მეცნიერული რჩევა - ანუ მივეძალოთ მარიხუანას?!

მეცნიერული რჩევა - ანუ მივეძალოთ მარიხუანას?!

ის, რომ ნარკომანია მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამას ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული ნარკომომხმარებლების ოდენობაც მოწმობს. მეტიც, არაოფიციალური სტატისტიკით, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია და, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, თითქმის 200 000-ს უკაკუნებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, „საქსტატის“ ცნობით, ჩვენს სამშობლოში აქტიურად შრომისუნარიანი მოსახლეობის ოდენობა (20-დან 50 წლამდე) 1 მილიონ 800 ათასია, ღრმა მათემატიკური ცოდნის გარეშეც აშკარა ხდება, რომ 200 000 შოკისმომგვრელი ციფრია.

შოკისმომგვრელია თუ იმედისმომცემი, მაგალითად, გასულ კვირას ტელეკომპანია „იმედმა“ სენსაციური ცნობა მოგვაწოდა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე შეაფასეს) და ფართო საზოგადოებას ებრაელი მკვლევრების სკანდალური დასკვნაც გააცნეს (მეორე მხრივ, ისიცაა, აბა, ხომ არ ჩამოვრჩებოდით მსოფლიოს მოწინავე მეცნიერების მაჯისცემას?!). კერძოდ, ის, რომ, თურმე, მარიხუანა პოსტ-ტრავმულ შოკს ხსნის.

ბუნებრივია, მხოლოდ მშრალი ცნობით არ შემოფარგლულან და გვარიანად გრძელი სიუჟეტიც მოაყოლეს, რომელშიც დეტალურად ახსნეს, რომ, ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევრებს დაუდგენიათ, თურმე კანაფი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ადამიანში აგზნებადობას, აგრესიულობასა და აღელვებას ბლოკავს. თანაც, ეს ყოველივე შესაბამისი ნივთმტკიცებებითაც იყო გალამაზებული (სავარაუდოდ, მეტი დამაჯერებლობისთვის). არც ის დაგვიმალეს, რომ მარიხუანით „დაბოლება“ სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს. მართალია, სიუჟეტში ქართველმა ექიმებმა განგვიმარტეს, რომ ეს ყოველივე დროებითია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანაფის მოყვანა მსურველებს საკუთარი აივნების ქოთნებშიც კი შეუძლიათ (აღარაფერს ვამბობ მინდორ-ველებზე), ეჭვი ჩნდება, რომ სიუჟეტს არა მხოლოდ ინფორმაციული, საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდა: შემოგიტიეს სტრესებმა? შეაგებეთ კანაფი!