რისთვის ემზადებიან რუსი პილოტები...

რისთვის ემზადებიან რუსი პილოტები...

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის არმიაში განხორციელებული რეფორმების შედეგად სამხედრო ოლქების ახალი ადმინისტრაციული დაყოფა მოხდა. ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ნაცვლად შეიქმნა სამხრეთის სამხედრო ოლქი. ამ ოლქში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, შევიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-4 სარდლობა.

ეს სწორედ ის ძალები და შენაერთებია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს უტევდნენ, თუმცა მაშინ სხვადასხვა სარდლობას ექვემდებარებოდნენ და მათი კოორდინაცია მოიკოჭლებდა.

ახალი ადმინისტრაციული დაყოფის შემდეგ მათ ერთიანი მეთაურობა ეყოლებათ და უფრო შეთანხმებულად შეძლებენ მოქმედებას, თუნდაც ისევ საქართველოს წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-7 და მე-4 რუსული ბაზებიც შედის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პირველ რიგში - საჰაერო თავდაცვის მეთაურებისთვის (თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალები ქართულ არმიაში ცალკე აღარ არსებობს და ისინი სახმელეთო ჯარების სარდლობას ექვემდებარება) საინტერესო უნდა იყოს ეს ინფორმაცია: რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პილოტებმა 2011 წლის სასწავლო-საბრძოლო მომზადების სახით 43 ათასი საათი იფრინეს, აქედან 25% ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში; შეასრულეს 4 ათასი დაბომბვა და გაუშვეს 5 ათასამდე რაკეტა; 230-მდე რუსმა პილოტმა, შტურმანმა და ბორტინჟინერმა აიმაღლა კვალიფიკაცია; გამოცდილი მფრინავების ნაფრენმა წლის განმავლობაში 90 საათს, ხოლო ახალგაზრდა პილოტებისამ - 140 სთ-ს მიაღწია, არადა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ეს პილოტები წელიწადში 10-15 საათზე მეტს არ დაფრინავდნენ.

ეს ციფრები საქმეში ნაკლებად ჩახედულებს შეიძლება არაფერს ეუბნება, მაგრამ სპეციალისტები მიხვდებიან - საქართველოს საზღვრებთან (და შიგნით) მდგომი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პილოტები დაჩქარებული ტემპით გადიან საბრძოლო მომზადებას (მათ შორის - ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოქმედებისთვის, რაც ძალზე საგულისხმოა), რათა, სავარაუდოდ, აღარ გაიმეორონ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები...