ახალი გარემო ქვეყანაში

ახალი გარემო ქვეყანაში

"სიტუაცია იქამდეა მისული, რომ გამოძიება აქ გადამწყვეტი აღარ არის, ახლა პოლიტიკური ქმედებები და გადაწყვეტილებებია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი"

 რა გავიგეთ მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერებიდან და რა ვერსია შემოგვთავაზა პროკურატურამ. იურისტები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ სუბელიანის ჩანაწერების მიხედვით, აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ ექვსი წლის თავზე საქართველოს მოსახლეობა მოტყუებული დარჩა და ქვეყანა კვლავ სააკაშვილისდროინდელი ჩინოვნიკებითა და მეთოდებით იმართება.

იურისტების აზრით, სუბელიანი ყვება იმ სქემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ცხრა წლის განმავლობაში უკვე მოსმენილი აქვს. გამოდის, რომ სისტემას მხოლოდ "ბოსი" შეეცვალა, რომელმაც სააკაშვილისდროინდელი კარგი შემსრულებელი ჩინოვნიკები იყიდა.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ბოლო დროს ივანიშვილს დალაგების სისტემა აერია და ყველაფერი ზემოთ, ზედაპირზე ამოდის. მათი შეფასებით, ეს არის ვირთხების დარევა, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთი დარჩება და ვარაუდობენ, რომ ფარცხალაძისა და სუბელიანის მსგავსი სისტემის სხვა ჩინოვნიკებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას მძევლად აიყვანენ. ამიტომ სასწრაფოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ქვეყანაში რაღაც ახალი გარემოა შექმნილი, რომელიც დღის სინათლეზე ნელ-ნელა გამოდის. ამ ჩანაწერებით კი დადასტურდა და აიხსნა მიზეზი, რატომ არ ხდებოდა სამართლიანობის აღდგენა და გახმაურებული საქმეების გამოძიება.

იურისტის აზრით, პროკურატურა ხელისუფლების პირველ პირზე, ანუ არაფორმალურ მმართველზეა დამოკიდებული. ამიტომ ახლა ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ უსუსური მცდელობაა, რომ საზოგადოებას რაღაც მიაჩეჩონ მისი დეზორიენტირების მიზნით, მაგრამ საზოგადოებას უკვე ბევრი აქვს ნანახი და ასე ადვილად არ მოტყუვდება.

"როდესაც საზოგადოებაში "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის იგნორირების გამო დიდი იმედგაცრუება იყო, ჩემთვის მაშინვე გამოიკვეთა, რომ ეს არ ხდებოდა გაუბედაობისა და სიფრთხილის გამო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება და მისი სურვილი, რომ სამართლიანობა კი არ უნდა აღედგინათ, არამედ თვითონ უნდა ჩანაცვლებოდა "ნაციონალების" იმ გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ახლა სუბელიანისა და ფარცხალაძის სახით მოგვევლინა.

"ახლაც გამოყენებულია იგივე სქემა, სადაც უფრო გამოკვეთილად ერთი ადამიანი ჩანს. მას სახელმწიფო რეკეტი აქვს შექმნილი და მისი ნაწილია ყველა - ფარცხალაძე, სუბელიანი, პროკურატურა და ყველა სახელისუფლო სტრუქტურა.

"სუბელიანისა და მისთანების კატეგორია ფულისთვის ყველას ემსახურება. მათ ვინც შესაძლებლობას მისცემს, რომ ფულის გამო ყველაფერი იკადრონ, რა თქმა უნდა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხელისუფლების სათავეში რომელი პოლიტიკური პარტია იქნება.

"ასეთი ადამიანები ძველებურად აგრძელებენ "მოღვაწეობას". სუბელიანის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მათ მხოლოდ "ბოსი" გამოიცვალეს და სხვა არც არაფერი აქვთ გამოცვლილი", - აცხადებს მუხაშავრია "რეზონანსთან".

მისივე თქმით, ივანიშვილი თავიდან "ნაციონალების" სისტემის ნაწილი იყო, განხეთქილების შედეგად კი სააკაშვილი ჩამოიცილა და ვინც სჭირდებოდა იმ ხელისუფლებიდან, უკან იყიდა. ახლა საკითხავია, იმ ხელისუფლებიდან მას ვინ არ მიეყიდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ექვსი წლის თავზე ამომრჩეველი ხვდება, რომ მოტყუებულია და საარჩევნო დაპირებებიც სრული ბლეფი აღმოჩნდა. იმ ცხრა წელს კი ეს ექვსი წელიც უნდა დავუმატოთ, რადგანაც ამ დროის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არაფერი შეცვლილა.

მუხაშავრიას აზრით, არ არის გამორიცხული, რომ სუბელიანმა ხელისუფლებას სამაგიერო გადაუხადა და დალაგების სისტემა ბოლო დროს აირია. ამიტომაც მან თავი მსხვერპლად იგრძნო და გადაწყვიტა, რომ შური იძიოს. ხელისუფლების გასაფრთხილებლად კი მას მხოლოდ ეს ხერხი ჰქონდა.

"ჩვენ ახლა ვირთხების ერთმანეთზე დარევის პროცესში ვართ. ვუყურებთ, ერთმანეთს როგორ დაჭამენ. თუმცა მგონია, რომ ეს კარგიც არის, რადგანაც ერთი გადარჩება ამ დაპირისპირებაში და საზოგადოებას მაინც ეცოდინება, რომ ერთი ჰყავს და მას უკვე ადვილად მოუვლის. რაც უფრო ბევრს იტყვიან ერთმანეთზე, მეტი ლუსტრაცია მოხდება. საზოგადოებასაც აზრის გამოტანის მეტი საშუალება მიეცემა", - აცხადებს "რეზონანსთან" იურისტი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერსია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით აბსურდული და ალოგიკურია. მისთვის გაუგებარია, თუ გამოძიება თორმეტ ოქტომბერს დაიწყო, მანამდე რატომ არ გამოვიდა პროკურატურა განცხადებით და რატომ დაელოდა სიუჟეტისა და ჩანაწერების გასვლას.

ალაფიშვილი უცნაურს უწოდებს ფაქტს, რომ პროკურატურამ გამოძიება სასჯელაღსრულების ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანი აშანტაჟებდა და მირზა სუბელიანის ჩანაწერების გავრცელებას აიძულებდა. იურისტი სვამს კითხვას, თუ ამ თანამშრომლისთვის ეს პირი უცნობი იყო, საიდან ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? ასევე, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიწერა.

ამიტომაც იგი პროკურატურის ვერსია არ ენდობა და ფიქრობს, რომ ეს საქმეც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც, მაგალითად, 2016 წელს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

"პროკურატურისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც ამ ჩანაწერის შინაარსი აინტერესებს. ჩემთვის სუბელიანის ყველა მეორე წინადადება შემაშფოთებელია. ყველა მისი ნათქვამი გადამოწმებადია და გამოძიებით შეიძლება დადასტურდეს. რამდენად ადეკვატურად მოიქცევა ხელისუფლება, იმდენად შეგვიძლია, მისი პოლიტიკური მომავალი ვივარაუდოთ.

"მირზა სუბელიანის საუბრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების სისტემაში წარმატებულები იყვნენ, საქმიანობას კვლავ აგრძელებენ. შესაბამისად, პოლიტიკური შემადგენლობა უკვე ვინ იქნება, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც მმართველობის იგივე სისტემა გვაქვს.

"სიტუაცია ახლა იქამდეა მისული, რომ გამოძიება აქ გადამწყვეტი აღარ არის. აქ ახლა პოლიტიკური ქმედებები და გადაწყვეტილებებია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც ამის მიხედვით იმოქმედებს", - აცხადებს ალაფიშვილი "რეზონანსთან".

პროკურატურის ინფორმაციით კი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ჩანაწერის გაკეთება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოხდა.

"საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციალური სამსახურის თანამშრომლის - ი.პ-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის წლის 12 ოქტომბერს მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა.

კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს.-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიების ფარგლებში ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით", - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელიც უკვე გასაჯაროვდა, პროკურორის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, საპატიმროში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლებას არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს. კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც გარკვეული ჯგუფის გამოვლენას გულისხმობს. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული პირები უწევენ ორგანიზებას მსგავსი შინაარსის საუბრებს, რათა შემდგომ ჩანაწერების მოპოვება მოხდეს.