგრამ მოგება აბსოლუტურად ყველას შეუმცირდება. ბევრს წარმოების გადარჩენაც გაუჭირდება, მაგრამ პროცენტულად რა მაჩვენებელი შეიძლება იყოს ეს, პროგნოზს ვერ გავაკეთებ", - აცხადებს "რეზონანსთან" გოგი თოფაძე.
წარმოებაში არსებულ პრობლემაზე საუბრობს კვერცხის მწარმოებელი კომპანია "პატარძეულის" დირექტორი ოთარ მუჩიაშვილიც. იგი პროდუქციის გაძვირებაზე აკეთებს აქცენტს.
"ერთხელ უკვე გავაძვირეთ პროდუქცია, სამომხმარებლო ბაზარზე ეს ცვლილება 2-3 თეთრის ფარგლებში აისახა. ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გავაკეთებთ. პრობლემა ძალიან დიდია. ლარის გაუფასურებამ მიზერულ მოგებაზე დაგვტოვა, ცხადია, არის დანაკარგიც. არ ვიცი, როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან", - ამბობს მუჩიაშვილი.
კომპანიების მოსალოდნელ გაკოტრებაზე აკეთებს აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე. აქამდე კომპანიები უშუალოდ ლარის კურსის გამო ბოლო პერიოდში არ გაკოტრებულან, მაგრამ ეს პროცესი ნამდვილად დაიწყება.
"უარყოფითი შედეგი ბიზნესში ასე უცებ არ ვლინდება. პირველ რიგში, გაუჭირდებათ მათ, ვისაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. გააჩნია, კონკრეტულ ვითარებაში რა ზომებს მიიღებენ და რამდენად ჰარმონიულად მოახდენენ გარე ფაქტორებზე რეაგირებას.
ძალიან კრიზისული ვითარებაა. ბიზნესი შეთხელდება საკმაოდ, ზოგი გაკოტრდება. ფაქტობრივად, რაღაც დონეზე ეს პრობლემა ყოველწლიურადაა. შემოდგომაზე კურსის გაუფასურებას ტრადიციულად ისევე ველოდებით, როგორც მაგალითად, რთველს, რომელიც ამ სეზონისათვის დამახასიათებელი მოვლენაა.
შეილება კომპანიების 20%-ის გაკოტრება ცოტა გადაჭარბებული პროგნოზია, მაგრამ რეალობისაგან არც ისე შორსაა. სავალუტო კრიზისი ყველას შეეხო, გააჩნია, ვინ როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მიხეილ ჭელიძემ.