ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს - რუსული ეკლესიის ფინანსური შეტევა კოსტანტინოპოლის ეკლესიებზე

ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს - რუსული ეკლესიის ფინანსური შეტევა კოსტანტინოპოლის ეკლესიებზე

რუსეთის საპატრიარქო მორწმუნე რუსებს სტამბოლში, ანტალიასა და საბერძნეთის კუნძულებზე ლოცვას უკრძალავს. ასევე რუსებს ლოცვა ეკრძალებათ ათონის მთაზეც. ხოლო თუ სასულიერო პირი ილოცებს ნებისმიერ იმ ტაძარში, რომელიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია, მას აღსარებაც არ უშველის და საერთოდ განიკვეთებიან.

15 ოქტომბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთის ეკლესიამ საგანგებოდ გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სრულად წყვეტს ევქარისტულ კავშირს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. სრულად ურთიერთობის გაწყვეტაში კი რუსეთის საპატრიარქოს განმარტებით, იგულისხმება ისიც, რომ რუს მრევლს ეკრძალება ლოცვა იმ ტაძრებში, რომელიც კოსტანტინოპილის საპატრიარქოს იურისდიქციაშა.

რუსეთის ეკლესიის ეს ნაბიჯი არის პასუხი კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებისა, რის მიხედვით კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას სულ მალე ავტოკეფალიას მიანიჭებს.

მინსკში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საპატრიარქოდან გაკეთდა განცხადება, რომ მორწმუნე რუსებს საზღვარგარეთ მდებარე ზოგიერთ ეკლესიაში სალოცავად შესვლა ეკრძალებათ. ეს ის ეკლესიებია, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შედის, მათ შორისაა: სტამბოლის ყველა მოქმედი ტაძარი, ანტალიაში მდებარე ტაძარი, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე და დოდეკანესის კუნძულებზე განლაგებული ტაძრები, ასევე, ათონში მდებარე ის ტაძრები, რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება.

როგორც რუსეთის საპატრიარქოდან ითქვა, თუ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შემავალ ტაძარში ილოცებს მრევლი, ეს იქნება ცოდვა და უნდა მოინანიონ აღსარებით. ხოლო თუ სასულიერო პირი ილოცებს, არ უშველის აღსარება და განაყენებენ საერთოდ.

თეოლოგი გოჩა ბარნოვის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მიანიშნებს იმას, რომ ისინი არიან ძალიან დაბნეულები და ძალიან ცუდი განზრახვა აქვთ ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობებში.

„რას მოიტანს ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამგვარი განჩინება არაკანონიკურია და ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს. ყოფილა უამრავი შემთხვევა ევქარისტული კავშირის გაწყვეტის, შუა საუკუნეებშიც, მოგვიანებითაც, მაგრამ ეს იყო დროებითი, რამდენიმე თვე ან წელი გაგრძელებულა და შემდეგ ეს კავშირი აღმდგარა.

"ამიტომაც ეს ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ ამ ფორმით, რომ სასულიერო პირებს აღსარების შემდეგაც არ შეუნდობენ, ასე არასდროს ყოფილა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღსარებით არ განიწმინდოს, სინანულის საიდუმლოთი არ განიწმინდოს და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ აღსარებითაც კი არ დაბრუნდებიან ეკლესიაში?!

"კონსტანტინოპოლის ეკლესია ერეტიკული ეკლესიაა?! რა თქმა უნდა, არა. ერესიდან დაბრუნებული ადამიანი მიიღება სინანულით ეკლესიაში და აღუდგება სამღვდელო ხარისხი და მით უმეტეს ახლა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული თემაა და მეტი არაფერი, რუსეთის ეკლესიის ამგვარი მკვეთრი განცხადება ბოდვის ტოლფასია,"- მიიჩნევს ბარნოვი.

რუსეთის ეკლესიიდან ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გამო შესაძლოა თუ არა მივიღოთ ისეთივე დიდი სქიზმა, როგორც იყო 1054 წელს რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის, რის შემდეგაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები ჩამოყალიბდნენ?

გოჩა ბარნოვს იმედი აქვს, რომ ასეთ დიდ სქიზმას არ მივიღებთ.

„1054 წელს ორმხრივი სქიზმა იყო. იმ დროს სქიზმა რომმაც გამოაცხადა და კოსტანტინოპოლმაც. ახლა კი მხოლოდ ცალმხრივი გამოცხადებაა სქიზმის და როგორც ვიცი, კოსტანტინოპოლი არ აპირებს იგივე ნაბიჯით უპასუხოს. თუმცა მომავალში რა მოხდება, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნავს ბარნოვი.

ბარნოვის თქმით, რუსული ეკლესიის გეგმაა, კოსტანტინოპოლის ეკლესიებს ფინანსურად შეუტიოს და ამით იძიოს შური და სწორედ ამიტომაც აუკრძალა რუს მრევლს ათონის მთაზე ლოცვაც.

„რუს მომლოცველებს ძალიან დიდი ფული შეჰქონდათ იგივე ათონის მთაზე და რუსული ეკლესიის განზრახვა სწორედ ესაა, ეკონომიკურად დაარტყან ათონის მთას. ათონის მთას ამით რა თქმა უნდა დანაკლისი ექნება, მაგრამ იქ საკმარისად შედიან სხვა ბერებიც და კატასტროფული შედეგის მომტანი ეს ვერ იქნება.

"ათონის მთაზე რუსებს დიდი გავლენები აქვთ. ათონის მთაზე რუსების შესვლა მანამდე თავად საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა, იმიტომ რომ, იქ საშიშროებაა, რომ გარკვეული პროპაგანდა გასწიონ, გადაიბირონ ბერები, შფოთი შეიტანონ და იქ რუსები ისედაც არ არიან დაშვებულები," - დასძენს ბარნოვი.