კარასინმა ძალიან კარგად იცის, თუ რამ შეიყვანა ჩიხში საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

კარასინმა ძალიან კარგად იცის, თუ რამ შეიყვანა ჩიხში საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

„თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. საერთაშორისო არენაზე აგრძელებს ჩვენ საწინააღმდეგო საქმიანობას. მონაწილეობს ნატოს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

როგორ იკითხება დიპლომატიურ ენაზე კარასინის პარტნიორებისადმი გამაფრთხილებელი განცხადება - ამ საკითხზე „რეზონანსთან“ შეფასება გააკეთა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კარასინმა საქართველოსთან მიმართებაში აშკარად არასწორი აქცენტები გააკეთა.

„ბატონმა კარასინმა თავის ინტერვიუში აშკარად არასწორი აქცენტები გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში. თუ რამ შეიყვანა ჩიხში საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ეს მან კარგად იცის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ასამბლეაზე ძალიან სწორი და პრინციპული შეფასებები მისცა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ჩიხიდან გამოვიდეს ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.

„რაც შეეხება კარასინის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც იგი საუბრობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე, ტურისტების ზრდასთან დაკავშირებით, ეს მართლაც ასეა. ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც მოქცეულია ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.