არავინ იცის, სააკაშვილს ნერვები როდის უმტყუნებს. მიუხედავად ამისა, “ექვსიანის” წევრი «ეროვნული საბჭო» ბრძოლის ახალ მეთოდზე გადადის, რომელსაც "ნერვების ომს" უწოდებს. ისე, გამორიცხული არაა, რომ ამ "ნერვების ომში" მოწინააღმდეგეებმა "ეროვნული საბჭოს" ლიდერ კობა დავითაშვილს სომხური წარმომავლობა გაახსენონ... "ქართული სიტყვა" გთავაზობთ ინტერვიუს კობა დავითაშვილთან.
ბატონო კობა, "ეროვნული საბჭო" მუშაობას აგრძელებს თუ არდადეგებზე მიდიხართ
_ "ეროვნული საბჭო' არ ისვენებს და მუშაობას ძველებურად აგრძელებს. როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, არ მგონია, დასვენება იყოს საჭირო _ ახლახან გავიგე, რომ დევნილების მორიგი დევნილობა იგეგმება. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა მართმადიდებელ ეკლესისთან დაკავშირებული ამბები და «ფოტორეპორტიორების საქმე», რომელიც თავისუფალ მედიაზე უხეში ტერორის მაგალითია. ამასობაში, გამოიკვეთა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენაბზე პასუხისმგებლობას აიღებს. საერთოდ, კოალიცია «თავისუფალი არჩევანი» ექვსპარტიული გაერთიანებაა, რომელმაც დროსა და გამოცდას გაუძლო _ არც დაიშალა და არც გაიყიდა.
როგორია კოალიციის სამუშაო რეჟიმი _ მხოლოდ თბილისში იმუშავებთ თუ რეგიონებშიც გახვალთ?
_ თბილისსა და რეგიონებს არ ვყოფთ და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ არც ურეგიონობა ვარგა და არც _ რეგიონებიდან გამოუხედაობა. თბილისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველთა უმეტესობა აქ ცხოვრობს. თბილისი ხელისუფლების მიერ მოძულებული და თითქმის დედაქალაქის სტატუსჩამორთმეულია. აქედან გამომდინარე, თბილისის დატოვებასა და რეგიონებში სასეირნოდ გასვლას არ ვაპირებთ.
ბატონო კობა, ამბობთ, რომ აქტიურად ჩაერთვებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში. ხომ არ გეჩვენებათ, რომ «ჩართვა» დააგვიანეთ?
_ მათ დაკავებაში გადამწყვეტი როლი ორმა ფაქტმა ითამაშა. პირველი სერიოზული გაღიზიანება ამ ხალხის მიერ 26 მაისი მოვლენების ფირზე აღბეჭდვას მოჰყვა, შერონ სტოუნის ვიზიტმა კი, დააგვირგვინა. «შპიონობის» ამბავი თითიდანაა გამოწოვილი და ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ანუ სააკაშვილის მხრიდან ეს არის პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მისი თვალთმაქცობა, რომ ეს ყველაფერი თითქოს ძალიან გვიან გაიგო, არავის ჯერა. არ მესმის, ამ სპექტაკლებს ვისთვის დგამს? თვალებში გვიყურებს და ურცხვად იტყუება!.. ფოტორეპორტიორები პოლიტპატიმრები არიან და, ბუნებრივია, მათ გასათავისუფლებლად ვიბრძოლებთ!
არ გვინდოდა, ამ პროცესში თავიდანვე ჩავრთულიყავით, რადგან თავისი სიტვყვა სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ეთქვა, მაგრამ ახლა ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პრინციპულობას და, ბუნებრივია, ჩვენც გვერდში დავუდგებით.
იმ ე.წ. მასალებით, რაც გამოძიებამ დღემდე გამოაქვეყნა, როგორც იურისტი, დანაშაულის ნიშნებს ხედავთ?
_ როცა ეს ბიჭები სამსახურში აიყვანეს, ჩათვალეს, რომ მონებად აქციეს; ჩათვალეს, რომ მათ არ აქვთ უფლება, თავიანთი საქმიანობა გამოიყენეონ და ისეთი ფაქტები ასახონ, რასაც 26 მაისის უბედურება ჰქვია. თუ პრეზიდენტის ფოტოგრაფი ხარ, უცხოურ საგენტოზე ფოტოების გაყიდვა, მართლაც, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებს აყენებდეს ზიანს და არც კრიმინალია, თუმცა ეს ნამდვილად იყო სამსახურიდან გათავისუფლებისა და თუნდაც სამოქალაქო სარჩელის საფუძველი. რაც შეეხება 26 მაისს, ვინც აუნდა იყოს _ პრეზიდენტისა თუ საგარეო საქმეთა სამინისრტოს ფოტოგრაფი, შეუძლია, სხვა სამუშაო შეასრულოს. ეს მისი უფლებაა და, აქედან გამომდინარე, ეთიკის ნორმების დარღვევასაც ვერ ვხედავ.
თავს დროზე სანდრა რულოვსს ტელევიზიით აცნობეთ, ქმარი გღალატობსო. ეს არ იყო ეთიკის ნორმების დარღვევა, ბატონო კობა, ან რატომ არ დაგიჭირეს?
_ სანდრას ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ამიტომ ვთქვი, რომ სანდრა სააკაშვილის ხელში მეცოდება. ახლაც ამ აზრზე ვარ. მაშინ იყო კონკრეტული ფაქტი და ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ მათ პირად ცხოვრებაში ჩავრეულიყავი. საქმე ეხებოდა ვალერი გელაშვილს, რომელსაც ერთი ინტერვიუს გამო ანგარიში სასტიკად გაუსწორეს. გელაშვილი გაბრაზებული იყო და სააკაშვილის ცხოვრებას იმიტომ შეეხო. სააკაშვილის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა გელაშვილის პირად შეურაცხყოფას სახელმწიფოებრივი მანქანით უპასუხა. ამით საკაშვილმა ყველას გვითხრა, თუ ამ თემას შეეხებით, იგივე დაგემართებათო, მეც ჯინაზე ვუთხარი. სააკაშვილს არ უნდა ეგონოს, რომ თავისი სადამსჯელო რაზმებით ვიღაცას შეაშინებს. ყოველთვის ცხვირში უნდა მოხვდეს, რომ ჭკუა ისწავლოს და ისეთი რაღაცის გაკეთება ვეღარ გაბედოს, როგორც გელაშვილს მოექცა.
როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ და ე.წ. რელიგიოუს კანონის გაბათილებას ითხოვთ...…
_ დიახ, სარჩელი შევიტანე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს სხვა განმარტება მიეცა, მაინც სერიოზულ კონსტიტუციურ დარღვევებს ვხედავ და ამიტომ ბრძოლის შეჩერებას არ ვაპირებ. ეს კანონი საკონსტიტუციო პრინციპს ეწინააღმდეგება _ საჯარო ინტერესები, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ, კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. ჩვენ სხვა რელიგიების რეგისტრაციისა და თანასწორუფლებიანობის მომხრე ვართ, მაგრამ არა _ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ისეთი იურიდიული პირია, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოს მშენებლობაში და ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.
რას ითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან?
_ კანონის გაბათილებას. ისე, ძალიან არ მომწონს და საზოგადოებასაც მოვუწოდებ, რომ ანტისომხური გამოსვლებისაგან და, მით უმეტეს, სომხური ეკლესიის კრიტიკისაგან თავი შეიკაოს. სომეხთა პატრიარქი აბსოლუტურად კორექტულად მოიქცა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და ეს საკითხი ხელისუფლების კი არა, მართმადიდებლური ეკლესიის წინაშე დასვა. ეს საკითხი, ბუნებრივია, მოლაპარაკებებს მოითხოვდა, მაგრამ სააკაშვილმა რატომღაც ვერ აიტანა, სომეხთა პატრიარქი ჯერ მას კი არა, ჩვენს პატრიარქს რომ შეხვდა. მრევლის გამოსვლამ კი, სააკაშვილს შეახსენა, რომ სულაც არაა მთავარი _ როდესაც პატრიარქის ერთ დაძახილზე ქუჩაში ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა, სააკაშვილი მიხვდა, რომ ის არაა ყველაფერი და უკან დაიხია.
მოგვიწოდებთ, რომ თავი შევიკავოთ ანტისომხური გამოსვლებისგან. ქსენოფობია, ცხადია, მავნებელია, მაგრამ ბატონო კობა, არ გეშინიათ, რომ ის დრო გაგახსენონ, როცა თქვენს სომხობაზე აქტიურად ლაპარაკობდნენ?
_ ნამდვილად არ მეშინია, თუმცა გველის ნაკბენივით მახსოვს ის სტატია... მაშინ საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა დამაბრალეს და ერთი კვირა ვფიქრობდი, ჯერ ამ სტატიის ავტორი მომეკლა და მერე _ თავი თუ რა გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ ვაპატიე და ღმერთმა შეუნდოს. ეს ბრალდება არ მაშინებს, რადგან ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა ეროვნულ უმცირესობებზეა დამოკიდებული. მარტო ცუდი არ უნდა დავინახოთ, ავზე ავი უნდა ვთქვათ და კარგზე _ კარგი. საქართველოს ისტორიაში იყვნენ ეთნიკურად სომხები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სამშობლოს სიყვარული ეთნიკური წარმოშობით არ იზომება. აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიმაჩნია ქსნოფობიის გაღვივება. სააკაშვილი კი, მიზნად სწორედ ამას ისახავს. იაკობ გოგებაშვილს თავის მოთხრობებში ასახული აქვს სომეხი ტერტერა სააკაშვილის ისტორია, რომელმაც თათრების ჯარის მოახლოებისთანავე მარტომ აყარა ხიდი, გორელები გააფრთხილა და მტერს გორი არ ჩააბარა. როგორ იქცევა დღევანდელი სააკაშვილი? _ საპირისპიროდ. პიარკამპანიის საშუალებით იმის წარმოჩინება უნდა, რომ ქართული საზოგადოება ბნელი და ქსენოფობიურია, თვითონ კი, სინათლისა და დემოკრატიის ლამპარია. არადა, სინამდვილეში, როცა სჭირდება, სულაც არ უკადრისობს სიბნელის მოკავშირეობას.
ახლა არ მითხრათ, რომ სააკაშვილი სატანური ლოჟის წევრია...
_ მთავრობის დაფინანსებითა და ინსპირირებით მოხდა იმ ფილმებისა და სარეკლამო მასალების მომზადება, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობა, თურმე, სატანურია. ეკლესიაშიც კი შეაღწიეს მთავრობის აგენტებმა, რომლებიც საზოგადოებაში ამ იდეებს ავრცელებენ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ჩვენს პატრიარქსაც აქვს უცხოეთის ბიომეტრიული პასპორტი... მოკლედ, სააკაშვილი ყველა მეთოდს, მათ შორის, პროვოკაციასაც მიმართავს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოვალეობის მოხდის მიზნით შეიტანეთ თუ შედეგის იმედი მართლა გაქვთ? რა გარანტია არსებობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე თქვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს?
_ შეილახა ჩემი კონსტიტუციური უფლებები და ამას არავის ვაპატიებ. ყველაზე ცუდი კი, ისაა, როცა ადამიანი ფიქრობს, მაინც არაფერი გამოვაო. დიახ, ყველგან _ სასამართლო იქნება თუ აქცია, უნდა დაფიქსირდეს ჩვენი პოზიცია. როდის და რა პირობებში მოხდება სააკაშვილის რეჟიმის რღვევა, ზუსტად არავინ იცის. ამიტომ, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.
ანუ, პოლიტიკურმა ბრძოლამ არ გაამართლა და ახლა უპირატესობას «ნერვების ომს» ანიჭებთ?
_ დიახ, ახლა «ნერვების ომი» იწყება.