ქართველი პენსიონერების პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 14 პროცენტია (1988 წელს - 41 პროცენტი იყო), საარსებო მინიმუმის კი - მხოლოდ 55 პროცენტი. ეს ციფრები მიუთითებენ იმ ყოფაზე, რომელშიც ქართველი პენსიონერები იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის შემდეგ ყველაზე დაბალი პენსია საქართველოშია. ექსპერტების განცხადებით, პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ამ ქვეყნების ეკონომიკა ყველაზე მაჩანჩალაა.
ექსპერტ სოსო არჩვაძის ინფორმაციით, მსყიდველობითი უნარის მიხედვით ამჟამინდელი პენსია 1988 წლის პენსიის მხოლოდ 36 პროცენტია. დღევანდელი პენსიები თავიანთი მსყიდველუნარიანობით ჩამორჩებიან არა მარტო ორი ათეული წლის წინანდელ პენსიებს, არამედ ჩვენი მეზობლების ანალოგიურ ამჟამინდელ მაჩვენებლებსაც.
დღეისათვის, საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თამასა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს. თუ საქართველოში იგი 48 დოლარია, სომხეთში - დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში კი - 106.7 დოლარი, რუსეთში - 240 დოლარი.
ამასთან, არჩვაძის განცხადებით, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო - 14%, სომხეთი - 20.1%, რუსეთის ფედერაცია - 34%, აზერბაიჯანი - 34.9%.
ამ ორი ათეული წლის წინანდელი საშუალო პენსია თითქმის უტოლდებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 22-ჯერ აღემატებოდა საარსებო მინიმუმს.
ამდროისთვის, პენსიონერთა საშუალო პენსია 45 პროცენტით ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 2-ჯერაც ვერ აღემატება მათ ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს. თუკი მაშინ პენსიონერთა დეპოზიტების მთლიანი თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს აღემატებოდა, დღეისათვის იგი 1.5 პროცენტზე ნაკლებია.
ექსპერტი ნოდარ ხადურის განცხადებით კი, საქართველოში ფასების ზრდის შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენსია 25%-თ შემცირდა. "ახლა 90 ლარით პენსიონერი იმდენ პროდუქტს ყიდულობს, რასაც ერთი წლის წინ 65 ლარად ყიდულობდა", - აღნიშნა ხადურმა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილის საბჭოთა ქვეყნებიდან ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის შემდეგ, ყველაზე დაბალი პენსია საქართველოშია. მაგალითად, ლიტვაში პენსია 682 დოლარია, ესტონეთში - 417 დოლარი, ყაზახეთში - 144 დოლარი, აზერბაიჯანში - 106 დოლარი, ბელორუსში - 137 დოლარი, რუსეთში - 240 დოლარი, უკრაინაში - 122 დოლარი, ლატვიაში - 110 დოლარიდან 138-მდე (სტაჟის მიხედვით), სომხეთში - 65 დოლარი, მოლდოვაში - 49 დოლარი პლუს 2% თითო ნამუშევარ წელზე, უზბეკეთში - 30 დოლარი, თურქმენეთში - 20 დოლარი, ყირგიზეთში - 15 დოლარი, ტაჯიკეთში - 15 დოლარი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე ფულადი შემოსავლების მოცულობა თვეში 540 ლარს შეადგენს; ანუ 2010 წლის ლარისა და 1988 წლის მანეთის პარიტეტის გათვალისწინებით, 2010 წლის შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების მსყიდველობითი უნარიანობა შეადგენს 1988 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 34.6 პროცენტს. მთლიანი შემოსავლების მიხედვით (რომლებშიც იგულისხმება აგრეთვე ნატურალური შემოსავლებიც), ანალოგიური თანაფარდობა 42 პროცენტია.
არჩვაძის თქმით, მდგომარეობას ამწვავებს ის გარემოება, რომ მოსახლეობის საშემოსავლო დიფერენციაცია, ყველაზე მაღალ და დაბალ დეცილური ჯგუფების მიხედვით თუ 1988 წელს შეადგენდა 4.5-ს, 2010 წლისთვის 17-მდე გაიზარდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. თანაც, ამჟამინდელი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მოსახლეობის მეოთხედი თავისი კეთილდღეობით უსწრებს 1980-იანი წლების ქართული საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მეოთხედის კეთილდღეობას. "სამაგიეროდ, დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა, მატერიალური და არამატერიალური დოვლათით უზრუნველყოფის დონე თითქმის სამჯერ ჩამორჩება წინა ეპოქისას", - ამბობს სოსო არჩვაძე.