აზერბაიჯანული მედია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

აზერბაიჯანული მედია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

 „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული განცხადებების გამო სკანდალში გაეხვია. ამჯერად საუბარია მის მიერ სამცხე-ჯავახეთში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მასობრივად მინიჭების გამო გააკრიტიკა.

„წინა პრეზიდენტი, სახელს არ ვახსენებ, ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში და არაფერი აკავშირებდათ საქართველოსთან, თქვენ კი არ მოგცათ მოქალაქეობა. ამ წელს კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილება, რის შედეგადაც საქართველოში არ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა, რასაც აზერბაიჯანულ მედიაში მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

იმ დონის დიპლომატს, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა ნატო-ში, გაერო-ში, ევროკავშირში და სააკაშვილის მმართველობის დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შეუძლებელია, არ ესმოდეს, რომ მსგავსი განცხადებები არის ადამიანის უფლებების დარღვევა და საფრთხის შემცველია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინი".

მათივე ცნობით, საქართველოს პოტენციური პრეზიდენტის მიერ საკითხის ასე დაყენება აზერბაიჯანსა და თურქეთში გაოცებასა და უკმაყოფილებას იწვევს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტობის ამ კანდიდატს ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტია. თუმცა ამ უკმაყოფილების ოფიციალურად გამოთქმისაგან ოფიციალური ანკარა და ბაქო ჯერჯერობით თავს იკავებენ.

რამდენად შეიძლება დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-თურქული ურთიერთობა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა, ამის შესახებ „რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

გია ხუხაშვილის აზრით, აზერბაიჯანულ მედიაში გამოთქმული უკმაყოფილება უფრო გაფრთხილებაა და დიპლომატიურ სირთულეებს არ გამოიწვევს.

„მოსალოდნელი იყო ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, გაუაზრებელი განცხადებები კითხვის ნიშნებს ბადებს პარტნიორებთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სისტემური პოზიცია იყო, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მორიგი პოლიტიკური კეკლუცობა ამომრჩევლის წინაშე.

„რაც შეეხება აზერბაიჯანის უკმაყოფილებას, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაფრთხილებაა, დიპლომატიურ სირთულეებს არ გამოიწვევს და მედიის დონეს არ გასცდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კორნელი კაკაჩია: „ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა სალომე ზურაბიშვილმა, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ვფიქრობ, რომ იგი ფრთხილად უნდა იყოს წინასაარჩევნო პერიპეტიების დროს და წითელ ხაზს არ უნდა გასცდეს. ამ არჩევნებს თვალს ადევნებს არა მხოლოდ ჩვენი მეზობლები, არამედ მსოფლიო.

„რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის სამომავალო ურთიერთობას, იგი დამყარებულია ძალიან მყარ სტარტეგიულ პარტნიორობაზე და ამგვარი განცხადებები ამ ურთიერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. თანაც, სალომე ზურაბიშვილი ჯერ არ არის ოფიციალური პირი, მაგრამ თუ იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და მსგავსი განცხადებებით კიდევ გამოვიდა, მაშინ შეიძლება სკანდალში გავეხვიოთ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.