“საქართველოში ყველა რეგიონს თავისი არაოფიციალური დამკვირვებელი ჰყავს, რომლებსაც დიდი უფლებები აქვთ”

“საქართველოში ყველა რეგიონს თავისი არაოფიციალური დამკვირვებელი ჰყავს, რომლებსაც დიდი უფლებები აქვთ”

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის ცოტა რთული დასაჯერებელია, ბიძინა ივანიშვილი პირადად ბიზნესის დატერორებაში ამ ფორმით ჩარეულიყო, რადგანაც მას მთელი ხელისუფლება და რესურსი აქვს იმისთვის, რომ ასეთ საქმეებში უშუალოდ მონაწილეობა არ მიიღოს.

ლაგაზიძის თქმით, ქვეყანაში ორი ხელისუფლება არსებობს, ეს არის ფორმალური და არაფორმალური, რაც ამ ჩანაწერებიდანაც გამოჩნდა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ფარცხალაძის მსგავსად არსებობენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ადამიანები, რომლებიც ბიზნესმენებს და ბიზნესს ატერორებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე უფრო მეტი უფლებებით სარგებლობენ.

-  თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია, რომ ბიზნესის დატერორებაში პირდაპირ უშუალო მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი იღებდა და როგორ უნდა დაარწმუნოს საზოგადოებამ მან იმაში, რომ მართალია?

- ეს ჩანაწერები კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, რათა მოხდეს რეალობის სრული სურათის დადგენა.

ერთი რამ რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, მთელი სახელმწიფო მანქანა ბიძინა ივანიშვილის პარტიისგან არის დაკომპლექტებული. ამიტომ, ამ პროცესებში მისი უშალოდ ჩარევის აუცილებლობა თითქოს ნაკლებად დამაჯერებელია. მთელი ამ ჩანაწერებში, რაც მოვისმინეთ, ყველაზე ძნელად სარწმუნო მაინც ივანიშვილის ამ ფორმით მონაწილეობაა.

მეორე საკითხია, ჩარეულია თუ არა „ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ზოგადად, ბიზნესის დაშინებაში, წილებში ჩაჯდომაში და ბიუჯეტის კუთვნილი ფულების მოპარვაში, აქ უკვე კითხვები ფაქტობრივად არ მაქვს. ამ მხრივ, გამოქვეყნებული ჩანაწერები სრულიად რეალისტურია.

ისეთი ტიპის სახელწმიფოებში, როგორიც საქართველოა, მსგავსი გარიგებები თუ ზეწოლა ბიზნესზე, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის და ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. სახელისუფლო პარტიების ყულაბები ყოველთვის ამ ხერხით ივსებოდა.

როგორ წარმოგიდგენიათ, სახელისუფლებო პარტიების დაფინანსება ბიზნესმენებს უნდათ და თავისი სურვილით აკეთებდნენ ამას? ამ შემთხვევაში, როგორც ბიზნესის წამომადგენელი ისე გესაუბრებით. არცერთ ბიზნესმენს სურვილი არცერთ დროს არ ჰქონია, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტივობები დაეფინანსებინა.

- თქვენ უშვებთ იმ მოცემულობას, რომ ქვეყანაში ე.წ. დღის და ღამის მთავრობა არსებობს? გამოდის ამ ჩანაწერებიდან, რომ ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია ქვეყანაში, რომელიც პრემიერსაც კი არ ემორჩილება. რასთან გვაქვს საქმე?

- მე უფრო მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ ფარცხალაძე, არამედ ყველა რეგიონს თავისი ე.წ. არაოფიცილური დამკვირვებელი ჰყავს, როგორიც ეს ადამიანია. რეგიონებში ამ ადამიანებს საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ. ერევიან, როგორც კადრების დანიშვნის საკითხებში, ასევე ოფიციალურ პირებზე ხელის აღმართვასაც კი არ ერიდებიან. ბიზნესის წილებში ჯდებიან და პარტიისთვის ფულის შეგროვება-მიტანით არიან დაკავებულები.

ეს ახალი არ არის, ყველამ ყველაფერი იცის. ფარცხალაძე ზედაპირზე იმიტომ ამოვიდა, რომ ოქუაშვილმა ამოიღო ხმა. მისნაირები რეგიონების მასშტაბით იმდენნი არიან, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ადგილობრივმა ადვოკატებმა ყველაფერი იციან. ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი, რადგანაც მსგავსი მმართველობა გამოდის, რომ წესად არის ქცეული. პარალელურ რეჟიმში ორი ხელისუფლება გვყავს.

ეს მხოლოდ ერთი რიგითი ფარცხალაძე რომ იყოს, კიდევ ეშველებოდა ქვეყანას, მაგრამ ეს ასე არ არის. მისნაირი რეგიონებში ძალიან ბევრი ადამიანია.

რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის თანხების „შეწერა" „ნაციონალების" დროსაც ხდებოდა და ბიზნესის ტერორიც გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის იყო, მაგრამ ერთი ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ „ნაციონალების" დროს ბიზნესის დაშინებით ამოღებული თანხების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტში მიდიოდა, ნაწილი კი - პარტიის ყულაბაში, „ოცნების" დროს კი ბიუჯეტი არავის ანაღვლებს, როგორც გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ჩანს - ბიზნესიდან ამოღებული თანხები კერძო პირების ჯიბეებში ინაცვლებს და ამით ისინი ბიუჯეტს პარავენ ფულს.

- როგორ ფიქრობთ ეს სკანდალი ხელისუფლებას რა ფორმით დააზიანებს, მოახდენს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას?

- ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, თუ ივანიშვილი საკუთარი გუნდის ფუნდამენტურ წმენდას არ დაიწებს, 2019-20 წლისთვის „ქართული ოცნება" უბრალოდ აღარ იარსებებს.

თუმცა, მას შემდეგ რაც განადგურებული ლევან ყიფიანის ენითაუწერელი ტყუილები მოვისმინე, ამის იმედი სულ უფრო ნაკლებად მაქვს. არ ვიცი ახლა რამდენად გაიმარჯვებს ზურაბიშვილი, მაგრამ ის ვიცი, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენებით, ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

თუ ბიძინა ივანიშვილი ამ რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაში ვერ დარწმუნდება, ამით ის „ქართულ ოცნებასაც" და თავის ხელისუფლებაში ყოფნასაც დაამთავრებს 2019-ში თუ არა, 2020-ში მაინც. საკუთარ საზოგადოებასთან, ხალხთან ომი ჯერ არავის მოუგია.