გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა,  მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. 

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე? 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს? 

არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.