პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთა დიდი ნაწილის სურვილს პასუხობს, "ნაციონალები" რამდენიმე დღეში პოლიტიკური სივრციდან გაქრებიანო. გახდება თუ არა ეს სლოგანი გადამწყვეტი "ოცნების" საბოლოო გამარჯვებისთვის, ამას 15 ივნისის არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, თუმცა ლოგიკურია დავსვათ კითხვა, - რატომ არჩევნების შემდეგ, მანამდე რატომ არ ფიქრობდა "ქართული ოცნება", დამნაშავე რეჟიმი გაესამართლებინა? გვიპასუხოს ხელისუფლებამ, როგორ აღმოჩნდნენ "ოცნების" სიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები? როგორ გავიგოთ, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის ძმა არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური სახე?
წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება რამდენიმე დღეში პოლიტიკური სივრციდან გაქრნენ "ნაციონალები", მაშინ, როცა პრემიერის ამ განცხადების საპირწონედ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ცნობილი ფრაზაა, - "ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ "ნაციონალური მოძრაობა". თუ შორს წავალთ, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ახლახან ნათქვამი განცხადება შეგვიძლია შევახსენოთ საზოგადოებას, - "ჩვენ მოგვიწევს "ნაციონალებს" ბევრი რამ ვაპატიოთ". ერთია, როცა თავდაცვის მინისტრი ბედავს და ხალხის სახელით ლაპარაკობს, იმ ხალხის სახელით, რომელმაც საკუთარ ტყავზე იწვნია 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმი, ქვეყანას ჰყავს 300 ათასი პრობაციონერი და მეორეა, რომ ალასანია კანონზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს. რა უნდა ეპატიოს "ნაცმოძრაობას", ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და სხვათა შორის, იმ სასამართლოსი, რომელიც ჯერ კიდევ "ნაციონალები" ხელშია. შესაბამისად, "ოცნების" წარმომადგენლების განცხადება, თითქოს, სასამართლო "ნაციონალების" მარწუხებიდან გაათავისუფლეს, ჰგავს იმ ჰალუცინაციას, როცა გინდა დაიჯერო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს.
"ალიას" კითხვებს პასუხობს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი:
"ენდიაი" მორიგ კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით საარჩევნო გარემო არის მძიმე, სცემენ პოლიტიკოსებს, მოჰყავთ ნუგზარ წიკლაურის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ფაქტები. "ნაციონალი" გოგა ხაჩიძე ამერიკის ელჩს საგანგაშო მიმართვას უგზავნის, სადაც წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლისა და უკანონობის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. მოუწოდებს ნორლანდს, მეტი პრინციპულობით მოითხოვოს ხელისუფლებისგან დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, თუმცა გოგა ხაჩიძესა და სხვა "ნაციონალებს" ავიწყდებათ, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია შობს აგრესიას. ჩვენ გვახსოვს არჩევნები, როცა ქვებით, ტყვიებით, ცოცხებით გვიტარებდნენ არჩევნებს. თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო?
- ნუგზარ წიკლაური სცემეს თუ დაეცა, ეგ კიდევ საკითხავია. სხვათა შორის, არავის არ დაუდასტურებია, რომ ის ნაცემია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და დაეცა. შესაძლოა, ეს ჩემი ნათქვამი ცინიზმად ჩათვალონ, თუმცა ეს მათი უფლებაა. საერთოდ, რა განცხადებებია, კვერცხის სროლაზე რომ აღშფოთდნენ, რაც "ნაციონალების" გამოჩენას ცაგერში მოჰყვა, მანამდე კი ზუგდიდში. დაავიწყდათ "ნაციონალებს", ქვის სროლით რომ მოვიდნენ დიდ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ 2003 წლის არჩევნებზე?!. თუ მათ დაავიწყდათ, ჩვენ ამნეზია კი არ დაგვმართნია. მარტო ქვებს კი არა, თოფებსაც ისროდნენ, იგივე ზუგდიდში და თუ გნებავთ, ქვემო ქართლში. ასე არიან მოსული ხელისუფლებაში და ასე ინარჩუნებდნენ რეჟიმს. ვერ გავიგე, ექსკლუზივი აქვთ აღებული ძალადობაზე? დღეს ამბობენ, - ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრე არ არის, იმას უნდა ძალადობაო. 9 წელი "ნაციონალები" ძალადობდნენ საკუთარ ხალხზე, როგორ უბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობას" ენა, სხვისკენ თითი გაიშვიროს? მე არა ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ რაც ხდება, ამ ყველაფერს აქვს ჩვეულებრივი, ადამიანური ახსნა, "ნაციონალები" იმკიან იმას, რაც დათესეს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქ კი აღშფოთდება, ხალხი დახოცეს და პატარა ბავშვი დაიღუპა უკრაინაში, მაგრამ იქ არ არიან შეშფოთებულები, იძახიან, იქ სახელმწიფო თავის ლეგიტიმურ უფლებებს იყენებსო. გამოდის, რომ საკუთარი ხალხის დაბომბვა აღმაშფოთებელი არ არის, ჭიაბერაშვილს თუ გამწარებული ადამიანი ჭიქას ჩაარტყამს, ეს არის აღმაშფოთებელი. ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველი ხალხის წინაშე თავი მოიჭრა. ქვეყნის მთავარი მწამებელი მათ მიაჩნდათ დემოკრატიის შუქურად, ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს ან გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა, ან ანგაჟირებულმა. ამიტომ, მათი შეშფოთება და განწყობილება ქართველი ხალხისთვის ანგარიშგასაწევი არ უნდა იყოს.
წინასაპრეზიდენტო არჩევნები იყო ინერციული და ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული. ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, ეს სერიოზული ფაქტორია და ნურავის დაავიწყდება, მას შემდეგ ივანიშვილი დიდი პოლიტიკიდან წავიდა და დაგვიტოვა ის ხელისუფლება, რაც დაგვიტოვა. ახლა ტარდება არჩევნები სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ ერევა, სათანადო ოპონირებასაც კი ვერ უწევს. ორი წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ხალხს უმტკიცებენ, სამართლიანობა აღვადგინეთო. ეტყობა, განცხადებას რომ აკეთებდნენ, საკუთარი თავი ჰქონდათ მხედველობაში. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი როცა გაიგებს, "ოცნების" მინისტრმა თვეში აიღო 80-ათასლარიანი ხელფასი თავისი სახელფასო დანამატით, ვიღაცამ შედარებით ინამუსა და 50 ათასი აიღო, როგორ იქნებიან გამწარებული დამშეული ადამიანები?!.
სწორედ არჩევნების წინ შეიტყო საზოგადოებამ, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ძალიან დიდი ხელფასები დაურიგდათ მაშინ, როცა საქმე პრაქტიკულად არ გაკეთებულა. იმოქმედებს ეს არჩევნების შედეგებზე?..
- ჩემი პროგნოზით, აღარ იქნება ორპარტიული, ადგილობრივი თვითმმართველობა, იქნებიან სხვა პოლიტიკური მოთამაშეებიც, რაც მეტი პარტია იქნება საკრებულოებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია მოსახლეობისთვის, რაც მეტი პარტიაა, მეტ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, ამომრჩეველი რჩება მოგებული. ვიღაც-ვიღაცები პანიკას თესენ, რომ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებს რევოლუცია მოჰყვეს. გამორიცხულია, ადგილობრივ არჩევნებს რევოლუცია არ მოჰყვება, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ეს არის გენერალური რეპეტიცია მომდევნო საპარლამენტო არჩევნების წინ. შემდეგი არჩევნები ორ წელიწადშია, ეს ორი წელიც ძალიან მალე გავა. კარგი იყო, ოპოზიცია გაერთიანებულიყო, რაც ვერ მოხერხდა და გასაკვირი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას ამ ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული შანსები აქვს. ვფიქრობ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თბილისში მოგების შესაძლებლობა აქვს, ნარმანიასა და მელიას დებატები უკიდურესად არასაინტერესოა, ერთი მეორეს ეძახის, - თქვენ გააფუჭეთ და ჩვენ გავაკეთებთო, "ნაციონალების" სლოგანია - "ერთად ავამუშაოთ თბილისი", ოცნების - "ერთად ვიზრუნოთ თბილისზე", ესენი ხალხნო, თავისი სლოგანით გვიმტკიცებენ, რომ ერთად არიან. ახლა ამომრჩეველმა ეს ერთობა უნდა დაშალოს, სხვა შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.
სააკაშვილი კიევიდან აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალის რეიტინგი უახლოეს ადგილობრივ არჩევნებზე გაიზრდება, - აი, რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, როცა მოვისურვებ, მაშინ გავზრდიო. სხვათა შორის, საინტერესოა თეთრი სახლის პოლიტიკოსების განწყობა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში სააკაშვილის დანახვისას განაცხადა, - "იცნობ ამ ბიჭს? ის ყველგანაა!.." როგორ გავიგოთ, დასავლეთს ის კვლავ შემოჰყავს აქტიურ პოლიტიკაში?
- ჯო ბაიდენის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს უთხრა, - რა გამიჭირვე საქმე, ყველგან რას დამდევო!.. როგორც ადრე "უსატკავებდა" შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ხან კაბინეტთან და ხანაც ტუალეტთან, დაახლოებით იგივე ვითარებაა დღეს. ცდილობს, რამენაირად იტივტივოს პოლიტიკაში. რაც შეეხება მის განცხადებას, - როცა მინდა ჩემს რეიტინგს გავზრდი, - ეს ასე არ ხდება. მას რეიტინგი დღესაც აქვს, ოღონდ ნეგატიური და თუკი ამ ნეგატიური რეიტინგის გაზრდას აპირებს, გამოდის, დაუსამარებია "ნაციონალური მოძრაობა" და ეგ არის...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის - ვლადიმერ მარკინის განცხადება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებელნი არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას, მათ წინააღმდეგ უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. ეს არის პოლიტიკური განცხადება თუ ამის მიღმა უფრო სერიოზული რამ ხდება.
- რუსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არის კაცი, რომელსაც წესიერი ადამიანი ხელსაც არ ჩამოართმევს. მედვედევს თავის დროზე ჰქონდა ინტერვიუ, მათ შორის ქართველ ჟურნალისტებთან და თქვა, - ყველაზე მეტად სააკაშვილმა დააზარალა საკუთარი ქვეყანა, ეს არის სრული სიმართლე, მაგრამ რუსეთი, განსხვავებით საქართველოსგან, არის თანმიმდევრული, მით უფრო მაშინ, როცა ეს ეხება საგარეო პოლიტიკას. რა თქმა უნდა, მან ეს განცხადება უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ხელს ადებენ კონკრეტულ დანაშაულზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ვინმე გაიქცევა და სააკაშვილს დააპატიმრებს. ყოველ შემთხვევაში, მისი რეაქტიული აქტივობები უკრაინაში, არც უკრაინას რომ არ წაადგება, არც რუსეთსა და არც საქართველოს, ეს ფაქტია. სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" ხომ სრულიად უპასუხისმგებლოები არიან. სააკაშვილისთვის მთავარია, თვითონ იყოს მოვლენების ეპიცენტრში, იყოს ლიდერი, უღებდნენ კამერებით, ესაა მთავარი, იმის იქით არ აინტერესებს, თუ გინდა დაქცეულა ქვეყანა, სულ ასე არ იქცეოდა?!.
ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში რადიკალური საკადრო ცვლილებები განხორციელდება გაძლიერების მიზნით?
- არ მგონია, მინისტრების ცვლამ რეალურად რამე შეცვალოს. რამდენი ცვლილებაც გააკეთეს, კიდევ უარესი მივიღეთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილს რაღაც მომენტში მოუწიოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე წასვლა, რადგან ეს საჭიროა მისი პოზიციების განმტკიცებისთვის, სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც პოლიტიკაში მობრუნდეს.
"გამოდის, რომ უკრაინაში საკუთარი ხალხის დაბომბვა აღმაშფოთებელი არ არის, ჭიაბერაშვილს თუ გამწარებული ადამიანი ჭიქას ჩაარტყამს, ეს არის აღმაშფოთებელი. ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველი ხალხის წინაშე თავი მოიჭრა".