"როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, და იგი კარგად ვერ ჩატარდება ამ მახინჯი საარჩევნო ადმინისტრაციის გამო, თუ რაღაც მხარდაჭერის იმედი ექნებათ პოლიტიკურ ძალებს გარედან, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგს და შეეცდებიან მომხრეების ქუჩაში გაყვანას."
ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.
დემურ გიორხელიძე: წინასაარჩევნო გარემო რაიმე სიახლეებით არ გამოირჩევა და სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში.
განსაკუთრებით ცუდ შთაბეჭილებას ტოვებს ერთმანეთის შეურაცყოფაზე აგებული საარჩევნო კამპანია. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამარჯვების შანსებს, არ ვიფქრობ, რომ რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ.
არანაკლებ ნეგატიური განწყობები ყალიბდება "ოცნების" მიმართ. პოლიტიკური ძალა, რომელსაც "ოცნება" ჰქვია, ძალიან სუსტია და საეჭვო პერსპექტივა აქვს.
ჯერ, რა თქმა უნა მუშაობს ის ტექნოლოგია "მგელი მოვა, მგელი მოვა", თუმცა ამ ტექნოლოგიამ შეიძლება ცოტა ხანში აღარ იმუშაოს.
"რ": მაინც რა შეცდომა დაუშვა "ოცნებამ", რომ მისი პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დგება?
დ.გ: "ქართული ოცნების" და ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ პოლიტიკური წონასწორობის შექმნისთვის ხელი არ შეუწყო რამდენიმე თანაბარზომადი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებდა.
პოლიტიკური ბალანსის არარსებობა ქმნის ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა ფორმით უკან მობრუნების პერსპექტივას. როცა გამაწონასწორებელი არაფერია, ხელისუფლების ცვლა ისევ დესტაბილიზაციის შემცველი შეიძლება იყოს მომავალში. ეს არის არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის ნიშანი და არ არის პიროვნებებზე დამოკიდებული.
"რ": არჩევნეყბამდე სულ ცოტა დრო რჩება, მაგრამ კომპრომატების ომი, როგორც ექსპერტები ამბობენ, საშიშ ფაზაში შევიდა და სიტუაციის გართულებას არ გამორიცხავენ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
დ.გ: როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები და იგი კარგად ვერ ჩატარდება ამ მახინჯი საარჩევნო ადმინისტრაციის გამო; ბუნებრივია თუკი რაღაც მხარდაჭერის იმედი ექნებათ პოლიტიკურ ძალებს გარედან, ცხადია, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგს და შეეცდებიან მომხრეების ქუჩაში გაყვანას.
თუ ვინმე მეტყვის რომ ეს შეუძლებელია, მარტივად შემიძლია ავუხსნა; თუ გარედან იმპულსები იქნება სერიოზული მატერიალური უზრუნველყოფით, ეს მარტივად გაკეთდება. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, მაგრამ ეს არსებობს.