„ომეგა ჯგუფის“ საქმე დიდი ხანია, გასცდა ბიზნესდავას, რომელიც წარმოიქმნა კერძო კომპანიასა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის - ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ კი ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა და მიზანი როგორც ირკვევა, ხელისუფლების დისკრედიტაციაა.
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გამოიკითხა. საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განმარტებით, ლევან ყიფიანს დაუსვეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა - მოწმემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში დამზადდა და გავრცელდა ჩანაწერები.
რაც შეეხება საქმის ფიგურანტ სხვა პირთა დაკითხვას, პროკურორის ინფორმაციით, დაიკითხება ყველა პირი, ვინც შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს საქმესთან დაკავშირებით.
„მათ შორის დაიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც ჩაბარებული აქვს უწყება არაერთხელ. ჩვენ ასევე დანიშნული გვაქვს აუდიოჩანაწერებზე ექსპერტიზა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი აუდიოჩანაწერები ვრცელდება, კონკრეტული ვადა, თუ როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნები, განსაზღვრული არაა“, - განაცხადა გიორგი ოსაძემ.
ასევე ცნობილია, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ოქუაშვილს უჩივლებს - ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ სამოქალაქო სარჩელის გარდა, ისინი გეგმავენ, პროკურატურას ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვონ.
თავდაპირველად სამოქალაქო სარჩელს შეიტანენ პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და შემდგომ უკვე მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოქუაშვილის წინააღმდეგ.
„კონკრეტულად რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე, ამაზე პროკურატურაში განცხადების ჩაბარების შემდგომ ვისაუბრებთ“, - განმარტა ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
თავის მხრივ, ზაზა ოქუაშვილი, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს. ამის შესახებ ოქუაშვილმა „რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მზად არის ფრანგ სამართალდამცველებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, იქაური კანონმდებლობით აგოს პასუხი.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა, ოქუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
„ჩვენი ბატონი მთავარი მძარცველი არის საფრანგეთის მოქალაქე და ვფიქრობ, რომ იქნებ მის მოქალაქეში ისინიც გაერკვიონ, რა ხდება და რა ფულის გათეთრებას, გამოძალვას სჩადის და როგორ აგებს პასუხს. ეს იქნება კრიმინალური საქმე, რომელზეც მოეთხოვება პასუხი ბატონ ლიდერს, სამარცხვინოდ მის და საქართველოს საუბედუროდ“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ცალსახად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიისა და ბიზნესის საქმიანობებში ჩარევას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და გაარკვიოს გამოძიებამ, რა გეგმასთან აქვს საქმე.
„ერთადერთი, რაშიც კიდევ რწმუნდება საზოგადოება, არის ის, რომ რეალურიად საქმე გვაქვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც სხვა კომპანიები პატიოსნად იხდიან და მეორე კომპანია გადასახადის გადახდას თავს არიდებს. რაც შეეხება ყიფიანის გამოკითხვას, ვფიქრობ, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და ბოლომდე მოხდეს გამოძიება, ასეთ ორკვირიან ბრალდებაზე და ჩანაწერების სერიებად გამოქვეყნებაზე“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ყველა ჩანაწერი ყალბი აღმოჩნდეს.
„ისეთ ბრალდებებს უყენებენ „ქართულ ოცნებას“, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობა იყო. ცდილობენ, არჩევნების პროცესში დესტრუქციის შეტანას, თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენადაც ვიცით, გამოძიება დაწყებულია ჩანაწერების საქმეებზე, რომელიც ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიეწოდება საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პროკურატურამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერების ერთი სერია აღმოჩნდა ყალბი. ვფიქრობთ, სხვა ჩანაწერებსაც სწორედ იგივე შინაარსი გააჩნია ამ კუთხით და არ არის გამორიცხული, ყველა იყოს გაყალბებული. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურაში მიმდინარე პროცესს, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი, რომელიც დაგროვდა ამ კუთხით.
საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. კომპანია, რომელსაც 50 მილიონი გააჩნია სახელმწიფოს დავალიანება და მეტი აქვს ბანკის დავალიანება, ისეთი შთაბეჭდილება, რჩება, რომ ამ კომპანიას არ სურს არც ერთი ვალის გადახდა. უნდა მშრალად გამოვიდეს ამ ამბიდან და სავარაუდოდ, საარჩევო კამპანიასთან ერთად, ამ ყველაფერს ეძღვნება მთელი ეს პროცესი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.