"რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც" - რუსი ექსპერტი, რომელმაც აგვისტოს ომი იწინასწარმტყველა

კრემლი ახალ ტაქტიკაზე - მასობრივ დივერსიებზე - გადასვლას იწყებს, რომლის სამიზნეც იქნებიან "დასავლელი ლიდერები, პოლიტიკოსები, პარტიების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, სამხედროები, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანი"- აცხადებს ru.delfi-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი. მან ქართველებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2008 წელს, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის ემზადებოდა.

აღნიშნავს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის აღმოსავლეთით ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება „აღმოსავლეთ 2018", რომელშიც 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იყო ჩართული, ეს იყო ე.წ. ომის თამაშები და ამაშია პრინციპული განსხვავება - „ეს არის პირდაპირი მომზადება ფართომასშტაბიანი ომისთვის და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც."

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასავლეთში, ნატო-ში, სულ უფრო მეტს საუბრობენ კრემლის აგრესიული ქცევის შესახებ და უნდა ეშინოდეს თუ არა დასავლეთს უშუალოდ თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, თუ სკრიპალების ისტორია ეს უფრო ერთეული შემთხვევაა? ექსპერტი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ეს დასავლეთმა უნდა იცოდეს.

„დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ჩვენ მართლაც მივდივართ დიდი ომისკენ, მაშინ დივერსიული ოპერაციები მასობრივი გახდება. დაიწყება მოწამვლა, მკვლელობები დასავლელი ლიდერებს, პოლიტიკოსების, პარტიების ხელმძღვანელების, პარლამენტის წევრების, სამხედროების, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლების, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანის. ეს არის ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში, ათწლეულებია იყო დაგეგმილი. ამ მიზნით შეიქმნა გრუ-ს და გენშტაბის ბრიგადები. ისინი არიან დივერსანტები. როდესაც ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ბრძოლაში გააგზავნეს, ისინი დაფრთხნენ. ამ ბრიგადის მეთაურები ჩემთანაც ჩიოდნენ: „რას გვიკეთებენ? გვაგდებენ ჩეჩნების გასანადგურებლად. ჩვენ მებრძოლები არ ვართ, ჩვენი საქმეა მტრის ზურგის აღება, დაკითხვა, პატიმრების მოკვლა". ისინი ატარებენ ტერორისტულ აქტებს - ისე, როგორც ომის შესახებ ფილმებში: რკინიგზის აფეთქება, წყლასაცავების მოწამვლა...

დაიწყებს თუ არა რუსეთი დივერსიებს და იქნება თუ არა საშიში - ამის მთავარი კრიტერიუმი დიპლომატიური ურთიერთობების დონის მკვეთრი შემცირებაა. ეს კი მოსალოდნელია. ამბობენ, რომ აშშ სკრიპალების საქმის გამო გეგმავს დეკემბერში შეამციროს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები. თუ ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაზვერვის ოფიცერთა ნაწილი, რომლებიც საელჩოს "სახურავის" ქვეშ მუშაობენ, სახლში წავა და მათ ადგილს ე.წ. მძინარე აგენტები დაიკავებენ.

როდესაც არ არსებობენ დიპლომატები, ხოლო ომი არ დაწყებულა, იწყება "განსაკუთრებული" პერიოდი და ე.წ. მიძინებული აგენტები იწყებენ დივერსანტებისთვის ბრძანებების გაცემას, რომლის ამოცანაა პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოკლავენ. მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ საზოგადოებაში შეიქმნას პანიკა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა დაკარგოს, როდესაც რუსული ტანკები წავლენ წინ," - აცხადებს ფელგენგაუერი.