კომპრომატების დაუნდობელ ომს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩაღდა, კიდევ ერთი სიახლე დაემატა - ეს გახლავთ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კარგა ხანია, ქართულ პოლიტიკურ საბრძოლო თემებს შორის დომინირებს და ნელ-ნელა სკანდალის სახეს იღებს. მერაბიშვილი უკვე რამდენჯერმე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა კვლავ გაურკვეველია, რატომ გახდა საპატიმროში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხმაურის ატეხვის საგანი და ამ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ავადმყოფი მერაბიშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს.
როგორც გაირკვა, არც პრეზიდენტის მიერ იგეგმება მერაბიშვილის შეწყალება და არც შეწყალების კომისიისთვის მიუმართავთ ანალოგიური მოთხოვნით. ამის შემდეგ მერაბიშვილის ჯანმრთელობის კამპანიამ უფრო აქტიური სახე მიიღო და საზოგადოების განსჯის საგნად იქცა უკვე მისი დაავადების დეტალები.
არც მერაბიშვილის და არც ნებისმიერი სხვა პატიმრის მკურნალობის საკითხი, ბუნებრივია, საკამათო თემა არ გახლავთ და სახელმწიფო ვალდებულია ეს სერვისი მიაწოდოს, მაგრამ ჩნდება ეჭვი, ამ თემის გამწვავებით ხომ არ ცდილობს მერაბიშვილის გარემოცვა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება როგორმე შეწყალებაზე დაიყოლიოს.
მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მოითხოვენ, რომ ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა მათთან შეთანხმებით განხორციელდეს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში ოჯახს უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობაც მიეცეს.
როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ორი თვის განმავლობაში მისი დაავადება პროგრესირებს და ეს თვალითაც შესამჩნევია. ვანო მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული.
„პრაქტიკულად, სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
როგორც ადვოკატები განმარტავენ, მერაბიშვილს სათანადო ყურადღება არ ეთმობა და მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, ამ განცხადებიდან ზუსტად 8 საათში იგი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დღემდე ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი დადგენილი არ არის. მხოლოდ ერთი რამ იციან, რომ იგი 5-ჯერ იქნა კლინიკაში გადაყვანილი. ასევე ცნობილია, რომ რომ მას აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული პასუხი ვერ მიიღეს და ბევრი კითხვა აქვთ ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ცნობას, რომ მერაბიშვილი თავს უკეთ გრძნობდა, როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, სრული აბსურდია, თითქოს ვანო მერაბიშვილმა თავად განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს.
„მე თავად შევხვდი ვანო მერაბიშვილს და ამაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და უკეთ არის. თქვენ როგორ გგონიათ, როცა ადამიანი კარგადაა, კლინიკაში გადაჰყავთ?!“, - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.
როგორც ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, უკვე ორ თვეზე მეტია ეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, რომ ამ სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოკსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად აცხადებენ, რომ არ აქვთ დადგენილი რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი.
„აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართეთ ასევე სახალხო დამცველის აპარატსაც და ვთხოვეთ, რომ იყოს მკაცრი მონიტორინგი მერაბიშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
იმ გამოკვლევების შესახებ სამედიცინო დასკვნა, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა, ადვოკატების ინფორმაციით, დღემდე არ მიუღიათ და ესეც ბევრ კითხვას აჩენს.
როგორც მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვანო მერაბიშვილს დიაგნოზი დასმული არ აქვს და მკურნალობა, რომელიც მას უტარდება, უშედეგოა.
საპატიმროში მყოფი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობა პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში შედის, რადგან ნებისმიერ გართულებაზე სწორედ მას მოეთხოვება პასუხი. ამდენად, გაურკვეველია, რატომ შეიძლება, რომელიმე კლინიკა მერაბიშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგებს ასაიდუმლოებდეს და მის ოჯახს უცხოურ კლინიკებთან კონსულტაციის გავლის შესაძლებლობას არ აძლევდეს.