რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთიდან გატაცებულ სამი შვილის დედას, 37 წლის მაია ოთინაშვილს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კაგებემ" ახალი ბრალდება წაუყენა - იგი "წლების განმავლობაში, გარკვეული ანაზღაურების ფასად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა.
ხურვალეთში ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. მათ თავისი ვარაუდი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოაცხადეს ოკუპანტებმა ოთინაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" მსურველთა ხელშემწყობად. საქმე ისაა, რომ მისი ნაკვეთი უშუალოდ ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს და იგი მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილ პენსიონერებს, ქართველებსაც და ოსებსაც, პერიოდულად ეხმარებოდა პენსიის ასაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასა და შემდეგ უკან დაბრუნებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის გამგებელი როინ ადიკაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თავისი ქმედების გასამართლებლად იყენებს. იგი ამბობს, რომ ეს ოჯახი ახალგორიდან დევნილია, თუმცა მათ იქ არ ჰყავთ ნათესავები, რომლებთანაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ და მათ ე.წ. საზღვარზე ადგილობრივები გადმოეყვანათ.
"ოსების მიერ გავრცელებული ბრალდება აბსურდია. მსგავს რამეს ჩემი სოფლის არც ერთი მცხოვრები არ აკეთებს. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი და ბოდვა. ჯერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ახლა კი შეცვალეს ბრალდება.
"ოჯახიც და მთელი სოფელიც ძალიან ვნერვიულობთ, ველოდებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი - ქართული მხარეც აქტიურად არის მოლაპარაკებაში ჩართული", - აცხადებს გაზეთ "რეზონანსთან" სოფლის რწმუნებული.
"რეზონანსი" მაია ოთინაშვილის ოჯახს დაუკავშირდა. როგორც მისი მული ირინა მაყიშვილი ამბობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რადგან ადგილობივი მცხოვრებლები ფარულად მავთულხლართების აქეთ გადმოპარვას თავადაც ახერხებენ.
მისი თქმით, რომელ გადაყვანაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ე.წ. საზღვირს მიმდებარე მავთულხლართებს კბილებამდე შეიარაღებული რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. თავად ეთნიკური ოსები რუსებისგან და ე.წ. მესაზღვრეებისგან ფარულად იპარებიან. ადგილობრივების გადმოსვლას კი საქართველოს პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევს და მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოპარვა შეუძლიათ.
"მაიას აბსურდს აბრალებენ, რაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დააბრალონ. როგორც ჩანს, რუსმა ოკუპანტებმა დაინახეს ფაქტი, როდესაც მაია პენსიის დღეს მოხუცებს მავთულხლართებზე გადმოსვლაში დაეხმარა. იქით დარჩენილების დიდი ნაწილი საქართველოს პენსიას იღებს და ე.წ. მესაზღვრეებისგან ჩუმად იპარებიან.
"ეტყობა, მაიამ დაინახა მოხუცები ყავარჯნით და ადამიანია, მათ მავთულხლართებზე გადმოსვლაში მიეხმარა - ან მავთულები გაუწია, ან ხელი შეაშველა. ასეთ რამეს სოფლის ნებისმიერი მცხოვრები აკეთებს. ადამიანები ვართ და აბა, ვუყუროთ, როგორი ტანჯვით გადმოდის ჩვენი თანამემამულე?
"ტყუილია, თითქოს მაია ამაში ფულს იღებდა. მან რანაირად უნდა შეძლოს კბილებამდე შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეების გვერდის ავლა და ხალხის გადაყვანა-გადმოყვანა? ეს ხომ აბსურდია. თავად ოსები იპარებიან რუსებისგან მალულად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არც ჩვენი პოლიცია და არც ჩვენ, ადგილობრივები, ხელს არ ვუშლით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ გადმოდიან.
"ახლა თუ ვინმე ადგილობრივი დაინახავს თუნდაც გაჭირვებულ ოსს, რომელიც აქეთ გადმოსვლას ცდილობს, არ მიეხმარება? თავად ე.წ. მესაზღვრეები უშლიან ოსებს აქეთ გადმოსვლას, ზოგს იჭერენ კიდევაც და უკან აბრუნებენ.
"ეს იყო ოსების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია. ეტყობა, მაია სწორედ ასეთი მიხმარების დროს შენიშნეს. იმ ადგილას "სარაიაა" და იქ ელოდებოდნენ. ორმა კბილებამდე შეიარაღებულმა ჯარისკაცმა დაიჭირა", - ამბობს "რეზონანსთან" გატაცებული მაია ოთინაშვილის ნათესავი.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მოხუცმა, ვინც გატაცების ფაქტს შეესწრო, მოყვა, რომ მაია გატაცების დროს ყვიროდა და შველას ითხოვდა, რის გამოც რუსმა ოკუპანტებმა ქალს სახეში შემოარტყეს.
ირინა მაყიშვილი ამბობს, რომ რუსები მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს და ჩვენს პოლიციას უთვალთვალებენ. ქართველი სამართალდამცველები, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე პატრულირებენ, როგორც კი თვალს მიეფარებიან, მაშინვე ჩვენს ტერიტორიაზე მოსახლეობის გატაცებას იწყებენ. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი გატაცების დროს ჩვენს პოლიციასა და რუს ოკუპანტებს შორის დაპირისპირებაც კი მოხდეს. არც პროვოკაციაა გამორიცხული, რის გამოც ქართველი სამართალდამცველები ხშირ შემთხვევაში უძლურები არიან.
"რეზონანსს" საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ 2018 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.