„ვინც ფულს იხდის, ის იგებს. ჩვენთან ასე ტარდება გამოკითხვები”

„ვინც ფულს იხდის, ის იგებს. ჩვენთან ასე ტარდება გამოკითხვები”

„ვინც ფულს იხდის, ის იგებს. ჩვენთან ასე ტარდება გამოკითხვები. „ევროპული საქართველოს" რეალური მხარდაჭერა არის ორჯერ ნაკლები, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის." ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობას" ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ბაქრაძეს. ბაქრაძემ გადაიხადა ფული და ვაშაძე რანაირად უნდა გასულიყო პირველ ადგილზე?" - აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

„ევროპული საქართველოს" დაფინანსებით კომპანია ბიჯისი-მ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, სადაც ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 29.1%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს კი „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 27.5%-ით იკავებს. „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 20.8%-ით მესამე ადგილზეა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერს 9.1% აქვს, „სხვა" კატეგორიაში კი 7.4%-ია.

კვლევის თანახმად, კითხვაზე რომელ კანდიდატს არ მისცემდა ხმას არასდროს, - სალომე ზურაბიშვილი 35.3% ლიდერობს. გრიგოლ ვაშაძეს 10.6% აქვს, შალვა ნათელაშვილს - 7.8%, დავით ბაქრაძეს - 6.1%.

გამოკითხვაში სულ 1 505 ადამიანი მონაწილეობდა. აქედან 62% აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

რაც შეეხება აიპიენ.ჯი-ზე, ამბები.ჯი-სა და კვირისპალიტრა.ჯი-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, „ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანიდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გრიგოლ ვაშაძის პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია, თითოეული 28-28%-ით ლიდერობს.

ამ უკანასკნელ გამოკითხვაში სულ 24 638-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძემ და „გირჩის" კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 6-6% მიიღეს. დავით უსუფაშვილმა 12%, „სხვა" კატეგორია კი 20%-მა აირჩია.

- ამ გამოკითხვის შედეგებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ტიპის გამოკითხვა მეცნიერულად ვერ ჩაითვალება სწორად. როდესაც რაიმე გამოცემა ატარებს ონალაინ გამოკითხვას, მას მომხმარებლის თავისი სეგმენტი ჰყავს და ეს გამოკითხვა იმ სეგმენტში მიმდინარეობს და არ ხდება საზოგადოებრივი აზრის გაგება მთელი მასშტაბით.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, გამარჯვების ვის რა შანსი აქვს?

- ეს არ არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველს რამეს ეკითხებიან. ეს არის რესურსების არჩვენები; ამომრჩეველს რეალურად არცერთი პრეზიდენტობის კანიდიდატი არ მოსწონს, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი მზად არის, რომ ერთჯერადად გაიყიდოს; ერთჯერადი კონტაქტით გადაუგდოს ვიღაცას ხმა.

ამ ერთჯერად კონტრაქტს მიიღებს ის, ვინც მეტს გადაიხდის. ასე რომ, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა. არა იმიტომ, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მეტის გადამხდელია.

- თუკი აღნიშნულ რესურსებს გამოვრიცხავთ?..

- ვერ გამოვრიცხავთ, სამწუხაროდ, რადგან ეს არის რესურსების არჩევნები.