რამდენიმე დღის წინ სომხურ News.am-თან საუბრისას «მრავალეროვანი საქართველოს» ლიდერმა არნოლდ სტეფანიანმა განაცხდა, რომ «საქართველოს ხელისუფლებამ ეკლესიის წინაშე უკან დაიხია და სომხურმა ინტრესებმა კვლავ დარტყმა განიცადა». სტეფანიანი თვლის, რომ განმარტებითი ბარათი, რომელიც პარლამენტმა რელიგიის კანონის მიღების შემდეგ მიიღო, იურიდიულად არაფერს ცვლის, მაგრამ მართლმადიებელი მრევლის პროტესტმა ბევრი პრობლემა ამოიატივტივა...
ბატონო არნოლდ, განმარტებითი ბარათის მიღება რატომ გააპროტესტეთ?
- კანონში, პრინციპში, ყველაფერი ეწერა და ახსნა-განმარტებითი ბარათი, ჩემი აზრით, საჭირო აღარ იყო.
თუკი ასეა, აბა, რამ გამოიწვია თქვენი შეშფოთება?
- შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ქსენოფობიურმა ტალღამ აიწია. სამწუხაროდ, იმ ხალხის უმრავლესობამ, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, არც იცოდა, თუ რა ეწერა კანონში. ვწუხვარ, რომ ეს კანონი ბევრ სასულიერო პირსაც არ ჰქონდა წაკითხული და ამის გამო პრობლემები წარმოიშვა.
სწორედ ამიტომ ითხოვდა ქართული ეკლესია, რომ კანონის საჯარო განხილვა მომხდარიყო...
- პარლამენტს საჯარო განხილვა რომ დაეწყო, ვფიქრობ, კანონს ვერ მიიღებდა, რადგან ეკლესია, ფაქტობრივად, წინააღმდეგი იყო.
ეს კანონი საქართველოს პატრიარქის გვერდის ავლით რომ არ მიეღოთ, კანონიც სრულფასოვანი იქნებოდა და არც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, თუმცა არის ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ყველანი ვუშვებთ: ამ კანონის მიღების მიზეზად სომხურ ეკლესიას ვასახელებთ, მაგრამ ასე არაა, რადგან ბოლო წლებში ასეთი ტიპის კანონის მიღებას სხვა კონფესიებიც ლობირებდნენ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ბოლო ლობისტი გარეგინ II აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მიღება გაცილებით მშვიდად შეიძლებოდა 2004 წელს, როცა ხელისუფლებას უფრო ნორმალური ურთერთობა ჰქონდა ეკლესიასთან და მოსახლეობის მხრიდანც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.
ვნებათაღელვის მიუხედავად, კანონი მიღებულია და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გარეგინ II-ის ვიზიტი სომხური ეკლსიისთვის წარმატებული აღმოჩნდა!
- ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. რეალურად, ამ კანონის შედეგად კონფესიებს ეძლევათ საშუალება, რომ გაიარონ რეგისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, თუმცა იქვეა ნათქვამი, რომ ის უფლება, რომელიც ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მათ არ აქვთ, ანუ აქვთ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებების დონეზე რჩებიან. ამიტომ ვთვლი, რომ ის განმარტებითი ბარათი, რომელიც ამ კანონს მოჰყვა, ზედმეტია, მაგრამ თუ ვისაუბრეთ ზენობრივ და პოლიტიკურ დატვირთვაზე, მაშინ გასაგებია - ამ ბარათით ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის მონაწილეობა კანონის მიღებაში. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ კანონში არავისთვის არაფერი ცუდი არ წერია, მაგრამ ჩვენთვის ნომერ პირველი პრობლემა ქსენოფობიაა, რომელიც მიტინგების დროს გამოვლინდა.
ე.წ. არმენოფობიის რამდენი მაგალითი აღნუსხეთ?
- არმენოფობიას არ დავრქმევდი... ქსენოფობიის 38 მაგალითი გვაქვს დაფიქსირებული გაზეთებში, რამდენიმე ტელეარხზე, პოტიკოსებისა და მღვდლების გამონათქვამებში, Youtobe-ზე გავრცელებულ ვიდეოებში. ხშირად ისმოდა ფრაზები: «სომხები დაეტიონ თავის სამშობლოში!» «სისხლით დავიცავთ ჩვენ მიწას სომხებისაგან!» «პირველი სისიხლი ჩემი იყოს!» და ა.შ. ამას ერთ-ერთი მღვდელი ამბობდა.
მართლმადიდებელთა მიტინგზე 30 პროცენტი ახალგაზრდობა იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება განათლების პოლიტიკას ტოლერანტობის მიმართულებით არასათანდოდ ახორციელებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეკლესიაც არ აძლევს ახალგაზრდობას ტოლერანტობას, არ არის ტოლერანტული.
ანუ, ამბობთ, რომ ქართული ეკლესია ტორლერანტული არაა?
- უკაცრავად, მთლიანად ქართული ეკლესია არ მაქვს მხედველობაში, გვყავს ტოლერანტულად განწყობილი პატრიარქი, მაგრამ ძალიან ბევრი მღვდელი ძალიან სცოდავს ტოლერანტობის თვალსაზრისით. ყველა პატრიარქთან ხომ ვერ მივა? ახალგაზრდები, რომლებიც ეკლსიებში დადიან, მამაოებისაგან არატოლერანტულ საუბრებს ისმენენ.
იმის თქმა გინდათ, რომ მართლმადიდებელი მღვდლები ახალგაზრდებს სომხების წინააღმდეგ აქზებენ?
- ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. ერთი-ორი რომ იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდი.
ბატონო არნოლდ, ესე იგი, ამბობთ, რომ ქადაგეგებისას მღვდლები მრევლს მოუწდებენ, სომხები გძულდეთო? კონკრეტული ფაქტი დამისახელეთ!
- ქადაგების დროს, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს მღვდლები ოფიციალურად არ ამბობენ. მრევლთან პირადი საუბრების დროს კი, ეუბნებიან, სომხები სატანაზე ლოცულობენო, სომხები ქრისტიანები არ არიანო და ა.შ.
ეს ქსენოფობიაზე უმძიმესი ბრალდებაა!
- თუ გნებავთ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ - მივიდეთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მივიყვანოთ წყვილი, რომელიც ეტყვის, რომ სომხური ეკლესიის მრევლია და მამაოს სთხოვს, რომ ჯვარი დაიწეროს.
თუ წყვილი სომხური ეკლესიის მრევლია, ჯვარს მართლმადიდებელი მოძღვარი როგორ დაწერს? წყვილი ჯერ მართლმადიდებლურად უნდა მოინათლოს!
- ყველაზე კარგ შემთხვევაში, თუ მღვდელი მეტ-ნაკლებად ტოლერანტულია, ასე ეუბნება, მაგრამ ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც წყვილს ეკლესიიდან აგდებენ და ეუბნებიან, თქვენი ფეხი აქ არ ვნახოთ, ფუ, ფუ, სატანაო! ასეთი რაღაცებიც გვაქვს.
არ მჯერა!
- ძალიან მიხარია, რომ ვერ დაიჯერეთ. ნამდვილად მინდა, ბევრი ადამიანი იყოს საქართველოში, რომელიც ამას ვერ დაიჯერებს. სამწუხაროდ, ასეთი ერთი-ორი შემთხვევა რომ ყოფილიყო, იმდენი პატივისცემა კი მაქვს ეკლესიისადმი, არ ვილაპარაკებდი, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა.
ექსპერიმენტებს ატარებთ?
- ერთად ჩავატაროთ ესქპერიმენტი, შევუშვათ წყვილი ეკლესიაში და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ.
თქვენი ორგანიზაცია არასამთავრობოა და გრანტის ასაღებად, მესმის, ფაქტები გჭირდებათ, აი, საქართველოში ეთნიკურ სომეხებს ჩაგრავენ და დევნიანო...
- ეს შეიძლება, არაპროფესიონალური ორგანიზაციის მიდგომა იყოს. ჩვენ კი, თუ ვხედავთ პრობლემას და ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ, ვცდილობთ, ამ პრობლემის გადასწყვეტად ფინანსები მოვიძიოთ.
ე.წ. ქსენოფობიის რაც მეტ ფაქტს დააფიქსირებთ, მით მეტ ფინანასებს მიიღებთ, არა?
- არიან არასამთავრობოები, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი, მაგრამ ისინი ამას ჩუმად აკეთებენ. როდესაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, ეთნიკური უმცირესობები ქართულად ვერ ლაპარაკობდნენ და ეს ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ხელს უშლიდა. ჩვენ დავწერეთ პროექტი, მოვიძიეთ ფინანსები, გავხსენით კურსები, 600 ეთნიკურ სომეხს ვასწავლეთ ქართული და ასე ვაგრძელებდით დღემდე. მგონი, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენი ფუნქციაა, პრობლემაზე ვესაუბროთ საზოგადოებას, ვესაუბროთ იმ ხალხს, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენთვის მთავარია, რომ შედეგი იყოს და ხვალ ასეთი ტიპის პრეცენდენტები აღარ განმეორდეს. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ შექმნა ზნეობრივი საქციელის კომისია, რომელიც სასულიერო პირების საქციელს ეხება. მადლობა ღმერთს, რომ საპატრიარქოში უკვე გვყავს პარტნიორი და ჩვენ ოთხი სასულიერო პირის საქციელზე საჩივარი უკვე შევიტანეთ.
კონკრეტულად, ვისზე?
- მამა აბრამ ჩადუნელზე, მამა ელიზბარზე, დეკანოზ დავით ისაკაძესა და მამა პეტრეზე.
და მართლმადიდებელ მოძღვრებს «არმენოფობიური» «გამოხდომები» ჰქონდათ?
- მხოლოდ არმენოფობიური არა, - ქსენოფობიურიც, რადგან კათოლიკეების წინააღმდეგაც გამოდიან და მუსულმანებისაც. იმედი მაქვს, ზნეობრივი კომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაკიღა ზნეობაზე ვლაპარაკობთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე გარეგინ II-მ, რომელიც ჩვენს პატრიარქს ფამილარულად ელაპარაკებოდა და მუხლზე ხელს არტყამდა?
- ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება, მგონი, მართებული არ იქნება, რადგან ორივე წინამძღვრია, თუმცა ამ შეხვედრაზე ოფიციალურად კამერა არ იყო და როგორ გადაიღეს? სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში გადაღების მანიაა და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეხვედრის დროს აღმოჩნდება ვიღაც, ვინც გადაიღებს. სომხეთშიც ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა ამ ვიდეოს და ძალიან დიდი ტალღა აგორდა კათოლიკოსის წინააღმდეგ.
როგორც სომხური პრესიდან ვიცი, სომხეთში გარეგინ II-ს ხალხი პატივს არ სცემს...
- არის ნაწილი, რომელიც პატივს სცემს და არის ნაწილი, რომელიც არ სცემს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პატრიარქს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე გარეგინ II-ს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნეგატიურ მოვლენებზე ურთიერთობის აგება დაუშვებელია. ვიღაც ყოველთვის ამბობს და ცდილობს, რომ სომხები და ქართველები ერთმანეთს წაკიდოს. იმასაც გეტყვით, რომ არც ერთ სახელმწიფოს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ირგვლივაა, არ აწყობს საქართველოსა და სომხეთის სტაბილური განვითარება და ამ ორი ერის პოზიტიური სტაბილური ურთიერთობა. იმასაც გეტყვით, რომ ამ საქმეში დიდ ფულს დებენ.
ორგანიზაცია «ჯავახკიმ» სამცხე-ჯავახეთი სომხეთად გამოაცხადა, დროშა და ჰიმნიც შექმნა...
- ეს მოსკოვში შექმნილი ორგანიზაციაა და რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ნამდვილი გიჟები არიან! ყოველთვის ვამბობ: იმის პირველი ნიშანი, რომ ქართველებსა და სომხებს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ისაა, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს გრძნობა. 21-ე საუკუნეში ვართ და, ალბათ, დროა, გადავხედოთ წარსულს, შევარჩიოთ პოზიტივები და ამაზე ავაგოთ მომავალი ურთიერთობა. ისე, სომხებმა დიდი წვლილი შეიტანეს თბილისის აშენებაში...
კი ბატონო, მაგრამ 21-ე საუკუნეში სომეხი მეცნიერები ისევ აყალბებენ ისტორიას და «პრავასლავნაია ენციკლოპედიას» მესამე ტომს თუ ნახავთ, წაიკითხავთ, რომ ტაო-კლარჯეთი და ჯავახეთი, თურმე, ისტორიული სომხეთია. საუბრის დამძიმება არ მინდა, მაგრამ სომხები ასე რატომ იქცევიან? ისე, რომ იცოდეთ, ყველაფერ ქართულის «გასომხებას» ჩვენ, ქართველები ცოტა იუმორით ვუყურებთ...
- და მეც იუმორით გეტყვით: ეს ჩვენი სპორტია! ჩვენ ყოველთვის ამაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ეროვნული სპორტი - ვინ უფრო ლამაზად დაწერს, ან ვინ უფრო მეტს «აახევს», ამას თავი უნდა დავანებოთ, ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ ახლა პაუზა გვჭირდება, პაუზა აუცილებელია, ორიენტირებული უნდა ვიყოთ პოზიტიურ მესიჯებზე. სომხურ მხარესაც იგივეს ვეუბნები. ზუსტად ვიცი, რომ სომხური მხარეს აქვს მზაობა, ქართული ეკლესიები საქართველოს გადმოცეს. ახტალაზე, ალავერდსა და კიდევ რამდენიმე ტაძარზეა ლაპარაკი. ახლა, ჩვენ გრძნობებში, სიყვარულსა და სიძულვილშიც პატრა პაუზა უნდა დავიჭიროთ. ეს არის გამოცდა, ისეთი ძალებია ჩვენს გარშემო, თუ სიტუაცია დაიძაბა, შესაძლოა, ორივე სახელმწიფო კოლაფსამდე მიგვიყვანოს.