საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირაღა დარჩა და საარჩევნო კამპანია კულმინაციას უახლოვდება. ამომრჩეველს, სოციალური ქსელისა თუ ტელევიზიის საშუალებით, პრეზიდენტობის კანდიდატების სხვადასხვა დაპირება ესმის.
რამდენად ეფექტურია ამა თუ იმ პრეზიდენტობის კანდიდატის სარეკლამო რგოლები და სლოგანები, რა არის მთავარი მესიჯი და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე? "მთელი კვირა" შეეცადა, ეს ქართველ ექსპერტებთან გაერკვია.
წლევანდელი კამპანიისას ამომრჩეველს ხშირად ესმის ნეგატიური მესიჯების შემცველი სლოგანებიც; პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ნეგატიური სარეკლამო რგოლები საზოგადოებას არ მოსწონს და დამოკიდებულება იცვლება როგორც იმ ადამიანის მიმართ, ვისკენაც ეს ნეგატივია მიმართული, ასევე იმის მიმართაც, ვინც სწორედ ასეთ ხერხს მიმართავს.
"ნაცმოძრაობის" სარეკლამო რგოლების ნაწილში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებია გამოყენებული და იგი მოღალატედაა გამოცხადებული.
"საერთოდ, უარყოფითი არგუმენტების შემცველი კამპანია ამომრჩეველს არ უყვარს. დამოკიდებულება გამოიხატება არა მარტო იმის მიმართ, ვისკენაც ტალახი არის ნასროლი, არამედ იმის მიმართაც, ვინც ამ ტალახს ისვრის. ამ შემთხვევაში ორივეს რეიტინგი ეცემა.
"გააჩნია ამომრჩევლის პოზიციას, დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულება ვის მიმართ აქვს. თუ ადამიანს მოსწონს კანდიდატი, უარყოფითი პიარი ჭეშმარიტებად აღიქმება. შედეგი, რომელსაც ესა თუ ის ხერხი იწვევს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
"ყველაზე რთული გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობაა. ვინც არც ერთ მხარეს არ არის, მისთვის ასეთი ნეგატივის შემცველი განცხადებები ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია და როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის, ვინც ერთმანეთს ტალახს ესვრიან, ხმის მიცემა არ სურს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
სოციოლოგ ვაკა გორგილაძის აზრით, ზოგადად, წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ "ბინძურია". "ნაცმოძრაობისთვის" მთავარი საფრთხე "ევროპული საქართველოა" და არა "ქართული ოცნება", ამიტომაც მისი წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულია.
"საერთოდ, ყველაზე ბინძური და აგრესიული კამპანიაა. როდესაც კანდიდატები თავიანთ საეთერო დროს უთმობენ ნეგატიურ რეკლამას, შავ პიარს, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
"ცხადია, რომ ვაშაძისა და მისი ამ გაერთიანებისთვის პოლარიზაცია და განსაკუთრებულად აგრესიული კამპანია ხელსაყრელია. ვაშაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ხმა წაიღოს დავით ბაქრაძისა და "ევროპული საქართველოს" ელექტორალური რესურსიდან.
"ვაშაძისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე დიდი საფრთხე არა "ოცნება", არამედ "ევროპული საქართველოა". მისი კანდიდატისთვის მეორე ადგილის დათმობა ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაადგება პოლიტიკური დეფრაგმენტაციის გზას და დაკარგავს იმ მხარდაჭერასაც კი, რომელიც აქვს.
"ეს აგრესიული ტონალობა ვაშაძისა და მისი კამპანიისა ალბათ იმით არის განპირობებული, რომ მოხდეს რადიკალიზაცია. ამავე დროს "ევროპულ საქართველოსაც" აჩვენოს, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული მოწინააღმდეგე სწორედ ის არის," - აღნიშნა გორგილაძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სარეკლამო რგოლებში, წესით, მეტი ყურადღება კანდიდატთა სამომავლო გეგმებს უნდა ექცეოდეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარ სლოგანებში რეალურად არ ჩანს.
"პოტენციური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ ყურადღებას კანდიდატის განვლილ პოლიტიკურ საქმიანობას დაუთმობს. ძირითადად ისმის კრიტიკა პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო კამპანია შავ პიარზე უფროა აგებული. ფოკუსირება არ ხდება მომავალზე. სლოგანში უნდა ჩანდეს, მომავალში რის განხორციელებას აპირებს კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი. ქართულ პოლიტიკურ კულტურაში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შავი პიარი დომინირებს და არა თეთრი პიარტექნოლოგიები", - ამბობს ჩიტაძე.
სოციოლოგი ვაკა გორგილაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის თემატიკის გამოყენებისას ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მის მთავარ კონკურენტებს ეკისრებათ - ვაშაძესა და ბაქრაძეს.
"ზურაბიშვილთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ევროპული საქართველოსა" და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატები, რომლებიც მას უპირისპირდებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან არიან და რაც მთავარია, ეს ორი კანდიდატი აგებს პასუხს 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზეც. იმ დროს ერთს - პარლამენტის თავმჯდომარის, მეორეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
"ზურაბიშვილი ამომრჩეველს ახსენებს, რომ ამ დამარცხებასა და დაკარგულ ტერიტორიებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვაშაძესა და ბაქრაძეს ეკისრებათ. იგი ხაზს უსვამს მისი მისამართით არარელევანტურ კრიტიკას, როდესაც ვაშაძის შტაბი რაღაც ინტერესების ღალატში ადანაშაულებს," - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრით, ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღებაში დიდ როლს ითამაშებს ზურაბიშვილის ის გამონათქვამები, რაც 2008 წლის ომის დაწყებას შეეხება და მისი სლოგანი "ერთად საქართველოსთვის" ამომრჩევლისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.
"სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, მის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამ სიტყვებსა თუ გამონათქვამებზე უფრო გამახვილდება ყურადღება, ვიდრე მის სლოგანზე - "ერთად საქართველოსთვის".
"ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, იმათ არ ვგულისხმობ. ვისაც 20 ლარს უხდიან, მიდიან და ეუბნებიან, რომ კონკრეტული ნომერი შემოხაზონ. ვგულისხმობ მათ, ვინც მერყეობს სხვადასხვა კანდიდატს შორის - ჯობია, ეს ადამიანები ტელევიზიისა და სოცილაური ქსელის საშუალებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებდნენ.
"მგონია, რომ სლოგანზე მეტად სხვადასხვა განცხადება იმოქმედებს და ამომრჩევლის ყურადღება კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატების წარსულ პოლიტიკურ საქმიანობაზე იქნება გამახვილებული," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.