შეჭამეს თუ არა ბურჯანაძეებმა სახელმწიფოს ფული?

შეჭამეს თუ არა ბურჯანაძეებმა სახელმწიფოს ფული?

(იბეჭდება შემოკლებით)

ნინო ბურჯანაძე - „პურის პრინცესა“, „ფქვილის მაგნატის“ შვილი, ასე მოიხსენიებდნენ მას ხშირად. უმრავლესობა ამას მოხერხებულად იყენებს, ქალბატონ ნინოს ხშირად ახსენებენ მამამისის თურქულ კრედიტს - დაახლოებით 12 მილიონ დოლარს და იწყება ბრალდებების კასკადი - „ბურჯანაძეებმა სახელმწიფოს ფული შეჭამეს...“

მართალია, თურქული კრედიტით ბევრმა სხვამაც იხეირა და დღემდე არ გადაუხდია, მაგრამ რეპრესიები, რატომღაც, მხოლოდ ნინო ბურჯანაძის მამას ეხება.

1993 წლის 29 ოქტომბერს მინისტრთა კაბინეტმა თურქეთიდან მიღებული 50 მილიონი დოლარის კრედიტი 8 ორგანიზაციაზე გაანაწილა. მათ შორის ერთ-ერთი პურპროდუქტების კორპორაციაა. კრედიტის ანაზღაურების გარანტად საქართველოს მთავრობა დადგა. თურქეთის მხარის წინაშე საგარანტიო ხელწერილს იმდროინდელმა ვიცე - პრემიერმა რომან გოცირიძემ და ფინანსთა მინისტრმა კახა პოპიაშვილმა მოაწერეს ხელი. მოგვიანებით, ექსპერტები და არაერთი საგამოძიებო კომისია აფიქსირებს, რომ საქართველომ თურქული კრედიტი ძალიან მძიმე პირობებით აიღო. ყველაზე ცუდი - ამ კრედიტით ქართული მხარე ფულს კი არ იღებდა, არამედ თურქული წარმოების საქონელს და ძირითადად, უხარისხოს.

პურპროდუქტების კორპორაციამ 11 784 625 დოლარის კრედიტში 76 400 ტონა ხორბალი და 15 600 ტონა ფქვილი შემოიტანა. ეს ის პერიოდია, როცა ხალხი ამჟავებულ თურქულ საფუარზე გამომცხვარი პურის მისაღებად რიგებში ღამეებს ათენებს. პური 700 კუპონი ღირს. თითქმის ყველაფერზე ფასების ლიბერალიზაცია დაიწყო, სახელმწიფო ფასებს აღარ აკონტროლებს, მაგრამ პურის ფასის ნებაზე მიშვება და გაძვირება ბუნტის ტოლფასია. 1 კგ პურის მხოლოდ ცხობა 51 000  კუპონი ჯდება, დავამატოთ ფქვილისა და ტრანსპორტირების ხარჯები და ასეთივე ფასი რომ დაედოს პურს, ხალხი ქუჩაში გამოვა და მთავრობას მაშინვე დაამხობს. ხელისუფლებამ ეს იცის, ამიტომ პურპროდუქტების კორპორაციას ბიუჯეტიდან ეხმარებიან, დოტაციას აძლევენ, რომ პურის ფასი სტაბილურად 700 კუპონი იყოს. ის თანხაც, რომელიც პურის რეალიზაციიდან შემოდის, ბიუჯეტში შეაქვს. სხვათა შორის, კორპორაციას სახელმწიფო მხოლოდ ცხობის ხარჯს უნაზღაურებდა. კრედიტის აღებიდან 9 წელი გავიდა. ვალი დროულად არ გაისტუმრეს და პროცენტებიანად 24 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ არასწორია ამ ვალის პურპროდუქტების კორპორაციაზე დაკისრება: კორპორაცია დოტაციაზე მუშაობდა და კრედიტს ვერანაირად ვერ გაისტუმრებდაო. თუმცა, მისი აზრით, სხვა ორგანიზაციებს იძულებით აუცილებლად უნდა გადაახდევინონ ვალი.

პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ეს საკითხი არაერთხელ შეისწავლა. იმ დროს, როცა კომისიას გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა (1997 წელი), ცალსახად დაფიქსირდა: „პურპროდუქტების კორპორაციამ აითვისა 11 784 625 დოლარი. კრედიტის თანხით შემოტანილია 76 400 ტონა ხორბალი და 15 600 ტონა ფქვილი. პური რეალიზებულია მყარ ფასებში. დღემდე კორპორაციის მიერ დაფარულია 233 348 დოლარი, ხოლო დასაფარია 14 625 034 დოლარი. სადავო არაა, რომ ეს თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტმა უნდა დაფაროს.“

ანზორ ბურჯანაძე:

- თურქული კრედიტი 1992 წელს ისე გამოიყო, რომ კორპორაციას არც კი უთხოვია. სახელმწიფოს არავითარი სხვა საშუალება არ გააჩნდა, მისთვის ეს ნომერ პირველი საკითხი იყო. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ხორბლის კარგი მოსავალი რომ მოვიდეს საქართველოში, მაქსიმუმ თვენახევრის რესურსია. ან კრედიტი უნდა აეღოთ, ან ჰუმანიტარული დახმარებით შემოეტანათ ფქვილი. სოფლის მეურნეობა იმ პერიოდში განადგურებული იყო. მინიმუმ 300 გრამი პური რომ შეხვედროდა ქალაქის მაცხოვრებელს და 400 გრამი - სოფლისას, არანაკლებ 800 – 900 ათასი ტონა ხორბალი იყო საჭირო. ჩვენთან კი ხორბლის რეკორდული მოსავალი 300 ათასი ტონაა. თურქეთმა ფული კი არ მოგვცა, არამედ პირდაპირ ხორბალი და ფქვილი. ფული რომ მოეცა, ჯობდა, იმას კიდევ დავატრიალებდით და 1.5-ჯერ მეტს ხორბალს შევიძენდით.

კორპორაციას 15 მილიონი დოლარის ფარგლებში გარანტად დაუდგა ფინანსთა სამინისტროეს ციფრი საიდან მოვიდათავად თურქულმა მხარემ ითხოვა ამ თანხის გარანტია თუ ამ თანხის ქონება რეალურად ჰქონდა კორპორაციას?

- კრედიტი მინისტრთა საბჭომ გაანაწილა. კორპორაციას ეს კრედიტი საერთოდ არ უთხოვია. ეს მთავრობამ გადაწყვიტა, ხორბალი შემოიტანეს და მოგვცეს. საგარანტიო წერილიც თავად გასცეს. მერე დაიწყო ხელშეკრულების გაფორმება. პურპროდუქტები სახელმწიფო დოტაციაზე იყო, რა გარანტიას მივცემდით? ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ გასცა საგარანტიო წერილი. თანხის დაფარვაზე პასუხისმგებლობაც თავად იკისრა.

ანუ ამ კრედიტის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყოფინანსთა სამინისტროს უნდა გაესტუმრებინა?

- რა თქმა უნდა. ვალად უკანონოდ აწერია კორპორაციას, რომელმაც თავისი მისია შეასრულა - მიიღო ხორბალი, გადაამუშავა და გასცა მოსახლეობაზე. პრეზიდენტმა დაავალა მაკონტროლებელ ორგანოებს, შეემოწმებინათ, რამდენად სწორად იქნა გაცემული ეს კრედიტი და რამდენად სწორად მოხმარდა მოსახლეობას. აგერ მაქვს დასკვნა, ხელს აწერს გენერალური პროკურორი, ფინანსთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ყველგან კანონის ფარგლებშია.

სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს ახლა, რომ დამაბრალონ - ბურჯანაძემ გაიტანა ეს კრედიტიო. დაგაბრალებენ და იძახე მერე, რომ მართალი ხარ. როდესაც თურქული კრედიტი შემოვიდა, კორპორაციაში საერთოდ არ ვმუშაობდი. მაგრამ ამას არ ახსენებენ, არ არის საინტერესო. მე ვიქნებოდი თუ სხვა, ამ ხორბალს მაინც მივიღებდით.

სალიკვიდაციო სამუშაოები ამდენ ხანს რატომ გაიწელა?

- პრეზიდენტის ბრძანებულებაში წერია, ერთხელ კიდევ შეამოწმეთ კორპორაციის ფინანსური მდგომარეობა და დააჩქარეთ ფულის ამოღებაო. არადა, ყველაფერი ოცდაათჯერაა შემოწმებული.

მიუხედავად ამისასარჩელი შეიტანეს.

- ძალიან უხერხულობაში ჩავარდნენ. კითხვას ვაბრუნებ, ვინც თურქული კრედიტი აიღო, მათგან რომელ ორგანიზაციაზეა კიდევ შეტანილი სარჩელი?

ამ საკითხით „ალიაც“ დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 8 ორგანიზაციიდან მხოლოდ 5-ს უჩივლეს. სხვათა შორის, „კოკა - კოლა ბოთლერს ჯორჯიას,“ რომლის პროდუქცია, ალბათ, ბევრისთვის საყვარელია, მაგრამ არა პურივით აუცილებელი და რომელსაც საკმაოდ სოლიდური მოგება მოაქვს ფირმის მეპატრონეებისთვის, პურპროდუქტების კორპორაციაზე გვიან უჩივლეს - მას შემდეგ, რაც „ალია“ თურქული კრედიტის ამბებით დაინტერესდა. არ უჩივლეს კავშირგაბმულობის სამინისტროს, რომელმაც თურქული კრედიტით სხვადასხვა მოწყობილობები დაამონტაჟა, აბონენტებისგანაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს, მაგრამ კრედიტს არ ისტუმრებს, არ უჩივლეს ვაჭრობის სამინისტროს. თუ სამინისტროები სახელმწიფოსია და იმიტომ არ უჩივიან, ამ ლოგიკით პურპროდუქტების კორპორაციაც სახელმწიფოსი იყო.